24 დეკემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ- ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო სათაურით, ,,დონალდ ტრამპი: ზელენსკი გაანადგურებს უკრაინას!“.
კადრებში ჩანს დონალდ ტრამპის ინტერვიუ ამერიკულ მედია NBC-სთან. ჟურნალისტი მას ეკითხება თუ როგორ ჩაირა ზელენსკისთან ინტერვიუმ. ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი ანადგურებს თავის ხალხს, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. მისი თქმით, ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია და უკრაინაში არჩევნები ხელახლაა ჩასატარებელი. ვიდეო რუსულ ენაზეა გახმოვანებული.
დონალდ ტრამპი: “როგორც ყოველთვის, მან მხარდაჭერა მთხოვა – მეტი ფული, იარაღი რუსეთთან ომისთვის და ა.შ. ეს განგაშის სიგნალია ყველასთვის და ამერიკისთვისაც. იმიტომ, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის რას აკეთებს. ის საკუთარ ერს ანადგურებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ის გამოუვალ მდგომარეობაშია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა ელის მას. ეს მანაც იცის და ამიტომაცა მზად იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, როგორც ეს დაუწესა ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედმა მთავრობამ.
მე მას გავუჟღერე ჩემი მოთხოვნები, რომ რაიმე ტიპის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, როგორც მინიმუმ, არჩევნები უნდა ჩაატაროს უკრაინაში. ის არალეგიტიმური პრეზიდენტია. ახლად არჩეული პრეზიდენტი უნდა დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან…”
ვიდეოს ქვედა კუთხეში ტიკტოკ ანგარიში antiterror2025 ჩანს, რომელიც აღნიშნული ვიდეოს პირველწყაროა.
მტკიცება, თითქოს ტრამპი ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და უკრაინაში ახალ არჩევნებს ითხოვს, დეზინფორმაციაა. ვიდეოში გამოყენებული კადრები ტრამპის მიერ NBC – ისთვის მიცემული ინტერვიუდანაა, თუმცა რუსულენოვანი თარგმანი გამოგონილია და ტრამპს მსგავსი შინაარსის სიტყვები არ უთქვამს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დონალდ ტრამპის მიერ ამერიკული მედიის NBC-სთვის მიცემული ერთსაათიანი ინტერვიუს ფრაგმენტია. აღნიშნულ ინტერვიუში, რომელიც ტრამპმა NBC-ის 8 დეკემბერს მისცა, საერთოდ არ არის ნახსნები უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. საუბარი არის რუსეთ-უკრაინის ომზე, თუმცა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი საუბრობს პუტინთან მოლაპარაკებებსა და ყოფილი ადმინისტრაციის სისუსტეებზე, ასევე ახსნებს უკრაინულ მხარეს, კერძოდ ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს ოფიციალურ მონაცემებზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება დაღუპული.
აღნიშნული ინტერვიუდან აღებული კადრები სარკისებურად არის შებრუნებული, შემდეგ კი არასწორი თარგმანი აქვს გადადებული.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს მის ინაუგურაციამდე დაასრულებდა და ,,ტრაგედიას” უწოდებს ორივე მხარის მსხვერპლს. ასევე ტრამპი სოციალურ მედიაში ამბობდა, რომ ,,უკრაინასა და ზელენსკის შეთანხმების დადება და ამ სიგიჟის შეჩერებას სურდათ.”
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ასევე მანიპულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ტრამპმა ზელენსკის ომის დასრულება მოსთხოვა.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ-მომხმარებელი Светлана Городинская დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ვიზუალური მანიპულაციები ,,მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
დავით ქათამაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.