20 მაისს ტელევიზია ,,სეზონის” ეთერში, გადაცემა ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” სტუმარმა, დავით ოსეფაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 24-ში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ლეგალურია, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსაც მოსთხოვენ იმავეს. ოსეფაშვილის მტკიცებით, ეს საქართველოში თაობებს გადააგვარებს.
მტკიცება, თითქოს ევროკავშირი გაწევრიანებისთვის საქართველოს ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების კანონით აღიარებას მოსთხოვს, უსაფუძვლოა. მსგავსი მოთხოვნა ევროკავშირის არც 12 და არც 9 რეკომენდაციაში არ ყოფილა. მტკიცებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც უარყოფს. ასევე, ლგბტქ+ წყვილების სამოქალაქო კავშირი/ქორწინება არა 24, არამედ 21 წევრ სახელმწიფოშია აღიარებული.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სამოქალაქო ქორწინების შესახებ განსხვავებული კანონმდებლობა აქვთ. საკითხის დარეგულირებაში, ქორწინებისა და განქორწინებისათვის კრიტერიუმების განსაზღვრაში, მათ შორის, დასაშვები იქნება თუ არა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება, ევროკავშირის უწყებები არ ერევიან.
2022 წელის 17 ივნისს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაკეთებული განაცხადის საპასუხოდ, ევროკომისიამ საქართველოს 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა. პრიორიტეტების ჩამონათვალში არსად არის ნახსენები ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება და მისი კანონის დონეზე დარეგულირება. ევროკომისიას არც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდგომ, გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის შესასრულებელი 9 პრიორიტეტის შემოთავაზებისას მოუთხოვია მსგავსი ცვლილება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ წინაპირობად ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა მცდარი ცნობები. წარსული შემთხვევისას, ინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დააზუსტა. მათ თქვეს: ,,… უნდა აღინიშნოს, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ან სხვა სახის პარტნიორობა არ არის ნორმა მთელ ევროკავშირში და არც „ევროკავშირის სტანდარტი“, არამედ მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომელსაც ავტონომიურად იღებენ, რადგან ეს მათ ეროვნულ კომპეტენციას ექვემდებარება.”
ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების უფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალურობა სავალდებულო არ არის. ამჟამად ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში ქორწინებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს.
ლგბტქ+ ადამიანების უფლებების შესახებ ევროპარლამენტის 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთნაირსქესიანი წყვილებისათვის ქორწინება შემდეგ წევრ ქვეყნებშია დასაშვები: ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, შვედეთი, პორტუგალია, დანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, ფინეთი, მალტა, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. 2024 წელს ქვეყნების ჩამონათვალს ესტონეთი და საბერძნეთი დაემატა, შესაბამისად ჯამში 16 ქვეყანა შეადგინა.
დამატებით 5 წევრი სახელმწიფო ერთნაირსქესიანი წყვილებისათვის აღიარებს ქორწინების მსგავს სამოქალაქო კავშირს ან მათ შორის დადებულ გარკვეულ კონტრაქტსა თუ რეგისტრაციას: კვიპროსი, ხორვატია, უნგრეთი, ჩეხეთი და იტალია. ული ერთნაირი სქესის მქონე პირებს სურთ დაამყარონ რეგისტრირებული კავშირი.
შესაბამისად, ევროკავშირის წევრი 21 სახელმწიფო ერთნაირსქესიანი წყვილების გარკვეული სახის სამოქალაქო კავშირს აღიარებს, ხოლო ექვსი წევრი ქვეყანა კონსტიტუციურ დონეზე კრძალავს მას: ბულგარეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ლატვია, სლოვაკეთი და რუმინეთი. \
ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოში ქორწინებას, სხვა დანარჩენი წევრებიც აღიარებენ, თუმცა ეს ბოლომდე არ ვრცელდება ერთნაირსქესიან წყვილებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ასევე მოქმედებს კანონი გადაადგილების თავისუფლების შესახებ. ამ მხრივ პრეცენდენტული იყო მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თუ ერთნაირსქესიანი წყვილიდან ერთი ევროკავშირის მოქალაქეა, მაშინ წყვილს წევრ სახელმწიფოებში ცხოვრების უფლება აქვს. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 2012 წლის საქმეზე, როდესაც რუმინელზე დაქორწინებულ ამერიკის მოქალაქეს რუმინეთში ცხოვრების უფლება არ მიეცა. წყვილმა ბელგიაში ლეგალურად იქორწინა, თუმცა რუმინეთის კანონმდებლობა მათ, როგორც ,,ოჯახს”, ამერიკის მოქალაქეს კი როგორც ,,პარტნიორს” არ აღიარებდა. სასამართლომ რუმინეთის მთავრობა დაავალდებულა წყვილისათვის მუდმივი ცხოვრების უფლება უზრუნველყო, თუმცა გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ ბინადრობის საკითხს და სასამართლომ აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები ინარჩუნებენ თავისუფლებას, დაუშვან ან აკრძალონ ერთნაირსქესიან წყვილთა ლეგალური კავშირი და მათ არ აქვთ ვალდებულება ლგბტქ+ პირთა ქორწინება ეროვნული კანონმდებლობით უზრუნველყონ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















