ფეისბუკ-გვერდზე – Gagauznews – Новости для Гагаузии, ასევე რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2 ) გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც აღწერების მიხედვით უკრაინული ტაძარია ასახული. კადრებში ჩანს, რომ უკრაინული სიმღერების ფონზე ხალხი ცეკვავს. პოსტების თანახმად, ვიდეოები უკრაინაში, ვინიცაში, ღვთისმშობლის ხატის ტაძრის შენობაშია გადაღებული, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ УПЦ -ს თებერვალში წაართვეს. “ათეისტები წვეულებებს მართავენ” – ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.
გავრცელებულ ვიდეოებში უკრაინული ტაძარი არ არის ასახული. კადრები ვარშავაში მდებარე კლუბ Room 13-ში გამართულ წვეულებებზეა გადაღებული და თავდაპირველად ინტერნეტში 2019 წელს აიტვირთა. სამივე ვიდეოში უკრაინული სიმღერა პროგრამულადაა გადადებული.
სამივე ვიდეო ვარშავაში, კლუბ Room 13-შია გადაღებული და სავარაუდოდ, სამ სხვადასხვა წვეულებას ასახავს.
პირველი ვიდეო, თავდაპირველად, გუგლის რუკაზე 2019 წლის სექტემბერში ინტერნეტ მომხმარებელმა Sébastien MICHELIS – მა ატვირთა. აღნიშნული ვიდეო ფეისბუკზე გავრცელებული კადრების იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოს ავთენტიკურ ვერსიაში ხალხი არა ევროვიზია 2022 -ის გამარჯვებული უკრაინული სიმღერის Kalush Orchestra – Stefania, არამედ 50 Cent – In Da Club -ის ფონზე ცეკვავს.
მეორე ვიდეო ასევე კლუბ Room 13-შია გადაღებული და გუგლის რუკაზე ინტერნეტ მომხმარებელმა Ashok Kayitha -მა 2019 წლის მარტში ატვირთა. ამ ვიდეოშიც უკრაინული Червона калина -ს ნაცვლად Stromae-ს Alors on danse – ზე ცეკვავენ.
მესამე ვიდეო კი გუგლის რუკაზე 2019 წლის ივნისში Justyna Momot -მა ატვირთა. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, მუსიკა აქაც შეცვლილია და ავთენტიკურ ვერსიაში უკრაინული Chico & Qatoshi – ის Допоможе ЗСУ -ს ნაცვლად ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავენ.
კლუბი – Room 13 ვარშავაში Mazowiecka-ს ქუჩაზე მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნით თარიღდება და თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, შემდეგ კი კლუბად ადაპტირდა.
მტკიცებას, რომ უკრაინულ ტაძარში წვეულებებს მართავენ, ვინიცის ეპარქიაც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებს მსგავსი შიდა არქიტექტურა არ აქვთ და ეს სივრცე უკრაინული ტაძარი ვერ იქნება.
უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი გვერდები სისტემატურად ავრცელებენ სხვადასხვა ვიზუალურ მანიპულაციას, რომელიც “მითების დეტექტორს” არაერთხელ გამოუვლენია. ნარატივი, რომ უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის, განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის გავლენების შემცირებაზე დაიწყო მუშაობა.
მაგალითად, მარტში გავრცელებულ ვიდეოში იტალიელ მოცეკვავე მღვდელს უკრაინელად წარმოაჩენდნენ. ასევე საფრანგეთში, კათოლიკურ ეკლესიაში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც მღვდელი ცეკვავს, უკრაინელად ასაღებდნენ.
ვრცელდებოდა ვიდეო მანიპულაციები უკრაინულ მართლმადიდებლურ ტაძრებში თეატრალური წარმოდგენების გამართვის შესახებ, რომელიც რეალურად უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძრებშია გადაღებული.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს Tania Bene დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.