28 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა სულიერი სამყარო გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ელვის პრესლი ცოცხალია, რის არგუმენტადაც rumble.com-ის ვიდეო მოჰყავს, რომელშიც ასაკოვანი მამაკაცი ჩანს. ვიდეოში მამაკაცის სიმღერის კადრებია მოცემული და ამასთან მისი ფოტოები ელვის პრესლის ფოტოებთან სხვადასხვა რაკურსითაა შედარებული.
მტკიცება, თითქოს არკანზასში მცხოვრები მოძღვარი ბობ ჯოისი ელვის პრესლია, კონსპირაციაა. იუთუბერ Spa Guy-სთან საუბრისას ჯოისმა უარყო, რომ ის ელვის პრესლია. მოძღვარი 68 წლისაა, ელვის პრესლი კი ვიდეოს გადაღების მომენტში 85 წლის იქნებოდა.
ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, აშშ-ში, არკანზასის შტატში მცხოვრები მოძღვარი ბობ ჯოისია, რომელიც ამავე დროს მუსიკოსიცაა. მას იუთუბზე სიმღერის არაერთი ვიდეო აქვს განთავსებული და ვებ-გვერდ householdoffaithbobjoyce.com მისი CD დისკების შეძენაცაა შესაძლებელი.
კონსპირაციის გადამოწმება, თითქოს ბობ ჯოისი ელვის პრესლია, იუთუბერმა სახელად Spa Guy-მ გადაწყვიტა, რომელიც ელვის პრესლის შესახებ ვიდეოებს ხშირად ამზადებს. ის ასევე ხშირად სტუმრობს ელვის პრესლისთან დაკავშირებულ ადამიანებს და მათთან ინტერვიუებს იუთუბ-არხზე აქვეყნებს.
2020 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში იუთუბერი ამბობს, რომ არკანზასში ბობ ჯოისის მოსანახულებლად ჩავიდა, რათა ეკითხა, მართლაც იყო თუ არა ის ელვისი. როცა იუთუბერი არკანზასის ქალაქ ბენტონში ჩავიდა და იმ ადგილზე მივიდა, სადაც ხალხი ბობ ჯოისის ქადაგების მოსასმენად იკრიბება, იქ არავინ დახვდა, მეორე დღეს კი მან ჯოისს სახლში მიაკითხა. ბობ ჯოისმა იუთუბერს დაუდასტურა, რომ ის ელვისი არ არის და აღნიშნა, რომ ამას ბევრი ადამიანი ეკითხება. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ 68 წლისაა, ელვის პრესლი კი ვიდეოს გადაღების დროს 85 წლის იქნებოდა.
2013 წელს სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია Sachs Media-მ, ფოტოების აღდგენისა და მანიპულაციის კომპანია Phojoe-ს დახმარებით, გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ცნობილი გარდაცვლილი ადამიანები დღეს. Phojoe, როგორც წესი, უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების ფოტოებს ხელოვნურად აძველებს, რათა მათი პოვნა გამარტივდეს. ამჯერად კი იგივე ტექნოლოგია ისეთი ადამიანების თანამედროვე სახის წარმოსაჩენად გამოიყენეს, როგორებიც არიან ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯონ ლენონი და ა.შ.
ამ ცნობილ ადამიანებს შორის ელვის პრესლიც მოხვდა. ეს ფოტო ბობ ჯოისის ფოტოებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებულია, ამასთან ვიდეოებსა და ფოტოებში ბობ ჯოისს მუქი ფერის თვალები აქვს, ელვის პრესლის კი ცისფერი თვალები ჰქონდა. გარდა ამისა, შესამჩნევია წინა კბილებს შორის დაშორება, რაც ელვის პრესლის არ ჰქონია.
შეთქმულების თეორია, რომ ელვის პრესლი ცოცხალია, მისი გარდაცვალების დროიდან ანუ 1977 წლიდან ვრცელდება. ამ 44 წლის განმავლობაში ელვისის გულშემატკივრების ნაწილის აზრით, ის კალიფორნიის სასურსათო მაღაზიაში მოლარედ, ნიუ-იორკში პოლიციელად და 1990 წლის ფილმის “მარტო სახლში” აეროპორტის სცენაში უკანა ფონზე ნაჩვენები მგზავრის როლშიც კი “დააფიქსირეს”.
ეს სია გრძელდება იმით, რომ 2016 წელს ელვისი გრეისლენდში დაბრუნდა და მიწათმოქმედად მუშაობდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი კონსპირაციული მტკიცების მიხედვით, 2017 წლის იანვარში გრეისლენდში ელვისი საკუთარი 82 წლის იუბილის აღნიშვნის ცერემონიას დაესწრო.
როკ-ენ-როლის მეფედ ცნობილი ელვის არონ პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა, მიზეზი კი გულის პრობლემა გახდა. ექიმების პირველი შეფასებით, ელვისს გულის არითმია და გამკვრივებული არტერიები აწუხებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს იღებდა, რომელთა დოზები სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა. არსებობს ვერსია, რომ მისი გარდაცვალება ნარკოტიკებს უკავშირდებოდა.
წყარო: John Frost Newspaper Archive
Rolling Stone-მა 1977 წლის სექტემბერში სტატია მოამზადა, რომელშიც ელვის პრესლის გარდაცვალებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების დროის ხაზია გაშლილი. სტატიის მიხედვით, მემფისის ბაპტისტური საავადმყოფოს თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ელვისს 80 წლის მამაკაცის არტერიები ჰქონდა, მისი სხეული კი გამოფიტული იყო. მან ასევე დაამატა, რომ მომღერალი გარდაცვალებამდე ამ საავადმყოფოში 5-ჯერ იყო ჰოსპიტალიზებული, მისი ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას მკურნალობდნენ, მათ შორის ჰიპერტენზიას, გადიდებულ მსხვილ ნაწლავს, გასტროენტერიტსა და კუჭის ანთებას.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესასწავლად აუტოფსია მალევე დაიწყო და ელვის პრესლის სასიცოცხლო ორგანოები საავადმყოფოში რჩებოდა.
შემდეგ ელვის პრესლის აუტოფსიის ექსპერტმა განაცხადა, რომ თუ ელვისი ცოცხალია, ის თავისი ძირითადი ორგანოების გარეშე დადის, რადგან მისი ტვინი და გული კვლავ მემფისის მემორიალურ საავადმყოფოში ინახება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.