21-22 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მსოფლიო ამბები” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, პოსტის ავტორის თანახმად, ვხედავთ თუ როგორ ემუქრება იარაღით უკრაინის სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი ბავშვთან ერთად მყოფ მოქალაქეს, რადგან მან ფრონტზე წასვლაზე განაცხადა უარი. ატვირთული ვიდეოს დასაწყისში ჩანს ქუჩაში/ეზოში მყოფი ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთს ბავშვი ახლავს თან, მეორეს კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს, რომელსაც იგი მალევე წევს ზემოთ და მეორე კაცს უმიზნებს. ამ დროს მას უკნიდან ეპარება მესამე კაცი იარაღის წართმევის და განეიტრალების მიზნით, რა დროსაც იწყება არეულობა და შესამჩნევია იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლაც. საბოლოოდ ორმა კაცმა შეძლო შეიარაღებული პირისათვის იარაღის წართმევა, რის შემდეგაც იგი გაიქცა.
მტკიცება, თითქოს ვიდეოში ვხედავთ უკრაინის სამხედრო კომისარიატის თანამშრომელს, რომელიც იარაღს უმიზნებს მოქალაქეს იმის გამო, რომ მან ომში წასვლაზე უარი განაცხადა, არ დასტურდება. ამ მომენტისთვის უცნობია კონფლიქტის დაწყების ზუსტი მიზეზი, თუმცა შეიარაღებული პირი ჯარისკაცია, რომელიც ვიდეოს გადაღების დროს ნასვამი იმყოფებოდა და ის პოლიციამ მალევე დააკავა.
უკრაინულ მედიაში 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 აპრილს, აღდგომის დღეს, კამიანსკში, ეზოში შელაპარაკების დროს ნასვამმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მედიის ინფორმაციით პიროვნება დაკავებულია და მისი იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ ის არის ჯარისკაცი. აქვე ატვირთულია ამ მოვლენის ამსახველი კადრებიც, რომელიც ზუსტად იგივეა, რაც ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის პოლიციის განცხადებით, მათ 20 აპრილს მიიღეს შეტყობინება, რომ უცნობი პირი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, რაზეც სწრაფად მოახდინეს რეაგირება და მალევე დააკავეს 44 წლის კაცი. აქვე აღნიშნულია, რომ დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ეჭვმიტანილს ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ფეისბუქზე გავრცელებული მტკიცების საპირისპიროდ, არც პოლიციის განცხადებაში და არც უკრაინულ მედიაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი სამხედრო კომისარიატს წარმოადგენდა და ვიდეოს გადაღების დროს ის ვინმეს საომრად წაყვანას ცდილობდა. ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 44 წლის შეირაღებული პირი ნასვამი იყო და ახლა დაკავებულია.
2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, “მითების დეტექტორმა” უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და ვიდეომანიპულაცია გადაამოწმა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.