28-29 ოქტომბერს დეზინფორმაციის რეგულარულად გამავრცელებელმა ფეისბუქ ანგარიშმა Jeni Burjanadze-მ, ასევე სხვა უკრაინულ და რუსულენოვანმა (1; 2; 3; 4) ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებულმა კვიპროსულმა კომპანია Davegra Ltd.-მ 24 ოქტომბერს აშშ-ის შტატ უაიომინგში რანჩო, სახელად Pathfinder, 79.5 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. პოსტების ნაწილს ინგლისურენოვანი ვიდეოც აქვს დართული, სადაც იდენტური მტკიცებაა გაჟღერებული.

ცნობები, რომ ზელენსკისთან დაკავშირებულმა კომპანიამ უაიომინგში რანჩო შეიძინა, დეზინფორმაციულია. Pathfinder-ი არა Davegra Ltd.-ზე, არამედ ადგილობრივ კომპანიაზე იყიდება.
გავრცელებული ცნობები რამდენიმე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ და ადგილობრივმა მედიასაშუალებამ შეისწავლა. მათი ნაწილის ინფორმაციით, ცნობების პირველწყარო X-ის ანგარიში @its_The_Dr იყო, რომელმაც ამ თემაზე ვიდეო 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამჟამად პოსტი ხელმისაწვდომი აღარაა. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Open პირველწყაროდ X-ის სხვა ანგარიშ @Follow360News-ს ასახელებს, რომელმაც ვიდეო ასევე 27 ოქტომბერს გაავრცელა.
BBC Verify-ს მიხედვით, მათთან კომენტარში რანჩოს გაყიდვაზე პასუხისმგებელი კომპანია Swan Land-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია და მიწის ნაკვეთი არა ზელენსკიზე, არამედ “ოჯახის საკუთრებაში არსებულ” ფერმერულ კომპანიაზე იყიდება. ამას ადასტურებს Swan Land-ის ოფიციალურ საიტზე მოცემული ინფორმაციაც, სადაც Pathfinder-ის სტატუსად მითითებულია “გაყიდვა მიმდინარეობს”.

Pathfinder-ის შესახებ ვიდეოსა და პოსტებში გადმოცემული ზოგადი ინფორმაცია რეალურია, ის ნამდვილად 916 ათას აკრზეა (3706 კვ. კმ.) გადაჭიმული და 79,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ის ამჟამად ოთხ სხვადასხვა ერთეულადაა გაქირავებული, რომლებზეც ათასობით პირუტყვია განთავსებული.
გავრცელებულ ინფრომაციას თავად Swan Lake Company-ც გამოეხმაურა. კომპანიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცნობები, რომ რანჩო ზელენსკიმ იყიდა, ყალბია და სანდო და უახლესი ინფორმაცია ამ და სხვა უძრავი ქონების შესახებ მომხმარებელს www.swanlandco.com-ზე შეუძლია გაეცნოს

ვოლოდიმირ ზელენსკის კავშირზე კომპანია Davegra Ltd.-სთან ცნობილი 2021 წელს Pandora Papers-ის გამოქვეყნების შემდეგ გახდა. დოკუმენტები აჩვენებდა, რომ ზელენსკისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანია Film Heritage კვიპროსული კომპანია Davegra-ს 25%-იან წილს ფლობდა. თავის მხრივ Davegra-ს საკუთრებაში იყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული Maltex Multicapital Corp. ზელენსკი Maltex-ში 25%-იან წილს ფლობდა. უკრაინაში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ზელენსკიმ საკუთარი წილი ერთ-ერთ პარტნიორს – სერჰი შეფირს გადაუფორმა. ცნობები იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ კომპანიის გამოყენებით მიწის ნაკვეთები შეიძინა, ღია წყაროებში არ გვხვდება.
ეს ზელენსკის მიერ უკრაინის გარეთ ძვირადღირებული უძრავის ქონების შეძენის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. ვრცლად წარსულში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- მორიგი ძვირადღირებული ვილა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეუძენია
- დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
- ვის ეკუთვნის Highgrove-ის სასახლე – ვოლოდიმირ ზელენსკის თუ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















