ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, გავრცელდა ტრამპის და პუტინის საერთო ფოტოები, თითქოს ისინი არჩევნების შედეგებს ერთად აღნიშნავდნენ. ,,ტრამპის პირველი ფოტოები შედეგების გამოქვეყნების შემდეგ’’ – წერს რუსულენოვანი ინსტაგრამ-გვერდი newsyakutska და ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ტრამპი და პუტინი ღვინოს სვამენ. იგივე ფოტოები რუსულენოვანმა ინსტაგრამ – ანგარიშმა etorussia_detka , ასევე ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა ბრძნული გამონათქვამები გამოაქვეყნეს. პოსტის კომენტარებიდან ჩანს რომ ფოტოებს, მომხმარებლების უმეტესობა როგორც რეალურს ისე აღიქვამს.
ტრამპის და პუტინის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და თავდაპირველად 2024 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა. ასევე არ იძებნება ინფორმაცია არჩევნების შემდეგ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ.
-
ტრამპის და პუტინის ფოტოები AI-ის მიერაა გენერირებული
გავრცელებული ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს. მაგალითად, პუტინის ღვინის ჭიქას ორი ფეხი აქვს, ხელის თითები კი არაბუნებრივად ჩანს. ტრამპის ყური არ არის გამოკვეთილი და თმა არაბუნებრივად ეფარება ერთ-ერთ ყურზე.
მეორე ფოტოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ჭიქას ფეხი არ აქვს, თეფშზე დადებული კოვზი და ჩანგალი ერთმანეთს ერწყმის, საჭმელი კი არაბუნებრივად გამოიყურება.
ორივე ფოტო თავდაპირველად 2024 წლის 9 იანვარს, ინსტაგრამ-გვერდმა nftplug განათავსა სერიაში ,,AI CREATES A SCENARIO FOR DATE NIGHT INVOLING, PUTIN AND TRUMP’’. ფოტოები ხელოვნური ინტელექტით კერძოდ კი Midjourney-ით არის გენერირებული. nftplug -ის აღწერაში მითითებულია, რომ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ კონტენტს აქვეყნებს.
ფოტოები სოციალურ ქსელში 2024 წლის იანვრიდან ვრცელდება. ფოტოები გერმანულოვანმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა CORRECTIV -მა და სერბულმა istinomer -მა გადაამოწმეს. ასევე, არ იძებნება ცნობები მათი ახალი შეხვედრის შესახებ. ისინი წარსულში 2018 წელს ფინეთში და 2019 წელს იაპონიაში შეხვდნენ.
მარი მარხვაიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.