25 ოქტომბერს ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა “ბიწაძე ნანამ” უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი წიკლაურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. გავრცელებული პოსტის თანახმად, რუსეთში გაზრდილი გიორგი წიკლაური რუსულ ჯარში იძულებით გაწვევის შემდეგ სტანცია დიუნკაში მოხვდა, სადაც ქართველი ტყვეების დახვრეტა უბრძანეს. პოსტის თანახმად, გიორგიმ ავტომატი ნაწილის მეთაურს, საშა მონგოხოტკოვს დაუმიზნა და მასთან ერთად კიდევ 14 რუსი მოკლა, თუმცა საბოლოოდ დაიღუპა. იდენტური პოსტი სხვა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1;2) გაავრცელეს.
26 სექტემბერს “ბიწაძე ნანამ” პოსტი დაარედაქტირა, შეცვალა ტექსტი და “გიორგი წიკლაურის” ფოტოს ნაცვლად, გამოცემა On.ge-ის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევგენი პრიგოჟინი თბილისში, “ალტ-ინფოს” ოფისში რუსულ ჯარში გაწევრიანების მსურველებს ხვდება. თავად პოსტის ავტორი კი წერს, რომ ქართველებს რუსეთის ჯარში წასასვლელად 3000 დოლარს უხდიან.
ინფორმაცია გიორგი წიკლაურის უკრაინაში დაღუპვის შესახებ, რომელმაც ჯამში 15 რუსი, მათ შორის გენერალი, საშა მონგოხოტკოვი მოკლა, დეზინფორმაციაა, ხოლო ფოტო, რომელიც გავრცელებულ პოსტს თან ერთვის, ჰესბოლას მებრძოლს ასახავს.
ასევე ყალბია 26 ოქტომბერს On.ge-ის სახელით გავრცელებული სქრინშოთი, რომლის თანახმადაც, პროგოჟინი თბილისში რუსულ არმიაში გაწევრიანების მსურველებს ხვდება.
ქართველი მებრძოლი, გიორგი წიკლაური, რომელიც უკრაინაში რუსი სამხედროებისა და გენერლის, საშა მონგოხოტკოვის დახოვცის შემდეგ მოკლეს, არ არსებობს. აღნიშნული ისტორია არც ქართულ, არც რუსულ და არც უკრაინულ მედიაში არ დასტურდება. გარდა ამისა, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ახლავს თავს, არა ქართველ სამხედროს, არამედ ჰესბოლას მებრძოლს ასახავს. 2023 წლის 25 ოქტომბერს არაბულ მედიაში (1;2;3;4) არაერთი ცნობა გავრცელდა მუჯაჰიდ ჯაფარ ჰაშემ მუფლეჰ „მუჰამედ ალის“ დაღუპვის შესახებ.

რაც შეეხება ბიწაძე ნანას მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრიგოჟინი თბილისში რუსულ არმიაში გაწევრიანების მსურველებს ხვდება, On.ge-ის საიტზე არ იძებნება. კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
წყაროს შესახებ:
ყალბი ანგარიში ბიწაძე ნანა ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს (1,2). 2020 წელს აღნიშნული ფეისბუკ ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუკ ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსის ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.
“ბიწაძე ნანას” მიერ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
- ბაია პატარაიას და იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტები ვრცელდება
- ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ომის ვეტერანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გამო დააკავეს
- ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს
- სააკაშვილის შესახებ ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.