5 ივნისს ფეისბუკ-ანგარიშზე, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთელ გაუვრცელებია, განთავსდა ფოტო, რომლის მიხედვითაც, საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მცირეწლოვანი ბავშვები სამხედრო ფორმებში გამოაწყვეს, ხელში კი პლაკატი დააჭერინეს, რითაც ზელენსკის სამხედრო კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდნენ.
ფოტო, რომელზეც, ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებით, ასახული არიან უკრაინელი ბავშვები სამხედრო ფორმებში, გაყალბებულია და ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები ეტყობა. ფოტო მხოლოდ დაბალი სანდოობის რუსულენოვან პროპაგანდისტულ გვერდებზე გვხვდება.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა პირველწყარო აღნიშნული ფოტოსთვის. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ადრე ეს ფოტო ბლოგინგისა და სოციალური მედიისთვის განკუთვნილ საიტზე LiveJournal, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს იძებნება. პოსტის თან ახლავს ტექსტი, რომლის მიხედვითაც ფოტო წარმოადგენს ანტი-უკრაინული იუმორისტული შარჟის – “უკანასკნელ უკრაინელამდე” – გაგრძელებას.
ვებ-საიტი LiveJournal 1990-იან წლებში ამერიკაში შეიქმნა, თუმცა 2016 წელს მისი სერვერები რუსეთში გადავიდა, რის შემდეგაც ის არაერთხელ არის მოხსენიებული, როგორც საეჭვო ტიპის ინფორმაციის გავრცელების წყარო.
1 ივნისიდან მოყოლებული, ფოტო ასევე ფიგურირებდა სხვადასხვა არასანდო რუსულ ბლოგსა თუ საიტზეც, თუმცა ყველგან წყაროს გარეშე.
გარდა ამისა, დეტალურად შევისწავლეთ ფოტო, რის შედეგადაც გამოვლინდა ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი უზუსტობები. კერძოდ, ბავშვების ხელების არაბუნებრივი ფორმები და სხვა ტიპის დეფორმაციები. ასევე, ფოტო გადავამოწმეთ რამდენიმე ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოთი (1, 2).
-
ვიზუალური ანომალიები
მოამზადა ალექსი ქურასბედიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
























