3 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუკ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ერთანიარსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნეს.
უკრაინის სასამართლომ “პირველად ისტორიაში” ორ მამაკაცს შორის ქორწინება კანონიერად სცნო! – წერია პოსტში.
ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო, არასრული კონტექსტით ვრცელდება. სასამართლომ ორ კაცს შორის ქორწინება დეფაქტო კანონიერად სცნო, რათა მათ ოჯახური კავშირის აღდგენა საზღვარგარეთ შეძლებოდათ.
2025 წლის 10 ივნისს, კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ორი მამაკაცის – უკრაინის მოქალაქეების – ერთ ოჯახად (დე ფაქტო ქორწინება) თანაცხოვრების ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაცია იურიდიული პროფილის უკრაინულმა მედიამ sud.ua 3 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, გაავრცელა. Eduard Jishkariani-ის პოსტს ერთვის სქრინშოთი ამავე გამოცემიდან, თუმცა არ ჩანს სრული კონტექსტი.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ ოჯახიდან ერთ-ერთი, 2024 წლიდან, საზღვარგარეთ გრძელვადიანი დიპლომატიური მისიით იმყოფება და ცდილობდა მიეღო ნებართვა პარტნიორთან შესახვედრად. იქამდე, 2024 წელს, დიპლომატს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა მისი პარტნიორის, როგორც დიპლომატის ოჯახის წევრის, საზღვარგარეთ გრძელვადიან მივლინებაში გაგზავნაზე. უწყების უარი ეყრდნობოდა უკრაინის შიდა კანონმდებლობას, რომელიც ქორწინების კონცეფციას მხოლოდ როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახურ კავშირს აღიარებს. ამის შემდეგ, წყვილმა სასამართლოს მიმართა. მამაკაცებმა სასამართლოს აცნობეს, რომ ისინი 2013 წლიდან ერთად ცხოვრობენ სამოქალაქო პარტნიორების სტატუსით. 2017 წელს მათ სამოქალაქო ქორწინების ცერემონია გამართეს, ხოლო 2021 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქორწინდნენ. წყვილმა ამის დამადატურებელი ქორწინების მოწმობაც წარადგინა.
იმის დასადასტურებლად, რომ მამაკაცები სრულფასოვან ოჯახს წარმოადგენენ, სასამართლომ მოწმეები გამოკითხა. ასევე გამოიკვლია მამაკაცების ოჯახური ფოტოები, მათი ქორწილის ცერემონიის სურათები, ავიაბილეთები და ა.შ.
კიევის დესნიანსკის რაიონული სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოჯახის კოდექსი ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახურ კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო სტატუსის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში, არსებობს გარკვეული ნიუანსები.
უკრაინის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია თავისი ღირსებითა და უფლებებით“. გარდა ამისა, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების No 5-rp/99 საქმეში აღნიშნულია, რომ ოჯახის წევრებად ითვლებაინ პირები, რომლებიც მუდმივად ერთად ცხოვრობენ და ერთობლივ ოჯახს უძღვებიან. შესაბამისად, ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითავლოს პირი, რომელიც არ იმყოფება პირდაპირ ნათესაურ კავშირში, თუმცა დაადასტურებს, რომ ის და მეორე პირი ერთობლივად უძღვებიან მეურნეობას, ინაწილებენ ხარჯებს, შეიძინეს ქონება ერთობლივი გამოყენებისთვის და ა.შ.
sud.ua ასევე წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ერთნაირსქესიანთა პირებს შორის ფაქტობრივი ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა არღვევს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უგულებელყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი პროცესი.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















