2024 წლის 8 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ – ანგარიშმა გერმანული სატირული ჟურნალის TITANIC-ის გარეკნის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „ ABZUG DER USA AUS DER UKREINE ERINNERT AN ETWAS” – „უკრაინიდან აშშ-ის გასვლა რაღაცას გვახსენებს“.
ფოტოზე გამოსახულია ამერიკის შეერთებული შტატების მიმავალი თვითმფრინავი და ადამიანები, რომლებიც თავგანწირვით ცდილობენ მოეჭიდონ მას, რათა თავი გადაირჩინონ ჩამოვარდნისგან.
„ჰმ.. ნაცნობი სიტუაცია? მაგრამ ამჯერად ისინი გაცილებით ჯიუტები არიან“ – გერმანელებმა მოიყვანეს ზუსტი ასოციაცია ამერიკის ავღანეთიდან სამარცხვინო გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც ათასობით ავღანელი, რომლებიც ამერიკელებზე მუშაობდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, თვითმფრინავიდან გადმოყარეს ამერიკელებთან ერთად – წერია პოსტის აღწერაში.
გარეკანი ასევე ვრცელდება სხვადასხვა რუსულენოვან (1, 2 ) ტელეგრამ-არხებზე.
სატირული ჟურნალის TITANIC-ის სახელით გავრცელებული გარეკანის ფოტო ყალბია. დასახელებული ჟურნალის არც ახალ და არც წინა ნომრებში მსგავსი ინფორმაციის შემცველი გარეკანი არ გამოქვეყნებულა.
გავრცელებულ გარეკანის ფოტოზე აღნიშულია, რომ ეს გამოცემის ნოემბრის ვერსიაა და მასზე სერიული ნომერი A4352 არის დატანილი. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის, თუმცა ნოემბრის ვერსიის გარეკანი სერიული ნომრით – A4352 განსხვავებულია და მასზე გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპია გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ილუსტრაციას არ ვხვდებით გამოცემის არც წინა ნომრებში და არც სოციალური ქსელის ანგარიშებზე (1, 2, 3).
მსგავსი შინაარსი ყალბი გარეკანის ფოტოები რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების როლის დიკრედიტაციას დასავლური წყაროების სახელით, როგორიც არის ჟურნალი TITANIC და სხვა გამოცემები, რომელთა სახელები ადრეც გამოიყენეს.
ამ შინაარსის დეზინფორმაციამ განსაკუთრებით იმატა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. “მითების დეტექტორმა” დღემდე არაერთი დასავლური გამოცემის სახელით გავრცელებული ყალბი გარეკანი გამოავლინა,, მათ შორისაა TITANIC და CHARLIE HEBDO. ვრცლად, იხილეთ:
- ჟურნალ TITANIC-ს სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება
- უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე შარლი ებდოს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
- ზელენსკის გამოსახულებით გერმანული HANDELSBLAT-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
ნინი ბლუიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.