17 სექტემბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” (1,2) წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა პოლიტოლოგმა მამუკა კარტოზიამ და “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს. მამუკა კარტოზიას მტკიცებით, დღეს უკრაინას უკრაინელები არ მართავენ, კერძოდ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი უკრაინელები არ არიან. მისივე მტკიცებით, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება კრედიტია, რომლის დაბრუნებაც უკრაინამ 2025-26 წლებიდან უნდა დაიწყოს. ნიკოლოზ მჟავანაძე კი დამატებით ამტკიცებს, რომ გერმანიაში სტალინის ძეგლი და მისი სახელობის ქუჩა გვხვდება.
სეზონი TV-ის გადაცემაში სამი ყალბი მტკიცება გაჟღერდა: 1) მტკიცება, რომ უკრაინას არაუკრაინელები მართავენ დეზინფორმაციულია, გადაცემაში მაგალითად მოყვანილი ოთხივე პირი უკრაინელია. 2) გერმანიაში სტალინის ქუჩა და ძეგლი აღარ არსებობს. ქუჩას 1961 წლიდან კარლ-მარქსის ხეივანი ჰქვია და სტალინის ძეგლიც ქუჩიდან ამავე წელს აიღეს. 3) აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მხოლოდ ნაწილია სესხი. მისი ძირითადი ნაწილი ამერიკაში რჩება და უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ჩანაცვლებას ემსახურება.
-
უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირები
გადაცემის სტუმარი პოლიტოლოგი მამუკა კარტოზიას მტკიცებით, დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არაუკრაინელები არიან.
მამუკა კარტოზია: “არანაირი ჰომოფობიური დამოკიდებულება არა მაქვს სხვა ერების მიმართ, ტოლერანტი ვარ, როგორც მთელი ჩვენი ერი, ქართველი ერი, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში, ბატონებო, არაუკრაინელები არიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ.”
დასახელებული ოთხი პირიდან ოთხივე უკრაინელია. მათ შორის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა უკრაინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ზელენსკი და შმიჰალი ებრაული წარმოშობის არიან.
ქვეყნის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოშობით ყირიმელი თათარია და ის უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაიბადა, სადაც მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. უმეროვის ოჯახმა ყირიმში დაბრუნება 1989 წელს მოახერხა და მან საშუალო და უმაღლესი განათლება სწორედ უკრაინაში მიიღო.
უკრაინელი მაღალჩინოსნების ეთნიკურ წარმოშობაზე ხაზგასმა რუსული ნარატივის გატარებას ემსახურება, რომლის მიხედვითაც, უკრაინას უცხო ძალები მართავენ. 2022 წლის შემდგომ განსაკუთრებით გავრცელდა კონსპირაციის თეორია, რომ უკრაინის სათავეში ებრაელები არიან და ომიც სწორედ მათი ორკესტრირებულია. მსგავსი ნარატივების გავრცელების მიზანი ომის დაწყების პასუხისმგებლობის რუსეთის მაგივრად უკრაინის ხელისუფლებაზე დაკისრებაა.
-
სტალინის ქუჩა და ძეგლი
გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ გერმანიაში სტალინის ქუჩა და მონუმენტი არსებობს. ბერლინში სტალინის სახელობის ქუჩა (Stalinallee) 1958-61-წლებში ნამდვილად არსებობდა, ამავე ქუჩაზე იდგა სტალინის 4.8 მეტრი სიმაღლის მონუმენტიც. 1961 წელს ქუჩას კარლ-მარქსის ხეივანი (Karl-Marx-Allee) ეწოდა და დღემდე ამ სახელითაა ცნობილი, ამავე წელს სტალინის ძეგლი კვარცხლბეგიდან ჩამოაგდეს და გაანადგურეს. დეტალურად ძეგლის მდებარეობისა და ისტორიის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას
-
ამერიკის დახმარება უკრაინისთვის
კიდევ ერთი მტკიცება, რომელსაც კარტოზია აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას შეეხება. პოლიტოლოგის მიხედვით, დახმარება რეალურად კრედიტია და უკრაიამ 2025-26 წლებიდან მისი გადახდა უნდა დაიწყოს.
მამუკა კარტოზია: “თქვენ იცით რომ რაც დახმარება მივიდა ეს კრედიტია და 2025-26 წლიდან უკრაინამ გადახდა უნდა დაიწყოს ყველა ამ ფულის რაც ამერიკამ მისცა, ეს კრედიტია, ხალხნო და არანაირი ის არის ჩუქება”.
ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევენ. გავრცელებული მტკიცების საპირისპიროდ, უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მხოლოდ 30%-მდე მიდის პირდაპირ უკრაინაში, უდიდესი ნაწილი შეერთებულ შტატებში რჩება და სხვა ხარჯებთან ერთად ადგილობრივი იარაღის წარმოების სუბსიდირებას ხმარდება. დახმარებას უკრაინა ძირითადად რეზერვებში არსებული ამერიკული იარაღის სახით იღებს და წარმოება სწორედ ამ იარაღის ჩანაცვლებას ემსახურება.
უკანასკნელი დახმარების პაკეტი, რომელსაც კონგრესმა 2024 წლის აპრილში დაამტკიცა 61 მილიარდი დოლარის მოცულობისაა. სესხის სახით ამ დახმარების მხოლოდ ორი ნაწილი გაიცემა: “საგარეო სამხედრო დაფინანსების” (FMF) პროგრამისთვის გამოყოფილი 1.6 მილიარდი დოლარი და უკრაინის ეკონომიკური დახმარებისთვის გამოყოფილი 7.9 მილიარდი დოლარი.
დეტალური ინფორმაცია ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაცემული დახმარების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.