12-13 იანვარს რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი უკრაინელი ჯარისკაცის მიერ პოლიციის ოფიცერზე სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობს. წამყვანი ჰყვება, რომ შემთხვევა ოდესაში მოხდა. კაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, იპოვა მის მობილიზაციაში ჩართული პოლიციის ოფიცერი, მას ჯერ სასმელი შესთავაზა, დალევის შემდეგ კი გააუპატიურა.
გარდა სოციალური მედიისა, აღნიშნული ცნობა რუსულ სამთავრობო მედიაშიც გავრცელდა (1, 2, 3).
ვრცელდება ვიდეომანიპულაცია, რომელშიც ჟურნალისტი უკრაინელი ჯარისკაცის მიერ მის მობილიზაციაში ჩართული პოლიციელის გაუპატიურების შესახებ საუბრობს. რეალურად, ვიდეო უკრაინული სატელევიზიო პროგრამა УКРАЇНА СЬОГОДНІ-ის ერთ-ერთი ეპიზოდია, სადაც წამყვანი, კატერინა ნესტერენკო “გამოგონილი ისტორიების” რუბრიკაში აღნიშნულ ამბავს ჰყვება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამბავი მცდარია და ის სანდო წყაროებს არ გაუვრცელებიათ.
სატელევიზიო პროგრამა УКРАЇНА СЬОГОДНІ უკრაინულ ტელევიზიას 1+1 ეკუთვნის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე მისი სტუდია და ერთ-ერთი წამყვანი, კატერინა ნესტერენკოა ნაჩვენები. 10 იანვარს ეთერში გასულ გადაცემაში ჟურნალისტი უკრაინის სიახლეებზე საუბრობს და ბოლოს, რუსულ პროპაგანდასაც მიმოიხილავს.
იმ ეპიზოდში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, კატერინა ნესტერენკო საუბარს იწყებს ფრაზით (28:16): “…შემდეგ კი რუბრიკა “გამოგონილი ისტორიები”, რომელზე გაჩუმებაც შეუძლებელია” და იწყებს ისტორიის მოყოლას, რომ ოდესაში კაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, იპოვა მის მობილიზაციაში ჩართული პოლიციელი და მასზე სექსუალურად იძალადა.
ნესტერენკო საუბრისას აზუსტებს, რომ მართალია, მსგავსი ამბის დავიწყება რთულია, თუმცა ის არსად გავრცელებულა, გარდა ტიკ-ტოკ და ტელეგრამ არხებისა. შესაბამისად, ის ვერ იტყვის, რომ ამბავი სიმართლეა.
რუსულ ტელეგრამ არხებზე ფართოდ გავრცელების შემდგომ, ვიდეო უკრაინულმა ონალინგამოცემა Детектор медіа-მა შეისწავლა. მათ ვიდეოს არასრული კონტექსტით გავრცელება და ისე წარმოჩენა, თითქოს, ჟურნალისტი რეალურ ამბავს ჰყვებოდა, მანიპულაციად მიიჩნიეს. გამოცემის მტკიცებით, მანიპულაციური ვიდეო ექსკლუზიურად ტელეგრამის რუსულენოვან მომხმარებლებში გავრცელდა. კერძოდ, 15 იანვრის მონაცემით, ის თოთხმეტ პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.
უკრაინის შესახებ ვიდეომანიპულაციები ხშირად ვრცელდება. მსგავს ვიდეოებს სხვადასხვა მიზნით ავრცელებენ. მათ შორის, ამით ცდილობენ ომში უკრაინის დანაკარგების წარმოჩენას, ლიდერების დისკრედიტაციას ან უკრაინისა და დასავლეთის დაპირისპირების ჩვენებას. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომანიპულაციებსა და ვიდეოფაბრიკაციებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
წყაროს შესახებ:
ვიდეომანიპულაციის ერთ-ერთი გამავრცელებელია Георгий Кушиташвили. ის პრორუსული შინაარსის პოსტებს რუსულად წერს და ანტიუკრაინული განწყობითაც გამოირჩევა. აღნიშნულ ანგარიშს არაერთი მცდარი ცნობა გაუვრცელებია, რაც შემდგომ “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
კიდევ ერთი ანგარიში Oleksii Evgenovich დეზინფორმაციის გავრცელებაში წარსულშიცაა შემჩნეული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.