4 თებერვალს გადაცემაში “სოლიდარობის დრო” პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი არღვლიანმა უკრაინის მიწებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას აქვს პრეტენზია. ასევე, ის უცხოელები, ვინც უკრაინაში შავ მიწა-ნიადაგს ფლობენ, უარს ამბობენ კუთვნილი ტერიტორია ომში დაღუპული სამხედროების დასამარხად იქნას გამოყენებული.
გიორგი არღვლიანი: (39:12) “ის მიწის მეპატრონეები, რომლებიც შავ მიწა-ნიადაგის მეპატრონეები არიან, უცხოელები, პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, მათივე მიწის დასაცავად დაღუპული სამხედროები რომ არ დაემარხათ მათ მიწებში. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? და აქ ზელენსკი, განა თუ მეცოდება, არარაობად მიმაჩნია.”
(41:48) “თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას უკრაინის ტერიტორიაზე პრეტენზია აქვს.”
სიმართლეს არ შეესაბამება უკრაინის მიწებისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ გიორგი არღვლიანის მიერ გაკეთებული განცხადებები: 1) უკრაინაში უცხოელებზე გაყიდული მიწებისა და იქ სამხედროების დასაფლავების აკრძალვის შესახებ ყალბი ცნობები წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. სინამდვილეში, უცხოურ კომპანიებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის კანონიერი უფლება არ აქვთ, შესაბამისად ვერც მსგავს მოთხოვნას წამოაყენებდნენ; 2) უკრაინის ტერიტორიების შესახებ მეზობელ ქვეყნებს, გარდა რუსეთისა, პრეტენზია არ აქვთ. ისინი უერთდებიან საერთაშორისო რეზოლუციებს, რომელებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. მსგავსი შინაარსის პროპაგანდას რუსული წყაროები დიდი ხანია ავრცელებენ, თუმცა მეზობელი ქვეყნების ლიდერებს უკრაინული მიწების შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
-
უცხოელებს კანონით ეკრძალებათ უკრაინაში მიწის შეძენა
უკრაინის კანონი მიწის შესახებ უცხოურ კომპანიებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავს. ამავე კანონის 130-ე მუხლი მიწის ფლობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს განმარტავს. უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა შეუძლიათ: უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის კანონმდებლობის ქვეშ დაარსებულ და რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლის მფლობელებიც უკრაინის მოქალაქეები არიან; ტერიტორიულ თემებს, სახელწიფოს. უკრაინული კანონმდებლობით, უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს საწესდებო კაპიტალში წილებისა და აქციების შეძენა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირების წევრობა ეკრძალებათ.
კანონმდებლობის თანახმად, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებს უკრაინაში მიწის ფლობა ეკრძალებათ. შესაბამისად, მცდარია ინფორმაცია, რომ ისინი უარს აცხადებენ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროები მათ კუთვნილ მიწაზე დასაფლავდნენ.
წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა ცნობა, თითქოს უცხოური კომპანიები უკრაინელი სამხედროების მათ კუთვნილ მიწაზე დასაფლავების წინააღმდეგი იყვნენ. გასულ წელს “მითების დეტექტრომა” შეისწავლა კრემლის პროპაგანდისტის, ნიკიტა მიხალკოვისა და სხვა აქტორების მტკიცება, თითქოს ამერიკული კორპორაცია BlackRock უკრაინაში მიწებს ფლობს და ამ მიწაზე გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა. წარსულში დადგინდა, რომ ინფორმაციის პირველწყარო რუსული სატირული ტელეგრამ არხი იყო და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. BlackRock-ის შესახებ მსგავსი ცნობა ასევე შეისწავლა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მა.
- დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა
-
მეზობელ სახელმწიფოებს უკრაინის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვთ
უკრაინას სახმელეთო საზღვარი შვიდ ქვეყანასთან აქვს. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და მოლდოვა. მათგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ პრეტენზიები მხოლოდ რუსეთს აქვს.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ, კრემლის პროპაგანდისტები და სამთავრობო მედია ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ მეზობლებს უკრაინის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ. დაინტერესებული აქტორები განსაკუთრებით პოლონეთზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების შემოერთება სურს.
უკრაინაში ომის პარალელურად, გაერომ ქვეყნის ტერიტორიული მთლინობის დასადასტურებლად არაერთი რეზოლუცია მიიღო. მათ უერთდებიან უკრაინის მეზობელი სახელმწიფოებიც, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა, რომელიც რუსეთის მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორია. 2022 წლის 13 ოქტომბერს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და რუსეთთან შეერთების მიზნით, უკრაინის რიგ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმი დაგმო. რეზოლუციის მიზანია არ აღიაროს რეფერენდუმი და ტერიტორიები რუსეთის მიერ ანექსირებულად გამოცხადოს. რეზოლუციას, ნომრით ES-11/4, მხარი დაუჭირა უკრაინის ყველა მოსაზღვრე ქვეყანამ, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. მსგავსი შინაარსის რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში აღიარებს, გაერომ 2014 წელსაც მიიღო. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მისცა პოლონეთმა, მოლდოვამ, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა. ბელარუსმა და რუსეთმა აღნიშნულ რეზოლუციასაც არ დაუჭირეს მხარი.
2022 წელს ვრცელდებოდა რუკა, რომელზეც უკრაინის ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს, პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს ჰქონდა დანაწილებული. პროპაგანდამ ის იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს რუკა ასახავდა პოლონეთის გეგმას უკრაინის ტერიტორიების განაწილებაზე. სინამდვილეში, რუკა არ გამოხატავდა პოლონეთისა და მეზობელი სახელმწიფოების გეგმას უკრაინის ტერიტორიების დანაწილების შესახებ. მსგავსი განაწილებით რუკა პოლონურ ტელევიზიაში 2014 წელს მოხვდა. ის დუმის იმჟამინდელი დეპუტატის, ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილის საფუძველზე იყო შედგენილი. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული. დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთ უკრაინის შეერთებას გეგმავდა, ასევე აქტიურად ვრცელდებოდა კრემლის პროპაგანდისტული არხების მიერ. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
- აპირებს თუ არა პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას?
- კრემლის დეზინფორმაციული გზავნილები პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის გეგმაზე
უკრაინა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. კრემლის აქტორები ცდილობენ უკრაინელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას, ვიზუალურ მანიპულაციებს ავრცელებენ უკრაინა-დასავლეთის დაპირისპირების სადემონსტრაციოდ და სამხედროების რეპუტაციის დასაზიანებლად. ქართულ და რუსულ წყაროებში გავრცელებულ ამგვარ საეჭვო ცნობებს “მითების დეტექტორი” რეგულარულად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.