11 ნოემბერს პროსახელისუფლებო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, სადაც ერთ მხარეს ნაჩვენებია, თუ როგორ დგანან პოლიციელები და აქტივისტი პირისპირ საქართველოში აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო მეორე მხარეს ასახულია, თუ როგორ ასხამენ წიწაკის სპრეის სახეში და ხელს კრავენ აქტივისტებს სამართალდამცავები აშშ-სა და გერმანიაში.
ამ პოსტის გაზიარებებიდან და კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეოში ნაჩვენებ კადრებს რეალურად აღიქვამენ.

ვიდეოში მარჯვენა მხარეს ნაჩვენები ორი ვიდეოდან ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. წიწაკის სპრეის შესხმის კადრების შესაქმნელად Open-AI-ის პროგრამა Sora არის გამოყენებული. შესაბამისად, კადრი აშშ-სა ან გერმანიაში პოლიციელის ქცევას არ ასახავს.
კოლაჟში მარცხნივ ჩასმული ვიდეო 10 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს “რადიო თავისუფლების” რეპორტიორმა და ფოტოგრაფმა, დათო ქორიძემ გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონის წინ აქტივისტი დგას და მათ უყურებს.
თბილისში გადაღებული კადრები ვიდეოკოლაჟში შედარებულია, დატანილი წარწერის მიხედვით, აშშ-სა და გერმანიაში სამართალდამცავების ქცევასთან. კოლაჟის მარჯვენა მხარეს ორი ვიდეოა. თუმცა, მათგან მხოლოდ მეორეა რეალური. ამ ვიდეოზე დატანილია ავტორის სახელი და გვარი – Ryad Aref. აღნიშნული პირი ბერლინში ცხოვრობს და ვიდეო საკუთარ გვერდზე აქვს გამოქვეყნებული, აღწერით, რომ ის ქალაქ ულმში პოლიციის ქმედებას ასახავს.
მარჯვნივ განთავსებული პირველი ვიდეო კი, რომელიც თითქოს აშშ-შია გადაღებული, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. ვიდეო, რომელშიც მომიტინგისა და პოლიციის წარმომადგენლის დაპირისპირება ჩანს, Open-AI-ის პროგრამა Sora-ს საშუალებითაა გენერირებული. ამაზე მიანიშნებს ვიდეოს მარჯვენა მხარეს დატანილი Sora-ს ჭვირნიშანიც.

ვიდეოში პოლიციელისა და აქტივისტის არაბუნებრივი პირისა და თავის მოძრაობის გარდა სხვა ხარვეზებიც ჩანს. კერძოდ, პოლიციელს თითქოს ჯიბისკენ მიაქვს ხელი, რათა წიწაკის სპრეი ამოიღოს, თუმცა ეს უკანასკნელი მის ხელში ჩნდება ისე, თითქოს პოლიციელს ის არსაიდან ამოუღია. ამ მოძრაობამდე ჩანს, რომ მას წიწაკის სპრეი ხელში არ უჭირავს.

ხარვეზები შესამჩნევია ფონზეც – მაგალითად, უკან მდგარი პოლიციელების კიდურები ერთმანეთშია არეული, მათი თავის ფორმა დეფორმირებულია, ხოლო დგომა არაბუნებრივი.

პოლიციელის ჩაფხუტზე დატანილია აბრევიატურა “MP”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის სამხედრო პოლიციას (Military Police) წარმოადგენს, თუმცა აშშ-ის სამხედრო პოლიციის მსგავსი ფორმის მოძიება ვერ შევძელით.

აღსანიშნავია, რომ Sora-ს მიერ გენერირებული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ასხამს აქტივისტს პოლიციელი ნარინჯისფერ წიწაკის სპრეის ახლო მანძილიდან, “მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული (1;2). პოსტების ნაწილში ავტორები ცდილობნდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დასავლურ ქვეყნებში აქტივისტების წინააღმდეგ მსგავსი ზომის გამოყენება ნორმალიზებულია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















