28 ივლისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ, გამოაქვეყნა დაშავებული ადამიანების ვიდეო მითითებით, რომ უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ. კადრებში ქალი და კაცი ჩანს, ორივეს თავი აქვს შეხვეული, მათი ტანსაცმელი კი სისხლითაა დასვრილი. ვიდეოში ისმის ქალის ხმა: “ანდრეი ანდრევიჩ, ფოტო გადამიღეთ, ჩემს დას გავუგზავნი რუსეთში”. კადრებს ერთვის ლოგო რუსულენოვანი მედია OSTWEST-ის, რომელიც გერმანიიდან მაუწყებლობს. ავტორი პოსტს ურთავს რუსულენოვან აღწერას: “უკრაინფილმი – დოვჟენკოს კინოსტუდია!” კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლებიც ამტკიცებენ, რომ კადრები დადგმულია.
ვიდეო მსგავსი აღწერით 2022 წელს რუსულენოვან პორტალზეც moscow_news_24 ვრცელდებოდა.

გავრცელებული კადრები დადგმული არ არის და არ ამტკიცებს, რომ უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ. ვიდეო AP-ის უკრაინელმა ფოტოგრაფმა გადაიღო და მან ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აღნიშნული სურათი კიევში, რუსეთის მიერ 2022 წლის 10 ოქტომბრის თავდასხმისასაა გადაღებული. ამავე ადგილიდან კადრები არაერთმა სხვა ფოტოგრაფმა გადაიღო და გამოაქვეყნა.
ვიდეო სოციალურ ქსელში 2022 წლიდან ვრცელდება და ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა ორგანიზაციამ (knack.be, open.online, liberation.fr) გადაამოწმა. გავრცელებული კადრები AP – ის უკრაინელმა ფოტოგრაფმა, ეფრემ ლუკაცმიმ გადაიღო. ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Liberation -თან ისაუბრა.
“ეს ფოტო და ვიდეო მე გადავიღე. ეს ქალი ანდრეი ანდრეევიჩის სახელით ცნობილი მამაკაცის გვერდით მიდიოდა. ისინი ასობით მეტრის მანძილზე გატეხილი მინის ნამსხვრევებით დაშავდნენ. ბევრი დაშავებული და რამდენიმე გარდაცვლილი იყო. ყველაფერი მე გადავიღე.“
აღნიშნული კადრები რუსულენოვანმა, დამოუკიდებელმა მედიამ OSTWEST – მა სიუჟეტში გამოიყენა. სწორედ ამ სიუჟეტიდან ამოჭრილი ფრაგმენტი გავრცელდა სოციალურ ქსელში.
ფრანგული გამოცემა Liberation სტატიაში წერს, რომ 2022 წელს რუსული პროპაგანდა მათ სხვა დასავლური მედიების მსგავსად, დადგმული კადრების გავრცელებაში ადანაშაულებდა. გამოცემა განმარტავს, რომ კიევში, აღნიშნული თავდასხმის დროს სხვა ფოტოგრაფებიც იმყოფებოდნენ. მაგალითად, ვოლფგანგ შვანმა თურქული სააგენტო Anodulu-სთვის გადაიღო ფოტოები, რომლებზეც ასახულია „კიევის ცენტრში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, 2022 წლის 10 ოქტომბრის დილით“. კადრები მის ინსტაგრამ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ფოტოებში ჩანს როგორც ეს ქალი, ისე სხვა დაშავებულებიც.

ასევე, ამავე ტერიტორიიდან ვიდეო გადაიღეს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა ოლექსანდრ ხომენკომ და მაქსიმ მარუსენკომ იტალიური სააგენტო NurPhoto-სთვის. ვიდეოებში კარგად ჩანს დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობა აღნიშნული დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კადრები საოფისე კომპლექსის -Tower 101 -ის მახლობლად არის გადაღებული, რომელიც 2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის სამიზნე გახდა.

ფოტოგრაფმა ოლექსანდრ ხომენკომ Liberation – თან ასევე განაცხადა, რომ „ამ ქალს უბრალოდ სურდა თავისი დაზიანებების გადაღება. ისინი რეალურია, მე მასთან ძალიან ახლოს ვიყავი“. დაშავებული ქალი მის კადრებშიც მოხვდა. მან 10 ოქტომბერს ფეისბუკზე გამაოქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგივე ქალი ჩანს პირველადი დახმარების მიღებისას.

მტკიცება, თითქოს უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ რუსული პროპაგანდის ნაწილია და “მითების დეტექტორს” ამ თემაზე არაერთი სტატია მოუმზადებია.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















