12 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა УБК Group გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აკავებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უცნობ კაცს. პირველ კადრში კაცი მუხლებზე დგას, ოთახში კი საწოლსა და იატაკზე დიდი ოდენობით ნაღდი ფულია მიმოფანტული. მეორე კადრში მას ხელბორკილები ადევს და აკავებენ. ვიდეოში უკრაინულად საუბრობენ – კაცი ამტკიცებს, რომ მან ფული ლატარიაში მოიგო, არაფერი მოუპარავს და მომდევნო დღეს თანხის გაცემას აპირებდა, რათა უკრაინელებს დრონები ეყიდათ.
13 ნოემბერს კი ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Jeni Burjanadze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი ომის შესახებ ინტერვიუს იძლევა. კაცი ამბობს, რომ მისი გუნდი, ჟიტომირის საქალაქო საბჭო ზავის წინააღმდეგია, რადგან ომში მილიონებს გამოიმუშავებენ. ინტერვიუში ის ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, გამარჯვება კი ოდესმე მოვა.

გავრცელებული ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული და უკრაინელებისა და ქვეყნის თანამდებობის პირების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეოებში AI-ისთვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზია ასახული, გარდა ამისა, ხელსაწყო Hiya მაღალპროცენტიანი ალბათობით ადასტურებს, რომ ხმა ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.
დაკვირვების შედეგად ორივე ვიდეოში ვიზუალური შეუსაბამობების დანახვაა შესაძლებელი, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მიუთითებს. მაგალითად, პირველ ვიდეოში მუხლებზე მდგომი კაცის მარცხენა მხარეს იატაკზე დაყრილი ბანკნოტები ხან ქრება და ჩნდება, ხანაც კი დაბურულია და გარკვევით არ ჩანს.

გავრცელებული ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული და უკ
გარდა ამისა, ამავე ვიდეოში ერთ-ერთი პოლიციელის ქუდზე დატანილია აბრევიატურა “ДБУ“, ხოლო მკერდზე – “СБУ“ (СБУ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური). აბრევიატურა ДБУ რაიმე უწყებას არ ეკუთვნის და ის AI-ით გენერირებულ ვიდეოში კიდევ ერთი ხარვეზია.

ვიდეოს მეორე ნაწილში სამხედრო ფორმის უკანა მხარეს არსებული აბრევიატურა “СБУ” კადრების ნაწილში ქრება და ხელახლა ჩნდება, ასევე ჩნდება გაურკვეველი შავი და თეთრი ასოებიც.

ასევე შესამჩნევია, რომ პოლიციელის ქუდზე დატანილი ციფრები ზოგიერთ კადრში ქრება და თავად ქუდის ფორმაც იცვლება (კოლაჟის ზედა ორი ფოტო). დამატებით, კაცის ლურჯი ხალათის ქვედა ნაწილი კადრებს შორის ფორმას იცვლის, უჩინარდება და ხელახლა ჩნდება (კოლაჟის ქვედა ორი ფოტო).

ერთ-ერთი ვებ-საიტის მტკიცებით, პირველ ვიდეოში დაკავებული პირი უკრაინელი ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩია. თუმცა, ვიდეოში ნაჩვენები კაცი მინდიჩს ვიზუალურად არ ჰგავს. გარდა ამისა, მინდიჩმა ქვეყანა დატოვა და მისი დაკავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ხარვეზები ასევე შესამჩნევია ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ვიდეოში. მაგალითად, ჟურნალისტის საჩვენებელი თითი არაბუნებრივად და დეფორმირებულად გამოიყურება. გარდა ამისა, რესპონდენტის მკლავზე გამოსახული უკრაინის დროშა არა ლურჯი და ყვითელი, არამედ თეთრი და ლურჯი ფერისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტის ხელები არაბუნებრივად არის გამოსახული და მისი მხოლოდ მკლავები ჩანს.

ორივე ვიდეოს შემთხვევაში საუბრისას შეინიშნება არაბუნებრივი პაუზები და აქცენტი. აუდიო მასალები ხელსაწყო Hiya-ს მეშვეობით გადავამოწმეთ, რომელმაც ორივე შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაღალი (99% და 84%) ალბათობა აჩვენა.


“მითების დეტექტორმა” 2025 წლის ნოემბერში გადაამოწმა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული არაერთი ვიდეო, რომელიც უკრაინელი სამხედროების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. როგორ უნდა ამოვიცნოთ AI-ით გენერირებული ვიდეოები, ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















