4 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა “თბილისი ოცდაოთხი” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს რუსულენოვანი გახმოვანების მიხედვით, ტრამპი უკრაინას ღატაკ ქვეყანას უწოდებს, რომელშიც აშშ-ს მილიარდები არ უნდა ჩაედო და ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ომს წააგებს, ხოლო პუტინს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უდიდესი გავლენა ექნება. ამავე ვიდეოდან სქრინშოტი თანდართული ციტატით დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ლევან თავდიშვილმაც გამოაქვეყნა.
ვიდეო და სქრინშოტი ასევე გაავრცელეს რუსულენოვანმა (1;2) ფეისბუქ-ანგარიშებმა, მათ შორის, წარსულში დეზინფორმაციის გამავრცელებელმა ანგარიშმა Лена Белка-მ.


დონალდ ტრამპის გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია. ტრამპის კადრებს მცდარი რუსული თარგმანი აქვს დართული. რეალურად, ის მედიასთან არა უკრაინის დახმარებაზე, არამედ ტარიფების სარგებლიანობასა და უზენაესი სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობდა.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია. რეალურად, დონალდ ტრამპის კადრები 3 სექტემბერს თეთრ სახლში მედიასთან გაკეთებული კომენტარს ასახავს. აშშ-ის პრეზიდენტს ტარიფების საქმის შესახებ ჰკითხეს, რომელიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტარიფები აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მას სხვა ქვეყნები ამერიკის მიმართ იყენებენ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ტარიფების წყალობით აშშ-ში ტრილიონობით დოლარი შედის და მის გარეშე ქვეყანა გაღარიბდებოდა. საქმესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლო ტარიფების სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
დონალდ ტრამპი: “ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ჩვენს ქვეყანაში ტრილიონობით დოლარი შემოდის. ტარიფების გარეშე, ჩვენ ძალიან ღარიბი ერი ვიქნებოდით და მსოფლიოს ყველა სხვა ერი, მეგობარიც და მტერიც, ამით ისარგებლებდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უზენაეს სასამართლოში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, კვლავ წარმოუდგენლად მდიდარი გახდეს, მაგრამ ასევე შეიძლება კვლავ წარმოუდგენლად ღარიბი გახდეს. თუ ამ საქმეს ვერ მოვიგებთ, ჩვენი ქვეყანა ძალიან დაზარალდება.”
შესაბამისად, ვიდეოს რუსულენოვანი თარგმანი სრულად გამოგონილია და აღნიშნულ მონაკვეთში ტრამპი უკრაინაზე არ საუბრობს. ტრამპის მსგავსი შინაარსის განცხადება არც ღია წყაროებით იძებნება. ფეისბუქზე გავრცელებულ რუსულენოვან ვიდეოს თარგმანი იმგვარად აქვს დადებული, რომ მაყურებელს მხოლოდ რუსული ხმა ესმის, ფონზე ინგლისურად ტრამპის ცალკეული სიტყვების გარჩევა შესაძლებელია, თუმცა გარკვევა, თუ რის შესახებ საუბრობს ის – არა.
2025 წლის მაისში მცირე ბიზნესისა და ამერიკის რამდენიმე შტატის მიერ წარდგენილი საჩივარის საპასუხოდ ნიუ-იორკში მდებარე საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც გაამყარა. გადაწყვეტილების აღსრულება ჯერჯერობით შეჩერებულია. თუ უზენაესი სასამართლო საქმის გადახედვაზე უარს იტყვის, ის შეიძლება ძალაში 14 ოქტომბერს შევიდეს.
ვიდეოს პირველწყარო უცნობია. რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელმა ვიდეო TikTok-ის ანგარიში novostipovsudu-ს გვერდიდან მოიპოვა, რაზეც პლატფორმის თანდართული ლოგო და ანგარიშის სახელი მეტყველებს. ანგარიშმა ტრამპის ვიდეო 4 სექტემბერს გამოაქვეყნა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















