9-10 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშებმა (1; 2; 3), მათ შორის, დეზინფორმაციის რეგულარულად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გოჩა შახულაშვილმა (1; 2) აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე ისინი ერთად დგანან, ფონზე კი ვხედავთ შენობას, რომელიც ვიზუალურად ეპსტინის კუნძულზე მდგარ შენობას ჰგავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 2016 წელსაა გადაღებული.

ტრამპის, ეპსტინისა და კლინტონის ფოტო ყალბია და ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. AI-ის ამომცნობი ხელსაწყოს მიხედვით, ფოტოს შესაქმნელად Gemini გამოიყენეს.
გავრცელებული ფოტო სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. ის არ გაუვრცელებია რეპუტაციულ მედიას, რომელიც ეპსტინის საქმესთან, მათ შორის, გამოქვეყნებულ ფაილებთან დაკავშირებულ თემებზე ხშირად წერს (1; 2; 3).
თავად ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი. ამაზე მეტყველებს უზუსტობები, რომლებსაც ფოტოზე ვხედავთ. კერძოდ, ბილ კლინტონის მარჯვენა ხელი დეფორმირებულია და ნების ძვლების თავები არაბუნებრივადაა დაშორებული თითებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფოტო საკმაოდ მაღალი გარჩევადობისაა, დონალდ ტრამპისა და ბილ კლინტონის თმები საკმაოდ ბუნდოვანია.

დამატებით, შენობა, რომელსაც ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში ვხედავთ, სავარაუდოდ, ეპსტინის კუნძულზე მდგარ შენობას უნდა განასახიერებდეს, მაგრამ შენობები ერთმანეთისგან განსხვავდება. 2017 წლამდე შენობას ოქროსფერი გუმბათი ედგა თავზე, ხოლო 2017 წლიდან მას ბრტყელი სახურავი აქვს. გავრცელებულ ფოტოზე გამოსახულ შენობას განსხვავებული სახურავი აქვს და ის არა თეთრ და ცისფერ, არამედ რუხ და ცისფერ ფერებშია შეღებილი.

ფოტოს ხელოვნურობას ადასტურებს AI-ის ამომცნობი ხელსაწყო Hive Moderation-იც. პროგრამის მიხედვით, ფოტო, სავარაუდოდ, AI მოდელი Gemini 3-ის გამოყენებითაა შექმნილი.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ეპსტინის დანაშაულების შესახებ არ იცოდა და ეპსტინთან მისი დანაშაულების გახმაურებამდე წლების მანძილზე არ ჰქონია კონტაქტი. ახლადგამოქვეყნებულ ფაილებში ტრამპი 1000-ზე მეტჯერაა მოხსენიებული. ფაილებს შორისაა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც გაერთიანებულია ტრამპის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემთხვევები. არ არსებობს იმის საჯარო მტკიცებულება, რომ ამ ბრალდებებიდან რომელიმე FBI-მ სარწმუნოდ მიიჩნია. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეპსტინის კუნძულზე არასდროს ყოფილა.
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი ეპსტინთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა, ამტკიცებს, რომ მასთან ურთიერთობა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გაწყვეტილი ჰქონდა და მისი დანაშაულებების შესახებ არაფერი იცოდა. კლინტონი 27 თებერვალს კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად წარსდგება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















