2024 წლის 16 თებერვალს რუსულმა და ბელარუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2,3,4,5,6,7,8,9,10) მათ შორის РИА Новости, Правда, Московский Комсомолец, Известия, Комсамольская Правда, Белта, Белновости, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 119-ე ბრიგადის წევრებმა იარაღის დაყრის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიებს ინფორმაციის წყაროდ მოჰყვათ ტიკ-ტოკ ვიდეო, რომელიც, სტატიების მიხედვით, სამხედროების განცხადებას ასახავს. თუმცა, უშუალოდ ვიდეო ბმული სტატიებში მოყვანილი არ არის.
ვიდეო, რომელსაც პროპაგანდისტული მედიები ეყრდნობიან ტიკ-ტოკზე სულ მცირე 14 თებერვლიდან ვრცელდება. მომდევნო დღეებში ის რუსულ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (1,2,3,4). ვიდეოს თანახმად, სამხედროებმა იარაღის დაყრის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა თავს მოღალატეებად არ თვლიან, რადგან მთელი ბრიგადა თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა, მაგრამ მათ უღალატეს.
27 თებერვალს ტიკ-ტოკ ვიდეო, რომელიც იმავე ინფორმაციას იმეორებდა, ქართულენოვანმა მომხმარებელმა ფეისბუქზე გაავრცელა. თუმცა სამხედროების ვიდეო არც ამ პოსტშია ნაჩვენები.
ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის წევრებმა, ბრძოლაზე უარი განაცხადეს, დეზინფორმაციაა. გავრცელებულ ვიდეოს თავად ბრიგადა და ტერიტორიული თავდაცვის რეგიონული სამმართველო გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
16 თებერვალს ტერიტორიული თავდაცვის რეგიონული სამმართველო და ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადა გავრცელებულ ვიდეოს ფეისბუქზე გამოეხმაურნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეოზე აღბეჭდილ პირებს ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან კავშირი არ აქვთ და ისინი 119 ბრიგადის წევრები არასოდეს ყოფილან. განცხადება ასევე მოუწოდებს მოსახლეობას ყურადღება გამოიჩინონ და დაიცვან ინფორმაციული ჰიგიენა.
ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადა: “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ვიდეოში გამოსახული პირები არასოდეს ყოფილან და არ არიან ჩვენი ბრიგადის წევრები! მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვენს არმიასთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან.”
დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში პირი რომელიც განცხადებას აკეთებს, მას კითხულობს, თუმცა მიუხედავად ამისა განცხადება ხარვეზიანია და მასში გარკვეული შეცდომებია დაშვებული, მაგალითად, როდესაც პირი ზელენსკისა და ზალუჟნის ვიდეოში ახსენებს ისმის: “Чого бажають Зеленский и Залуженин своїми діями..” (რა სურთ ზელენსკის და ზალუჟნის თავისი მოქმედებებით…) უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის ზალუჟნის გვარი შეცდომით არის ნათქვამი, სწორი ფორმით და სწორ ბრუნვაში ჩასმული უნდა იყოს “Залужний” და არა “Залуженин”.
მსგავსი სტილის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ესა თუ ის სამხედრო დანაყოფი ბრძოლაზე უარს ამბობს, რუსულენოვან წყაროებში წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მე-4 სატანკო ბრიგადის მსროლელებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს
- დეზინფორმაცია, თითქოს ავდიივკაში უკრაინის 110-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონი მეთაურებმა მიატოვეს
- აქვს თუ არა 115-ე ბრიგადას საკმარისი შეიარაღება და ვინ თქვა ბრძოლაზე უარი?
არქივის ბმულები: РИА Новости, Правда, Московский Комсомолец, Известия, Комсамольская Правда, Белта, Белновости, Лента, RenTV, Радио 1, Российская газета, Газета.ру, Аргументы недели
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.