1-10 ნოემბერს ქართულ (1;2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მოხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი აქტივისტს სახეში წიწაკის სპრეის ახლო მანძილიდან ასხამს. ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეოს თან ურთავენ აღწერებს: “როგორ უნდა ებრძოლო ნარინჯისფერ რევოლუციებს?” და “მარტივად და გასაგებად”.

ქართულენოვანი პოსტების კომენტარებსა და გაზიარებებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეოს რეალურად აღიქვამენ.

ვიდეო, რომელშიც პოლიციელი აქციის მონაწილეს სახეში წიწაკის სპრეის ასხამს, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ამაზე კადრებში ასახული არაერთი ხარვეზი მიანიშნებს.
ვიდეოში ბრაზილიის დროშები ჩანს და ისმის, რომ დემონსტრანტი პორტუგალიურად უყვირის პოლიციელს, რომელსაც ასევე პორტუგალიურად აწერია “პოლიცია”. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრები ბრაზილიაში გამართული საპროტესტო აქციის დროს არის გადაღებული.
რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, რაზეც მასში ასახული არაერთი ხარვეზი მიანიშნებს. ვიდეოს პირველ ნაწილში, რომელშიც ქალი პოლიციელს უყვირის, მის ყელზე შესამჩნევია დეტალი, რომელიც ყელსაბამს ჰგავს, თუმცა კანთან არის შერწყმული. ამავე მონაკვეთში არაბუნებრივად გამოიყურება ქალის კბილები და მათი ნაწილი საუბრისას ქრება ან უკან ინაცვლებს. მისი ყურიც დეფორმირებულია. ფონზე ადამიანების სახეები ერთმანეთს არის შერწმული, რაც AI-ით გენერირებული კადრებისთვის დამახასიათებელი ხარვეზია.

როდესაც ქალი უკან იხევს, ჩნდება უკანა ფონი, სადაც ადამიანები არაბუნებრივად არიან განლაგებულნი – თითქოს მათი ნაწილი შენობაზე დგას. ასევე, ჩანს პოლიციის ვერტიკალურად დაყენებული ფარები, რომლებიც ადამიანებს არ უჭირავთ.

აღნიშნული ვიდეო არაერთ პლატფორმაზე ვრცელდება და ასევე გადაამოწმა ორგანიზაცია Lead Stories-მა. ისინი აღნიშნავენ, რომ კადრები Open-AI-ის აპლიკაცია Sora-ს მეშვეობითაა გენერირებული. Sora ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნის საშუალებას იძლევა. როგორც Lead Stories-მა მიაკვლია, წიწაკის შესხმის სხვა ვიდეოებს (1;2) დართული აქვს წარწერა – “Sorareels”. ინსტაგრამ-ანგარიში Sorareelss სისტემატურად ავრცელებს Sora Open-AI-ით გენერირებულ კადრებს.

აღსანიშნავია, რომ Sora-ს მიერ გენერირებული ვიდეო, რომელშიც ნარინჯისფერი წიწაკის სპრეი ჩანს, “მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















