7 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ გაზეთში “The Sun” 1989 წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „დიდი ძმა მოდის!” (BIG BROTHER’S COMING!), რომელშიც ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის მეშვეობით, ექიმების მხრიდან ადამიანებში პატარა გადამცემების უნებართვოდ, გაუთვიცნობიერებლად შეყვანაზეა საუბარი. პოსტის ავტორის ინფორმაციით, ჟურნალისტი წერდა, რომ ამ მიზნისთვის ხელისუფლებას მხოლოდ ღორის გრიპის მსგავსი ვირუსის გამოგონება და მისთვის ვაქცინის შექმნა სჭირდებოდა. ავტორის მტკიცებით, გადამცემები იყო კოდირებული ჩიპები, რომლებიც ყველას დაკავშირებას შეძლებდა მთავარ კომპიუტერთან, საიდანაც ნებისმიერ დროს დააკვირდებოდნენ.
ინფორმაციას ფოტოსთან ერთად რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები 2021 წელს ავრცელებდნენ (1;2;3;4;5).
გავრცელებული ინფორმაციის საარქივო მტკიცებულებას “მითების დეტექტორმა” ვერ მიაკვლია. ბრიტანული გაზეთების 1989 წლის გამოცემაში მსგავსი სტატიის არსებობა ღია წყაროებით არ დასტურდება. ფოტოს პირველწყაროდ სახელდება 1991 წელს დაწერილი წიგნი, რომელმაც მრავალ კონსპირაციის თეორიას დაუდო სათავე.
სტატიის ფოტოზე, რომელიც მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა, არ ჩანს გამოცემის სახელწოდება და ნომერი, შესაბამისად, შეუძლებელია დადასტურებულად თქმა, თუ რომელ გაზეთში გამოქვეყნდა აღნიშნული სტატია.
ინგლისურენოვან მედიაში სახელწოდება The Sun ხშირად გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი გაზეთის ვებ-საიტზე იძებნება არქივი, რომელშიც შესაძლებელია, სხვადასხვა წლის განმავლობაში გამოშვებული გაზეთებისა და მასში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსის ნახვა. 1989 წელს გაზეთი თვეში ერთ ნომერს გამოსცემდა. 1 აგვისტოს ნომერში სახელწოდებით “დიდი ძმა მოდის!” სტატია არ იძებნება. გარდა ამისა, არცერთი თემა ვაქცინაციას ან ადამიანების სხეულში ჩიპების შეყვანას არ ეხება.
The Sun-ის სტატიაზე ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია StopFake-მაც. მათი ინფორმაციით, ბრიტანეთის გაზეთების არქივი ინახავს მხოლოდ The Sun-ის თანამედროვე გამოცემის წინამორბედის ნომრებს, რომლებიც 1801-დან 1899 წლამდეა გამოშვებული.
აღსანიშნავია, რომ ეს ფოტო ვირუსულად ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. იმ დროს მსოფლიოში ღორის გრიპი იყო გავრცელებული და მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო, ანტივაქსერები მსგავსი შინაარსის ყალბ მტკიცებებს ხშირად აქვეყნებდნენ. აღნიშნული სტატიის ფოტოს 2009 წელს იყენებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჩიპებით ადამიანების გაკონტროლება ჯერ კიდევ 1989 წელს იწინასწარმეტყველეს. საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ფორუმის სახელად “abovetopsecret.com” მომხმარებელი, რაიჯელ კენტი 2009 წლის ნოემბერში წერდა, რომ დაუკავშირდა გამომცემლობა The Sun-ის რედაქციას, რადგან სურდა დადგენა, მსგავსი სტატია მართლაც არსებობდა თუ არა გაზეთის არქივში. როგორც ის წერს, The Sun-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არქივში მომუშავე ჯგუფმა სცადა მსგავსი სტატიის მოძიება, თუმცაღა, ეს ვერ მოხერხდა.
გარდა ზემოხსენებულისა, მტკიცებების დასტურად ხშირად მოჰყავთ ხოლმე მილტონ უილიამ კუპერის 1991 წელს გამოცემული წიგნი (“Behold a Pale Horse”), რომელმაც მრავალ კონსპირაციის თეორიას დაუდო სათავე. წიგნის 443-ე გვერდზე სტატიის იგივე ფოტოსურათია დართული, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე. წიგნის შესავალში ავტორი ხაზს უსვამს, რომ არსებული მოსაზრებები და ეჭვები წიგნში მხოლოდ მას ეკუთვნის და შესაძლებელია, რომ ცდებოდეს.
კონსპირაციის თეორია, თითქოს ვაქცინაცია ადამიანების სხეულში ჩიპების ჩადგმასა და მათ დამორჩილებას ისახავს მიზნად, წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვაქცინაციით ადამიანების დამორჩილების სურვილს ყველაზე ხშირად ბილ გეიტსსა და პაპ ფრანცისკეს მიაწერენ. ყალბი მტკიცებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?
- რა არის “ჩიპების აქტი” და იგეგმება თუ არა ევროპის მოსახლეობის ჩიპიზაცია 2022 წელს?
- მითი ახალშობილებში ჩიპების ჩაყენების შესახებ მცდარია
- რას ამტკიცებს “წმინდა მამები” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩიპების შესახებ?
წყაროების შესახებ
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელ Vera Shturmanova-ს მიერ გავრცელებული პოსტები უცხოური ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.
მარიამ აძიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.