16 და 17 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ბლოგერ არჩიბალდ მეკეშის ვიდეო, (1, 2), რომელშიც ის აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი ჯერ კიდევ 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს „ნეოკონების“ ორგანიზებით დაიწყო, სადაც ქართველი სნაიპერებიც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, OAN-ის დოკუმენტურ ფილმში ქართველები აღიარებენ, თითქოს მათ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაიდანზე ხალხისა და პოლიციისთვის სროლა დაავალეს. მეკეში ასევე ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე BBC-მაც მოამზადა დოკუმენტური ფილმი.
მტკიცება, რომ მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერები მონაწილეობდნენ, კონსპირაციული თეორიაა და მტკიცებულებებით არ დასტურდება. OAN-ის დოკუმენტური ფილმი გადაუმოწმებელ და საეჭვო წყაროებს ეფუძნება, მათ შორის ჯაშუშობაში მხილებულ ტრისტან წითელაშვილის ჩვენებებს, რაც სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. BBC-ის გამოძიებაც არ ადასტურებს მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობას, ხოლო მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლის აპრილამდე უკრაინაში საერთოდ არ იმყოფებოდა. მაიდნის მოვლენების გამოძიება მიუთითებს, რომ სროლები, სავარაუდოდ, იანუკოვიჩის რეჟიმისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის კონტროლირებად ძალებს უკავშირდებოდა.
-
რა ვიცით OAN-ის მიერ შექმნილ ფილმზე?
არჩიბალდ მეკეში ვიდეოში საუბრობს One America News Network-ის (OAN) მიერ 2019 წელს მომზადებულ დოკუმენტური ფილმზე სახელწოდებით “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder” (“უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა”). დოკუმენტურ ფილმში საუბარია იმის შესახებ, რომ 2014 წლის კიევის მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერები იყვნენ ჩართული. ფილმში მონაწილე სამი ქართველი – გიორგი ბეჟიტაშვილი, ცეზარ ბაჯალაძე და ზურაბ ინაშვილი – აცხადებენ, რომ ისინი მაიდანზე სნაიპერებად იყვნენ დაქირავებული და მიხეილ სააკაშვილისა და “ქართული ლეგიონის” ლიდერის, მამუკა მამულაშვილისგან იღებდნენ მითითებებს. დოკუმენტური ფილმი შემდეგ უზუსტობებს მოიცავს:
- ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი, რომელიც ფილმში “ამერიკელ სამხედროდ” არის მოხსენიებული, მაიდნის დროს ჩრდილოეთ კაროლინაში იმყოფებოდა, რაც მის პასპორტითა და საგადასახადო ქვითრებით დასტურდება
- მამუკა მამულაშვილი 2014 წლის აპრილამდე უკრაინაში არ ყოფილა, მაიდნის მოვლენები კი 2014 წლის თებერვალში დასრულდა.
- გიორგი ბეჟიტაშვილი, ცეზარ ბაჯალაძე და ზურაბ ინაშვილი ამტკიცებენ, რომ სნაიპერები იყვნენ და ბრძანებებს მამულაშვილისგან იღებდნენ, მაგრამ მათი ნათქვამი სხვა სანდო წყაროებით არ დასტურდება.
გარდა ამისა, OAN-ის დოკუმენტურ ფილმში, ფილმის ავტორი ინტერვიუს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯაშუშობაში მხილებული პირისგან, ტრისტან წითელაშვილისგან იღებს. წითელაშვილი ამტკიცებდა, რომ მაიდნის მოვლენებში მართლაც იყვნენ ჩართული ქართველი სნაიპერები, თუმცა მისი განცხადებები მტკიცებულებებით არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს იტალიურმა ტელეკომპანიამ “Canale 5” ასევე მოამზადა ფილმი “Ucraina: Le Verità Nascoste” (“უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება), სადაც სამი თვითგამოცხადებული ქართველი სნაიპერი ამტკიცებდა, რომ ისინი მაიდანზე ისროდნენ. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ ფილმში წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მასში მრავალი ფაქტობრივი უზუსტობა გვხვდებოდა. თავის მხრივ, მამუკა მამულაშვილი ამტკიცებდა, რომ მაიდნის მოვლენებამდე უკრაინის საზღვარიც კი არ ჰქონდა გადაკვეთილი, რადგან ის 2014 წლის აპრილში ჩავიდა უკრაინაში, მაიდანი კი თებერვალში დასრულდა. მიუხედავად ამისა, ფილმის მთავარი “მიგნებები” კრემლისტურმა მედიამ მაშინვე აიტაცა და წყაროდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ტრისტან წითელაშვილს ეყრდნობოდა.
OAN-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ავტორი და მთხრობელი მაიკლ კაპუტოა, რომელიც დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი იყო, მოგვიანებით კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მუშაობდა. კაპუტოს შესაძლო კავშირები რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებთან ე.წ. მიულერის კომისიამ შეისწავლა.
One America News Network (OAN) ხშირად მოიხსენიება. როგორც ულტრამემარჯვენე მედია, რომელსაც არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ამბავი. მაგალითად, 2018 წელს OAN-ის კორესპონდენტი სირიიდან აცხადებდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება არ არსებობდა, რაც კრემლის ოფიციალურ პოზიციასთან იყო თანხვედრაში. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- ვინ ავრცელებს კონსპირაციულ ფილმს სოროსზე, ქართველ სნაიპერებზე და ამერიკელ სამხედროებზე?
- გაყალბებული დოკუმენტური ფილმი მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ
-
BBC-ის გამოძიება მაიდანზე სროლის შესახებ
2014 წლის თებერვალში კიევში მაიდნის მოვლენები მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაახლოებით 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 18-20 თებერვალი, როდესაც მასობრივი სროლები დაიწყო. 18 თებერვალს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე სპეცრაზმის მიერ ნაცემი დემონსტრანტი. ორ დღეში, 20 თებერვალს 50-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. იმავე კვირას დაიღუპა 17 პოლიციელიც, რომელთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
უკრაინის ახალი ხელისუფლება მომხდარში პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმსა და რუს აგენტებს ადანაშაულებდა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, განაცხადა, რომ სპეცრაზმის ელიტური ქვედანაყოფის, „ბერკუტის“ 12 წევრი ეჭვმიტანილი იყო 17 ადამიანის მკვლელობაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ, ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) მონაწილეობდა.
მიუხედავად ამისა, ვრცელდებოდა ალტერნატიული ვერსიებიც. ზოგიერთი წყარო მიუთითებდა, რომ როგორც დემონსტრანტები, ისე სამართალდამცველები ერთნაირი ტიპის იარაღით იყვნენ მოკლულნი, რაც შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი ყოფილიყო. იანუკოვიჩი ამტკიცებდა, რომ თავად არ გაუცია სროლის ბრძანება და რომ დაპირისპირება რადიკალურმა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა დაიწყეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე განაცხადა, რომ სნაიპერებს კოორდინაციას უწევდა ულტრამემარჯვენე „მემარჯვენე სექტორი“.
ბრიტანელმა ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს სავარაუდო სროლის პოზიციები და ოთხი მთავარი ლოკაცია გამოავლინეს, საიდანაც სნაიპერებს შეეძლოთ ცეცხლის გახსნა. სნაიპერების სავარაუდო პოზიციებად შემდეგი ადგილები დასახელდა: ხრეშჩატიკის და კოსციოლნას ქუჩები, სასტუმრო „უკრაინა“ და ეროვნული ბანკის შენობა. ახალი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ხრეშჩატიკისა და კოსციოლნას ქუჩებზე სნაიპერები იანუკოვიჩის სპეცრაზმმა განათავსა. თუმცა, სასტუმრო „უკრაინა“ იმ დროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
BBC-ის მიერ მოპოვებული ვიდეო და ფოტომასალა ცხადყოფს, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის ძალები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და ისინი უშუალოდ დემონსტრანტების მიმართულებით ისროდნენ. თუმცა, BBC-ის ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ოპოზიციის მხარესაც შეინიშნებოდა შეიარაღებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა სპეცრაზმთან შედარებით ნაკლები იყო.
ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა შეეხებოდა დაჭრილი დემონსტრანტებისა და პოლიციელების ჭრილობებს. უკრაინის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლეჰ მუსიმ, განაცხადა, რომ მათი ჭრილობები მსგავსებას ავლენდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ერთი და იგივე ჯგუფი შესაძლოა ორივე მხარეს ესროდა. ამან გააძლიერა ეჭვი, რომ მაიდნის მოვლენების დროს პროვოკაცია შეიძლებოდა განხორციელებულიყო. BBC-მ ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 18 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) სპეცრაზმის მობილიზაცია გამოაცხადა და პროტესტის ჩახშობის მიზნით ძალადობრივი ზომების მიღება გადაწყვიტა. თუმცა, უშუალო მტკიცებულება იმისა, რომ იანუკოვიჩი სნაიპერების მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, გამოძიებამ ვერ მოიპოვა.
BBC-ის ჟურნალისტმა ასევე ჩაწერა ინტერვიუ ანონიმურ პირთან, რომელიც პროტესტის მხარეს იდგა და აღიარა, რომ სროლებში მონაწილეობდა. მისი თქმით, ის ესროდა ფეხებში, რათა არ მოეკლა, ასევე ესროდა პოლიციელებს, რომლებიც „გლობუსის“ სავაჭრო ცენტრის სახურავზე იმყოფებოდნენ. მისი მტკიცებით, სწორედ ამ სროლამ აიძულა ისინი უკან დაეხიათ.
BBC-ის გამოძიება არ ადასტურებს OAN-ის ფილმში არსებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერები მონაწილეობდნენ ან რომ სროლებს სააკაშვილი და მამულაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამასთან, BBC-ის მასალაში აღნიშნულია ისიც, რომ ბევრი უკრაინელი მიიჩნევს, მაიდნის მოვლენების პროვოკაციები შესაძლოა რუსეთის მიერ ყოფილიყო ორგანიზებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.