13 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, ტრამპის Turning Point Action’s Believers’ Summit-ზე (მორწმუნეთა სამიტი) გამოსვლის ვიდეო-ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ტრამპი ქრისტიან ამომრჩეველს მიმართავს. ვიდეოს წარწერა ერთვის, რომელშიც ტრამპს შემდეგნაირად ციტირებენ: “მე არ ვარ ქრისტიანი”.
კიდევ ერთმა ფეისბუკ-ანგარიშმა ტრამპზე რამდენიმე ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა. პოსტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ტრამპი სხვადასხვა შეხვედრაზეა და ებრაული თემის ლიდერებს ხვდება. ფოტოებთან ერთად ვიდეოც გამოქვეყნდა, რომელზეც ზედა კუთხეში მასონური სიმბოლოა დატანილი. პოსტის აღწერაში ტრამპს სატანისტურ ძალებთან და ებრაელებთან აკავშირებენ. ვიზუალურ მასალებზე შემდეგი წარწერაა: რამდენი ხართ ვისაც სატანის მსახური იუდეველი ტრამპი კონსერვატორი გგონიათ???!!!
სოციალურ ქსელში ტრამპის ვიზუალური მასალები მანიპულაციურად და არასწორი აღწერით ვრცელდება. პირველი ვიდეო ავთენტიკურია და მორწმუნეთა სამიტზე ტრამპის 2024 წლის 26 ივლისის გამოსვლიდანაა, რომელშიც ტრამპი ქრისტიან ამომრჩეველს მიმართავდა. ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე მისი სიტყვები საზოგადოების ნაწილმა გაიგო, თითქის ტრამპი ამბობს: “ მე არ ვარ ქრისტიანი”, თუმცა ყველა საერთაშორისო მედიაში მოხვდა ვერსიით – “მე ვარ ქრისტიანი”.
მეორე ვიდეოში ტრამპი არა სატანისტურ ან ებრაელებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, არამედ აბერდინის რობერტ გორდონის უნივერსიტეტის ცერემონიაზეა, სადაც მას ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო წოდება მიენიჭა. ვიდეოში მასონური სიმბოლო პროგრამულადაა ჩასმული.
-
პირველი ვიდეო – რაზე იზაუბრა ტრამპმა?
2024 წლის 26 ივლისს გამართულ Turning Point Action’s – ის მორწმუნეთა სამიტზე, ტრამპის გამოსვლაში ტრამპი ქრისტიან ამომრჩეველს მიმართავდა და არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა. გამოსვლის ამ ნაწილის მოსმენა 1:02:58 წუთიდანაა შესაძლებელი, რომელშიც ტრამპი ამბობს: “და ისევ, ქრისტიანებო, გადით და ხმა მიეცით, მხოლოდ ამ ერთხელ. ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ. კიდევ ოთხი წელი, იცით რა? დალაგდება. კარგად იქნება. თქვენ აღარ მოგიწევთ ხმის მიცემა, ჩემო მშვენიერო ქრისტიანებო.
მიყვარხართ, ქრისტიანებო. მე ვარ/არ ვარ ქრისტიანი. მიყვარხართ. გადით. უნდა გახვიდეთ და ხმა მისცეთ. ოთხ წელიწადში აღარ მოგიწევთ ხმის მიცემა. ჩვენ ისე დავალაგებთ, რომ ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ. ”
მისი გამოსვლის აღნიშნული ფრაგმენტი საზოგადეობის ნაწილმა გაიგო, როგორც “მე არ ვარ ქრისტიანი”, რაც შესაძლოა აუდიოს ხარისხმა გამოიწვია ან მან შეცდომით თქვა, თუმცა ეს ფრაზა არ შეესაბამება მის წინა სიტყვებს და ასევე ტრამპის მუდმივ თვითიდენტიფიკაციას, როგორც ქრისტიანის. ტრამპმა არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც თავს ქრისტიანად აიდენტიფიცირებს. დიდი ალბათობოთ, გამოსვლაში მან რეალურად იგულისხმა: “მიყვარხართ, ქრისტიანებო. მე ვარ ქრისტიანი. მიყვარხართ. გადით, უნდა გახვიდეთ და ხმა მისცეთ.”
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემებმა: Reuters, Poynter, Skynews ასევე განიხილეს მორწმუნეთა სამიტზე ტრამპის გამოსვლა და მის სიტყვებს ციტირებენ, როგორც “მე ვარ ქრისტიანი”, ნაცვლად” მე არ ვარ ქრისტიანიასა”.
-
ტრამპი როგორც “სატანის მსახური”
ქართულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რამდენიმე ფოტოსთან ერთად. ვიდეოს ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს მასონური სიმბოლო, რომელიც პროგრამულადაა დამატებული და მას ებრაულ „სატანისტურ ღონისძიებას“ უკავშირებენ. ვიდეო, რეალურად ასახავს დონალდ ტრამპს აბერდინის რობერტ გორდონის უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიაზე, სადაც მას საპატიო წოდება მიენიჭა. ეს ხარისხი მას 2010 წელს ბიზნესსა და წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა, განსაკუთრებით მისი პროექტებისთვის შოტლანდიაში.
გაყალბებული ვერსია – ტრამპი ებრაულ ღონისძიებაზე | ავთენტიკური ვერსია – დონალდ ტრამპმა საპატიო წოდება მიიღო აბერდინის რობერტ გორდონის უნივერსიტეტში გამართული ცერემონიის დროს
წყარო: gettyimages.de |
![]() |
![]() |
მოგვიანებით, 2015 წელს, დონალდს ტრამპს საპატიო წოდება ჩამოერთვა, მას შემდეგ რაც მან მუსლიმებზე საკამათო კომენტარი გააკეთა, რომელიც უნივერსიტეტის განცხადებით „სრულიად შეუთავსებელი“ იყო დაწესებულების ძირითად ღირებულებებთან. კადრში მასონური სიმბოლოს ჩამატება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისა და კონტექსტის დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს. ცერემონიას არ აქვს კავშირი არც რაიმე “სატანისტურ ღონისძებასთან”.

რაც შეეხება ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ ტრამპი ებრაელ ლიდერებს ხვდება და ღონისძიებებს ესწრება, ავთენტიკურია, თუმცა არ შეესაბამება გავრცელებულ აღწერას, რომლის მიხედვითად სურათები “ებრაულ სატანისტურ ღონისძიებებს” უკავშირდება. ერთ-ერთი ფოტო ასახავს რაბინების დელეგაციას ლუბავიჩ-ჩაბადის მოძრაობიდან, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს 2018 წლის 27 მარტს ეწვია. მეორე ფოტოზე ტრამპი მართლმადიდებელ ებრაელებთან ერთად ნიუ-იორკში მემორიალურ ღონისძიებას ესწრება, 2024 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმის პირველ წლისთავთან დაკავშირებით.
თურან მამადრზაევ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.