25 აპრილს გადაცემაში “ტვინის გასაღები” გაუშვეს ერთ-ერთ ეკლესიაში გადაღებული ვიდეო, რომელიც წამყვანი თორნიკე ბაღათურიას მტკიცებით უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული. კადრებში ვხედავთ, რომ საეკლესიო ფორმაში გამოწყობილი მღვდლები და სტიქაროსნები უცნაურად იქცევიან, სხვადასხვა ნივთს არტყამენ კედლებზე, მაგიდებზე და ა.შ. და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ხმაური გამოიწვიონ. ვიდეოს ადევს რუსული ტიტრი, რომელშიც შემდეგი ფრაზა წერია: “მართლმადიდებელი ეკლესიის დაკავების შემდეგ, უკრაინაში დემონები მძვინვარებენ”.
10-11 აპრილს აღნიშნული ვიდეო, იდენტური ტიტრით ინსტაგრამზე (1, 2) და Threads-ზე რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული. რეალურად კადრები ასახავს 2023 წელს საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე ეკლესიაში მომხდარ მოვლენას.
ვიდეო რომელიც გადაცემა “ტვინის გასაღებში” გაუშვეს, 2023-2024 წელს არაერთ საიტზე და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, მათ შორის ფეისბუქზე, ტიკ-ტოკზე და იუთუბზე. მათი დიდი ნაწილი ბერძნულ მედიას წარმოადგენს, რომელიც აღნიშნავს, რომ ვიდეო საბერძნეთის ქალაქ კატერინშია გადაღებული.
“მითების დეტექტორმა” აღნიშნულ ქალაქში მდებარე ეკლესიების ფოტოების შემოწმებისას დაადგინა, რომ გავრცელებული ვიდეო სწორედ აქ, წმინდა ხარალამბოსის წმინდა ეკლესიაშია გადაღებული. ფოტოებისა და კადრების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ვიდეოში ნაჩვენები ადგილი და ამ ეკლესიის საკურთხეველი ერთმანეთის იდენტურია. ზუსტად ემთხვევა ხატების, ფანჯრების და კედლების ვიზუალი და ადგილმდებარეობა.



ჩვენ ასევე ვცადეთ გაგვერკვია თუ რატომ იქცევიან სასულიერო პირები ისე, როგორც ეს ვიდეოში ჩანს. როგორც დავადგინეთ, საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე არსებობს რიტუალი, რა დროსაც მღვდლები, სტიქაროსნები და მომლოცველებიც კი ფეხების ბაკუნით, ჯოხების გამოყენებითა თუ სხვა მეთოდებით ცდილობენ ხმაურის და ვიბრაციის გამოწვევას. ამით ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დიდი მიწისძვრა მოჰყვა. თუმცა აღსანიშნია, რომ ეს რიტუალი ძირითადად, თუმცა არა ყოველთვის, ბევრად უფრო მშვიდ ფორმებში ტარდება ხოლმე, რის გამოც ამ კონკრეტულ ვიდეოში ასახული მოვლენა, როგორც მედიამ, ისე სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გააკრიტიკეს.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.