13-14 აგვისტოს სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ და სხვა ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო, რომელსაც ხელში უკრაინის რუკა უჭირავს. რუკაზე უკრაინის ტერიტორია ორ ნაწილად არის გაყოფილი – რუსული და უკრაინული დროშის ფერებით. პოსტების აღწერების თანახმად, ტრამპმა აჩვენა, თუ როგორ გაიყოფა უკრაინა.


ტრამპის ფოტო რედაქტირებულია. ორიგინალი ფოტო 2020 წლის 28 მაისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, პრეზიდენტის პრესკონფერენციაზეა გადაღებული და მასზე ტრამპს ხელში არა უკრაინის რუკა, არამედ გაზეთი New York Post-ი უჭირავს. პრესკონფერენციაზე უკრაინის საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილული.
პრეზიდენტი ტრამპის ფოტო, რომელსაც თითქოს უკრაინის ტერიტორიის ორ ნაწილად გაყოფის ამსახველი რუკა უჭირავს ხელში, გაყალბებულია. ორიგინალი ფოტო თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 2020 წლის 28 მაისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, პრეზიდენტის პრესკონფერენციაზეა გადაღებული. ფოტოს ავტორი Reuters-ის ფოტოგრაფი ჯონათან ერნსტია და ის პირველად 2020 წლის 29 მაისს Reuters-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ორიგინალ ფოტოში ტრამპს ხელში არა უკრაინის რუკა, არამედ გაზეთი New York Post-ი უჭირავს.

აშშ-ის პრეზიდენტის 28 მაისის პრესკონფერენცია ეხებოდა კანონის გადახედვას, რომელიც იცავს სოციალურ ქსელების მფლობელ კომპანიებს მომხმარებელთა პოსტებზე პასუხისმგებლობისგან. მან თქვა, რომ ეს კანონი უნდა გადაიხედოს, როდესაც პლატფორმები ახორციელებენ ინფორმაციის კონტროლს ან ფაქტების გადამოწმებას. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილული.
15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაა დაგეგმილი. 11 აგვისტოს ტრამპა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას რუსეთსა და უკრაინას შორის “ტერიტორიების გაცვლას” განიხილავს, თუმცა კონკრეტულ ტერიტორიაზე არსად უსაუბრია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 15 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ სურს, ერთმანეთს პუტინი და ზელენსკი შეხვდნენ, ხოლო თუ საჭირო გახდება, მათ შეხვედრას თავადაც დაესწრება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















