ითხოვდა თუ არა უკრაინა საქართველოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მის ომში ჩართვას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

142
VIEWS

2025 წლის 14 იანვარს მოძრაობის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში “ახალი პარადიგმა” გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ უკრაინა 3 ქვეყნის მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა. რესპონდენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ დადებულ შეთანხმებაზე საუბრობს. 

გურამ ნიკოლაიშვილი [10:05]: “ერთი რამ, რაც იყო გაკეთებული 2022 წელს, უფრო სწორად, მაშინ რომ დაიწყო, როდესაც საქართველოსგან დასავლეთის ქვეყნები ითხოვდნენ აი, იმ ხელშეკრულების შესრულებას, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოეწერა ევროკავშირის მიერ ანონსირებულ ხელშეკრულებას, სადაც ხელი მოაწერეს უკრაინამ, მოლდოვეთმა და საქართველომ, რომ ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს – უკრაინა, მოლდოვეთი და საქართველო – შავი ზღვის აკვატორიაში დავიცავდით. და რასაც უკრაინა ითხოვდა, რომ საქართველო ჩართულიყო რუსეთის საწინააღმდეგოდ საბრძოლო მოქმედებებში, რადგან ეს ხელშეკრულება იყო დადებული.“ 

Screenshot 2025 01 17 124425 ითხოვდა თუ არა უკრაინა საქართველოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მის ომში ჩართვას?

ომში ჩართვასთან და დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით გურამ ნიკოლაიშვილის მტკიცება დეზინფორმაციულია. უკრაინას არ მოუთხოვია, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო. 3 ქვეყნის მიერ დადებული შეთანხმება მათ ომში დახმარებას არ ავალდებულებს და  მის ძირითად მიზანს ევროკავშირისკენ სწრაფვა და კოორდინირების გაძლიერება წარმოადგენს. 

  • რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შეთანხმება? 

ინტერვიუში გურამ ნიკოლაიშვილი ახსენებს 3 ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ დადებულ შეთანხმებას. სავარაუდოდ, იგულისხმება ასოცირებული ტრიოს დაფუძნების დოკუმენტი, რომელსაც 2021 წლის 17 მაისს მოეწერა ხელი. ურთიერთგაგების მემორანდუმის მთავარი მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება იყო.  

“ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით”. – აცხადებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

ასოცირებული ტრიო მიზნად ისახავდა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და დაჩქარების მიღწევას. ამავდროულად, სამი ქვეყანა განაგრძობდა ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ეკონომიკის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სხვა დარგებში. გარდა ამისა, აცხადებდნენმ რომ გააღრმავებდნენ ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით. 

ურთიერთგაგების მემორანდუმში არ გვხვდება პუნქტი, რომელიც მეორე ქვეყნის სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას მოიაზრებს. მსგავსი სხვა დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნებმა მოაწერეს ხელი, ღია წყაროებით არ იძებნება. ასოცირებული ტრიოს დოკუმენტში საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც ძირითადად კიბერუსაფრთხოებას და ჰიბრიდულ საფრთხეს ეხება, მაგრამ არ არის საუბარი ომზე და სამხედრო მოქმედებებზე. ასოცირებული ტრიო აღნიშნავს, რომ ისინი კოორდინირებულად იმოქმედებენ ევროკავშირის ჩართულობაზე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას და “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი  ღონისძიებების წინ მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ხოლო, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს. 

მითების დეტექტორმა ასოცირებული ტრიოს  მემორანდუმთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ მტკიცებაზე მასალა წარსულშიც მოამზადა. წაიკითხეთ ვრცლად

გადაცემაში გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცება, თითქოს უკრაინა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, მანიპულაციურია. ომში ქვეყნის ჩართვას ხშირად მანიპულაციურად უკავშირებენ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნას. 2022 წლის 1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია, მიზეზად მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მთავრობის “ამორალური პოზიცია” დასახელდა. დღეს უკრაინაში საქართველოს არაერთი მოქალაქე იბრძვის – ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში წასვლის მიზეზად ასახელებს სურვილს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მოხალისეები ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან იბრძვიან, თუმცა ეს ქვეყნების ომში ჩართვას არ უტოლდება.

2023 წელს უკრაინის იმჟამინდელმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს დაიწყებდნენ, ტერიტორიების დაბრუნების საკითხს ერთად უფრო სწრაფად მოაგვარებდნენ. თუმცა, დანილოვს ასევე ეკუთვნის განცხადება, რომ მას საქართველოს ომში ჩარევა ან ჩართვა არ შეუძლია. მეორე ფრონტის გახსნის მიზნებზე მტკიცება უარყვეს უკრაინელმა ლიდერებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.  

ომში ქვეყნის ჩართვასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა არაერთი მტკიცება. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში

მიუხედავად იმისა, რომ გურამ ნიკოლაიშვილი საუბრობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შეთანხმებაზე, საუბრისას ახსენებს “შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეკრულებას”. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ქვეყნებს მსგავსი ხელშეკრულება, რომელიც რომელიმე ქვეყანას შეუქმნის საფუძველს, ხელმომწერს ომში დახმარება დაავალდებულოს, არ აქვთ.  

2002 წელს შავი ზღვის ქვეყნებმა გააფორმეს შეთანხმება შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის (BLACKSEAFOR) დაარსების შესახებ. ჯგუფში შედიოდნენ საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი ღონისძიებები შესაბამისობაში იქნებოდა გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებთან. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ BLACKSEAFOR-ის საქმიანობა არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად არ ისახავს შექმნას სამხედრო ალიანსი ნებისმიერი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის წინააღმდეგ. ჯგუფის ამოცანებში შედიოდა: სამძებრო და სამაშველო ოპერაციები; ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები; განაღმვის ოპერაციები; გარემოს დაცვის ოპერაციები; კეთილი ნების ვიზიტები; მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ღონისძიებები. რეალურად, შეთანხმება მხოლოდ ძებნა-გადარჩენის, ჰუმანიტარული დახმარების, განაღმვისა და გარემოს დაცვის მისიებს ემსახურებოდა. 2008 წელს, შემდეგ კი 2014 წლიდან მან შინაარსი და მნიშვნელობა დაკარგა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist