23 იანვარს რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდმა და მოხმარებელმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი ოსკარის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთზე საუბრობს. მსახიობი ამბობს, რომ დაიღალა “ბოროტ რუსეთზე” საუბრის მოსმენით, რომ ის რუსეთში იყო და იქ ჩვეულებრივ ხალხს ესაუბრა, რომლებიც საკუთარი ქვეყნით ამაყობენ. ვიდეოს თანახმად, ეს ინციდენტი ოსკარის ცერემონიის ეთერიდან ამოჭრეს და საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ კადრების ინტერნეტში გაჟონვის შედეგად გახდა.

ცნობები, რომ უილ სმიტმა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთზე ისაუბრა, მცდარია – მისი ვიდეო გაყალბებული რუსული თარგმანით ვრცელდება. ვიდეოკოლაჟში გამოყენებული კადრები ერთ-ერთი გადაცემიდან და ოსკარების 2022 წლის დაჯილდოებიდანაა ამოჭრილი, სადაც სმიტს რუსეთზე არ უსაუბრია. მსახიობის იდენტური ან მსგავსი ფრაზა არც რეპუტაციულ მედიას არ გაუვრცელებია.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს სავარაუდო პირველწყარო YouTube არხი “НАШ СЛОНЯРА-ა”, რომელმაც იდენტური ვიდეო ინგლისურ ენაზე რუსული სუბტიტრებით 21 იანვარს გამოაქვეყნა. არხი აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოებს, რომლებსაც, აღწერის მიხედვით, მათივე გუნდი ქმნის.

ვიდეოკოლაჟი უილ სმიტის რამდენიმე ვიდეოს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული. დასაწყისში ნაჩვენები კადრები გადაცემა The Daily Show-ს 2022 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული გადაცემიდანაა ამოჭრილი. ტრევორ ნოას გადაცემაში სმიტმა წინა წლის ოსკარებისა და მისი ახალი პროექტის “ემანსიპაციის” შესახებ ისაუბრა. გადაცემაში უილ სმიტს რუსეთზე არ უსაუბრია.

გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ასევე გამოყენებულია კადრები ოსკარის 2022 წლის ცერემონიიდან, რომლის დროსაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის უილ სმიტმა ოსკარი მოიგო. ვიდეოში გამოყენებულია სმიტის სამადლობელი სიტყვის ამსახველი კადრები, რომლის დროსაც მან ოჯახის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ უილ სმიტს რუსეთისა და რუსების შესახებ არც სხვა ოსკარების დაჯილდოებაზე არ უსაუბრია. ამასთან, ოსკარების ცერემონია პირდაპირ ეთერში იმართება, რაც გამორიცხავს ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებას, რომ დაჯილდოებიდან სმიტის გამოსვლის კადრები ამოჭრეს და ის მოგვიანებით გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, უილ სმიტი რუსეთში ორჯერაა ნამყოფი. მსახიობი და მომღერალი 2015 წელს მოსკოვში ფილმის “მამაკაცები შავებში III-ის” პრემიერას დაესწრო, 2018 წელს კი რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე იმღერა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















