27 თებერვალს პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბარათურიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ამავე დღეს ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა ტრამპის საწინააღმდეგო აქცია, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი ფიტულები გამოიტანეს. ბაღათურია წერს, რომ აქციას ხელმძღვანელობდა უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკაროვა და მის მხარდასაჭერად ღონისძიებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც დაესწრნენ. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საქციელის გამო მარკაროვა უკვე გააძევეს აშშ-დან.
3 მარტს ჯონდი ბაღათურიას პოსტი ფეისბუქ-მოხმარებელმა გაავრცელა ჯგუფში “თბილისი-Tbilisi🇬🇪”.
ჯონდი ბაღათურია ტრამპის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაცია, თითქოს 27 თებერვალს უკრაინის ელჩმა ანტი-ტრამპისტული აქცია მოაწყო, არ დასტურდება. უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით 22 თებერვალს ჩატარებული აქცია, რომელსაც ელჩიც ესწრებოდა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავს ეძღვნებოდა. ცნობა, თითქოს აქციაზე ტრამპის ფიტულები გამოიტანეს, ღია წყაროებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს ოქსანა მარკაროვა აშშ-დან გააძევეს, ის 28 თებერვალს თეთრ სახლში იმყოფებოდა.
ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ 27 თებერვალს თეთრ სახლთან უკრაინის საელჩოს ორგანიზებით ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აღნიშნულ თარიღამდე უკრაინელების მიერ ორგანიზებული ბოლო აქცია ვაშინგტონში, 22 თებერვალს გაიმართა. ღონისძიება ეძღვნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 3 წლისთავს და მასში მონაწილეობა მიიღო აშშ-ში მცხოვრებმა უკრაინულმა დიასპორამ და ქვეყნის მხარდამჭერებმა. ღონისძიების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ აქცია უკრაინის საელჩოსთან კოორდინირებით დაიგეგმა და მისი ორგანიზატორებს შორის იყვნენ ორგანიზაციები: United Help Ukraine; “ამერიკის უკრაინელი აქტივისტები”, “Razom for Ukraine”, “უკრაინის სახლი” და “ამერიკის უკრაინის კონგრესის კომიტეტი”. აქციის ფარგლებში მონაწილეები შეიკრიბნენ ლინკოლნის მემორიალთან, რომელიც თეთრ სახლთან ახლოს მდებარეობს და მათ მოაწყვეს მარში, რომელიც რუსეთის ელჩის რეზიდენციასთან დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებით გავრცელებულ ამ დღის ამსახველ ფოტოებსა თუ ვიდეოებში ტრამპის შეურაცხმყოფელი ფიტულები არ დაფიქსირებულა და მსგავსი ინფორმაცია არც რომელიმე მედიას გაუშუქებია. კადრებზე დაკვირვებისას “მითების დეტექტორმა” შენიშნა ბანერი, სადაც ტრამპი იყო ნახსენები და მასზე ეწერა “Putin owns Trump” (“პუტინი ფლობს ტრამპს”).
22 თებერვლის მარშზე არაერთი ევროპული ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. ღონისძიებას ასევე დაესწრო აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა, რომელმაც მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ღონისძიებას უკრაინის ბევრი მეგობარი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის ელჩი აშშ-ში. აქციაზე შეკრებილებს მარკაროვამ სიტყვითაც მიმართა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდასაჭერად ადგილზე მისულ ელჩებს, ასევე, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქეებსა და ებრაელთა თემს. ელჩმა გამოსვლის დროს უკრაინაში რუსეთის სრულმასსტაბიან შეჭრაზე და ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა. გაიხსენა ქალაქები, რომლებშიც სამხედროები უკრაინელ მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ და მოუწოდა ხალხს, არ დაივიწყონ ისინი. მარკაროვამ მადლობა გადაუხადა 143 ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას რუსული აგრესიის დაგმობასთან დაკავშირებით. გამოსვლისას მან ამერიკელი ხალხის დახმარებაზეც ისაუბრა:
“რატომ ვართ დღეს აქ? და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას აქ ყოფნისთვის. მე მხოლოდ 2 გზავნილი მაქვს. გზავნილი ნომერი პირველი არის მადლობა და ჩვენ არასდროს დავიღლებით მადლობის თქმით. მადლობა ამერიკელ ხალხს – ეს არის თქვენი მხარდაჭერა 3 წლის განმავლობაში, რამაც შეგვაძლებინა, ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ყველა ნაწილი სამხედრო აღჭურვილობის, ყველა სახის მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ყველანაირი მხარდაჭერა ომის დანაშაულების გამოძიებაში, ყველა სახის მხარდაჭერა უკრაინაში, ბომბსაფარები და ყველაფერი სხვა… გულითადი მადლობა, უკრაინელები არასოდეს დაივიწყებენ, რა გააკეთა ამერიკამ და როგორ დაგვეხმარა ამ ძალიან რთული 3 წლის განმავლობაში”.
ამრიგად, აქცია, რომელიც 22 თებერვალს ჩატარდა და რომელსაც უკრაინის ელჩიც ესწრებოდა, ტრამპის საწინააღმდეგო არ ყოფილა. ის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავს ეძღვნებოდა და სიტყვით გამოსულმა ელჩმა ამერიკული დახმარების გამო მადლობაც გადაიხადა.

ჯონდი ბაღათურიას მტკიცების საპირისპიროდ, ოქსანა მარკაროვა აშშ-დან არ გაუძევებიათ. მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებით არ გავრცელებულა – მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არ დაუწერიათ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ წყაროებს. ამასთანავე, მარკაროვა 28 თებერვალს თეთრ სახლში იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ელჩის რანგში დაესწრო და X-ის გვერდზე ამ დრომდე ავრცელებს განცხადებებს, როგორც უკრაინის ელჩი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ში ხშირად ეწყობა პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები, რომლებიც მის მიერ გამოცემული ბრძანებების გაპროტესტებას ისახავს მიზნად. მათი დიდი ნაწილი დაგეგმილია “მოძრაობა 50501”-ის (50 შტატი, 50 პროტესტი, 1 დღე) მიერ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აორგანიზებს სხვადასხვა აქტივობას. 28 თებერვალს აშშ-ში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს შეხვდა. ლიდერებმა მედიის თანდასწრებით იკამათეს, რის შემდეგაც აშშ-ში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები მოეწყო, რომლებზეც დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ. თუმცა, აღნიშნული აქციების ორგანიზატორად ქვეყანაში უკრაინის საელჩო არ ფიქსირდება და მათში მონაწილეობას უკრაინის მხარდამჭერი აშშ-ის მოქალაქეებიც იღებენ.
წყაროს შესახებ:
ჯონდი ბაღათურიას არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია. მის მიერ გავრცელებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ცნობები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















