19-20 მარტს ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3, 4 ) და ქართულენოვან ანგარიშებზე ქუჩაში შეკრებილი მრავლრიცხოვანი ხალხის ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა, რომელთაც, თურქეთში მიმდინარე აქციებს უკავშირებენ. პირველ ვიდოეში მანქანების კოლონა და პარალელურად მიმავალი ხალხი ჩანს. აღნიშნული ვიდეო ონლაინ გამოცემა “ტაბულამაც” გაავრცელა, თუმცა, მოგვიანებით, წაშალა. მეორე ვიდეოში კი ერთ-ერთ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა ჩანს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ორივე ვიდეო ძველია და თურქეთში მიმდინარე აქციებს არ უკავშირდება. პირველი ვიდეო 2024 წლის სექტემბერში რომის პაპის მიერ აღმოსავლეთ ტიმორში ვიზიტსა და მომლოცველებთან შეხვედრას ასახავს. მეორე ვიდეო კი 2024 წლის დეკემბერში სერბეთის აქციებზეა გადაღებული.
-
პირველი ვიდეო აღმოსავლეთ ტიმორშია გადაღებული
პირველი ვიდეო, რომელშიც მანქანების კოლონა და პარალელურად მიმავალი მრავალრიცხოვანი ხალხი ჩანს, 2024 წლის სექტემბერში აღმოსავლეთ ტიმორშია გადაღებული და თავდაპიველად, ტიკ-ტოკზე, ანგარიშმა rey.marques -მა ატვირთა.
რომის პაპი ფრანსცისკე აღმოსავლეთ ტიმორში მომლოცველებს 10 სექტემბერს შეხვდა. კადრებში სწორედ პაპთან შესახვედრად შეკრებილი პილიგრიმები ჩანს. ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 სექტემბერს აღმოსავლეთ ტიმორში მცხოვრები 1.3 მილიონი ადამიანიდან მესას 600 000 დაესწრო.
რეი მარკესმა, ფოტოგრაფმა აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქ დილიდან, რომელმაც ვიდეო ტიკ-ტოკზე ატვირთა, AFP– ის ფაქტების გადამოწმების სამსახურს განუცხადა, რომ არ იცის ვინ არის ვიდეოს ავტორი, თუმცა დაადგინა, რომ კადრები ქალაქის რაიკოტუს გენერალურ სასაფლაოს მახლობლად არის გადაღებული.
AFP-მა კადრები ამავე ლოკაციაზე Google Street View-ში ატვირთულ სურათებს შეადარა და დაადასტურა, რომ კადრები ნამდვილად რაიკოტუს გენერალურ სასაფლაოს მახლობლად არის გადაღებული. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კადრებში ასახული შენობა, ქუჩა და ხე შედარებულია Google Street View-ში შესაბამის ელემენტებთან. ორივე მათგანი ერთმანეთის იდენტურია.


უფრო მაღალი რეზოლუციის ვიდეოში ასევე ჩანს აღმოსავლეთ ტიმორის დროშა და რომის პაპის პლაკატი.

რომის პაპთან მომლოცველების შეხვედრა ადგილობრივმა მედიამაც გაშუქა და TVET Entertainment-ის ფეისბუკის გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებული სცენის მსგავსი კადრი ჩანს.
აღსანიშნავია, რომ ეს კადრები წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოვლენას უკავშირებდნენ. AFP – ის გადამოწმებულ სტატიაში ამ კადრებს 2024 წელს ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის როდრიგო დუტერტესა და მისი ოჯახის მხარდასაჭერ აქციადაც წარმოაჩენდნენ. აღნიშნულ ვიდეოს 2024 წლის სექტემბერში, ინდოეთში, მუმბაიში, ყველაზე დიდ აქციადაც წარმოაჩენდნენ.
-
მეორე ვიდეო სერბეთშია გადაღებული
მეორე ვიდეო კი, რომელსაც ასევე თურქეთის აქციებს უკავშირებენ, სერბეთში, 2024 წლის 22 დეკემბერსაა გადაღებული. აღნიშნული კადრები სხვადასხვა მედიაში გავრცელდა. კადრი ზუსტად იდენტური რაკურსით 2024 წლის 22 დეკემბერს Euronews – ის ბოსნიურმა სამსახურმაც გამოაქვეყნა.

სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები, ნოვი სადში, ნოემბერში, 15 ადამიანის დაღუპვას მოჰყვა, რომლებიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ. მოსახლეობა დაღუპულებზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის მთავრობას სთხოვდა. მომიტინგეები ხელისუფლებას კორუფციასა და და უხარისხო მშენებლობაში ადანაშაულებდნენ.
რამდენიმეთვიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, 19 მარტს სერბეთის პარლამენტმა მთავრობის გადადგომას ოფიციალურად მხარი დაუჭირა.სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, თუ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება მომდევნო 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩაინიშნება.
- რა ხდება თურქეთში?
თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა. იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილება, 19 მარტს, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
იმამოღლუ „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) წევრია და ერდოღანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტად განიხილება. პროკურორები სტამბულის მერს კორუფციასა და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და მას „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერს“ უწოდებენ. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დამატებით 100 ადამიანის დაკავების ორდერიც გასცა, მათ შორის არიან: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები. სტამბულის გუბერნატორმა კი დემონსტრაციებზე 4-დღიანი შეზღუდვა დააწესა. ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე უნივერსიტეტის კამპუსებსა და მიწისქვეშა სადგურებში. მომიტინგეები ერდოღანს დიქტატორს უწოდებენ და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
Reuters-ის კადრების მიხედვით, პოლიციამ სტამბულის უნივერსიტეტის გარეთ ხალხის დასაშლელად წიწაკის სპრეიც გამოიყენა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიში Георгий Кушиташвили პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობით გამოირჩევა და არაერთი მცდარი ინფორმაცია გაუვრცელებია, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
ყალბ ინფორმაციას, ასევე, რეგულარულად ავრცელებს ფეისბუკ-ანგარიში “ბაႵარ ზაალიშვილი”. (1, 2, 3.). დეზინფორმაცია გაუვრცელებია Aibek Chekoshev – ც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.