4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომელიც, ჟურნალისტის წარდგენის მიხედვით, “ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში სავარაუდო წარმომადგენლად განიხილება”. ინტერვიუში ლოუ საუბრობდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, ევროკავშირში შესასვლელად მუშაობა გააგრძელოს, ასევე, განიხილავდა აშშ-ის “უსამართლო ქმედებებს” ქვეყანასთან მიმართებით.
აღნიშნული ციტატები, როგორც ინტერვიუ პირთან, რომელიც ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურ წარმომადგენლად განიხილება, გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც: იმედმა (1;2;3;4); რეპორტიორმა (1;2); ნიუსჰაბმა; მედიაჰოლდინგმა კვირა (1;2); გურია თაიმსმა; ასევე, ფეისბუქ-მომხმარებლებმა და გვერდებმა (1;2;3;4;5).
ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ლოუს ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წარმომადგენლად ან უკვე აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფ პირად მოიხსენიებს (1;2;3;4). ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს საფუძველზე ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს არჩევნები აღიარა და რესპონდენტის მოსაზრებები ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს (1;2;3;4;5). “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი კი ამტკიცებს (1;2), რომ ლოუ “ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სავარაუდო ძირითადი საყრდენია”.
მტკიცება, თითქოს კიმბერლი ლოუ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით საუბრობს, ან უკვე იკავებს რაიმე თანამდებობას, დეზინფორმაციულია. ღია წყაროებით არ დასტურდება ისიც, რომ მას აღნიშნულ პოზიციაზე განიხილავენ. ლოუს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს ერთ მონაკვეთში ის ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნაზე საუბრობს.
4 დეკემბერს “მითების დეტექტორმა” უკვე გამოაქვეყნა მიმოხილვა კიმბერლი ლოუს შესახებ, თუმცა აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება მისი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად მოხსენიება, რომლის განცხადებებზე დაყრდნობითაც, ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიში წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში არჩევნები აღიარა.
5 დეკემბერს კიმბერლი ლოუმ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ინტერვიუს ჩანაწერი თარგმანის გარეშე გამოაქვეყნა. ვიდეოში არ ისმის გიორგი გვიმრაძის მიერ დასმული კითხვები, თუმცა ვისმენთ, თუ რას პასუხობს ის ჟურნალისტს. გამოქვეყნებული ინტერვიუ ლოუს მისალმებითა და საკუთარი თავის წარდგენით იწყება. ლოუ ამბობს, რომ მისი ოჯახი ვირჯინიაში 1600 წლიდან ცხოვრობს, თვითონ კი პოლიტიკაში 10 წელია, ჩართულია. აღნიშნულ ნაწილში არ ახსენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით საუბრობს. ვიდეოში ის საქართველოში არსებულ პრობლემებსა და ქვეყნის მიმართ აშშ-ის “უსამართლო ქმედებებს” განიხილავს. რაც შეეხება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, ლოუ ამბობს, რომ გადაჭრაზე მუშაობისთვის უნდა გახდეს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამის შემდეგ, ამტკიცებს, რომ საქართველოს დაეხმარება ევროკავშირში შესვლასა და მოლაპარაკებების დაწყებაში ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, “მეზობელ რუსეთთან”.
ხაზგასასმელია, რომ ლოუ ინტერვიუს ორიგინალ ვერსიაში საუბრობს სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნაზე, თუმცა ჟურნალისტმა ინტერვიუს წარდგენისას და დასრულების შემდეგ მაყურებელს უთხრა, რომ ლოუ ამ პოზიციაზე განიხილება. აღსანიშნავია ისიც, რომ პოზიციის შექმნის ნაწილი ქართულად თარგმნილ ინტერვიუში არ არის მოხვედრილი.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და გვსურს დაუყოვნებლივი შეხვედრა თქვენს პრემიერ-მინისტრთან, რათა განვიხილოთ ის, რაც საქართველოში ხდება. იმისთვის, რომ შეიქმნას სპეციალური წარმომადგენელი [პოზიცია] ჩვენ გვჭირდება თქვენი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა. თქვენი და სხვა პრემიერების მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება ევროკავშირში სპეციალური წარმომადგენლის [პოზიციის] შექმნა. ამ გზით ერთად მუშაობა შეგვეძლება.
[…] როგორც ევროკავშირში სპეციალური წარმომადგენელი, მე აღვადგენ ტრანს-ატლანტიკურ პარტნიორობას აშშ-ს კონგრესისა და ევროკავშირის წევრებს შორის”. – ამბობს ის.
ლოუ ინტერვიუს და მასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას ფეისბუქ-პოსტითაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კომენტარის მონაკვეთები არასწორად იყო თარგმნილი. პოსტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ინტერვიუს არცერთ მონაკვეთში არ უთქვამს ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის შესახებ. როგორც ის წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან, “ქართულ ოცნებასა” თუ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას ან მის შესაძლო კანდიდატურას, პოსტში ვკითხულობთ:
“კიმბერლი ძირს არ უთხრის ქართველი ხალხის გრძნობებსა და განწყობებს, სანაცვლოდ, ის სთავაზობს ქვეყანაში ამჟამინდელი გამოწვევების გადასაჭრელ გზას, რომელიც არის ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის [პოზიციის] შექმნა, აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების ხელახლა გახსნის, საქართველოს ევროკავშირში შესვლისა და ქვეყნებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შუამავალის როლის შესრულების მიზნით.
დეკემბრის პირველ კვირებში ევროპარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, რათა განმტკიცდეს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის დროს. სპეციალურ წარმომადგენელს შეუძლია, იმოქმედოს რთული და მრავალმხრივი საკითხების გადასაჭრელად ელჩის ტიპიური ხელმისაწვდომობის მიღმა.
ევროკავშირში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნა მხოლოდ ამ კვირაში იქნა შეთავაზებული. დრაფტი შექმნილია ევროპული ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტის წევრების დახმარებით და ახლა გაეგზავნა შესაბამის გამზირზე ტრამპის გარდამავალ გუნდს განსახილველად”.
ამრიგად, ლოუმ თავადვე უარყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში რაიმე პოზიციას ამ დროისთვის იკავებს. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის გუნდი მას ევროკავშირში სპეციალურ წარმომადგენლად განიხილავს, არ დასტურდება არც ღია წყაროებით და არც თავად ლოუს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს ინგლისური ვერსიით. ინტერვიუში ის პოზიციის შექმნას ახსენებს, რაც ქართულად თარგმნილ ვერსიაში არ მოხვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა რესპონდენტი წარადგინა იმ პოზიციაზე დანიშვნის კანდიდატად, რომლის შექმნის იდეაზეც რესპონდენტი ინტერვიუში საუბრობდა.
ლოუ რესპუბლიკური პარტიის წევრია და 2024 წელს აშშ-ის სენატის არჩევნებში სცადა მონაწილეობის მიღება, თუმცა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის კანდიდატი არ ყოფილა და იმ პირებს შორის იყო, რომლებმაც პრაიმერიდან კანდიდატურა ან მოხსნეს, ან დისკვალიფიცირებული იყვნენ. 2022 წელს ლოუმ ასევე სცადა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული იყო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ხელმოწერები და მის განაცხადში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. საპასუხოდ ლოუმ განაცხადა, რომ “პარტის ესტაბლიშმენტი” მის დაბლოკვას ცდილობდა. ვრცლად მის შესახებ წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.