6 მაისს რუსულენოვან მედიაში (pravda.ru, rambler.ru ) გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სამი ნიღბიანი პირი “რუს ღორებს” მიმართავს და მათ საფლავებზე ცეკვას ჰპირდება. ნიღბიანი პირები, რომლებსაც უკრაინაში მებრძოლი ქართვული ლეგიონის შევრონები აქვთ მიმაგრებული, აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი გაუპატიურებით ემუქრებიან.
ვიდეო ასევე გავრცელდა ინსტაგრამ გვერდზე golos_abkhazii.
ვიდეოს, რომელიც რუსულენოვან მედიაში ვრცელდება, უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული პირების ქართულ ლეგიონთან კავშირი უარყო უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმაც.
7 მაისს გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის, რადგან მათ ნიღბები უკეთიათ და მხოლოდ თვალები უჩანთ. მათ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის შევრონები მკერდზე აქვთ მიმაგრებული, თუმცა ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირებს უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონთან საერთო არაფერი აქვთ და ვიდეოს გავრცელება რუსეთის მხრიდან “ქართული ლეგიონის” დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ პირი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, ქართულად გამართულად ვერ მეტყველებს და ცხადია, რომ მისთვის “ქართული” მშობლიური ენა არ არის. გარდა ამისა, ნიღბიანი პირი არღვევს ქართული გრამატიკის მორფოლოგიას და წოდებითი ბრუნვის ნიშანს არ იყენებს: ნაცვლად სიტყვათშეთანხმებისა “რუსო ღორებო”, ნიღბიანი პირი “რუსი ღორებო” ამბობს, ხოლო “უკრაინული შეტევის” ნაცვლად ვიდეოში ისმის “უკრაინსკული შეტევა”.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ქართული ლეგიონის წევრების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ცნობები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია, ვრცლად იხილეთ სტატიები:
- უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევებაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
- უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
- ლისიჩანსკთან ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
- კრემლის მედია ქართული ლეგიონის 15 წევრის განადგურების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
- Რუსული მედიების მორიგი დეზინფორმაცია “ქართული ლეგიონის” წევრების განადგურების შესახებ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.