2024 წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელ Threads-ზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ცნობილი ანიმაციური სერიალი “სიმპსონების” პერსონაჟი ჰომერ სიმპსონია ნაჩვენები. ფოტოზე შემოხაზულია მისი ყური, რომელზეც ანგარიშის მტკიცებით Threads-ის ლოგოა გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ ანიმაციამ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა ამ სოციალური ქსელის შექმნა. აღსანიშნავია, რომ იდენტური პოსტები 2023 წელს არაერთმა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა (1, 2, 3, 4, 5).
ანიმაციაში ჰომერ სიმპსონის ყურზე Threads-ის ლოგოს მსგავსი ფორმა არ ჩანს, სოციალურ ქსელში კი ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ჰომერის ყურზე განსხვავებული ფორმის რკალისებური ნიშანი აქვს დატანებული, რომელიც ფანების აზრით მისი შემქნელის ინიციალს აღნიშნავს.
“მითების დეტექტორმა” გავრცელებული ფოტოს გადამოწმების მიზნით ინტერნეტში მოიძია ანიმაციის გმირის ფოტოები და ასევე გადაამოწმა მისი სინამდვილე “სიმპსონების” სხვადასხვა სეზონების არაერთ სერიაში. გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო ყალბია და რეალურად პერსონაჟის ყურზე არა Threads-ის ლოგო, არამედ განსხვავებული რკალისებური ფორმაა დახატული.


საინტერესოა, რომ წლების მანძილზე ჰომერ სიმპსონის ყურის შესახებ განსხვავებული თეორია ვრცელდება. კერძოდ, მის ყურის ზემოთ ცხადად ჩანს ინგლისური ანბანის ასო M (ემი). ამასთანავე, ფანების ნაწილის აზრით მისი ყური გავს ასო G-ის (ჯი), MG კი სწორედ პერსონაჟს შექმნელი მეთ გრონინგის (Matt Groening) ინიციალებია.
“სიმპსონებს” მნიშვნელოვანის მოვლენების წინასწარმეტყველებას ხშირად მიაწერენ, რის გამოც წლების მანძილზე ეს მტკიცებები შეთქმულების თეორიის ნაწილად ჩამოყალიბდა. რეალურად, ეს “წინასწარმეტყველებები” ან უბრალოდ დამთხვევებია, ან სერიალში საერთოდ არ გვხვდება და მას შეცდომით მიაწერენ. “მითების დეტექტორმა” მსგავსი მტკიცებები წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- გვხვდება თუ არა საქართველოს დროშა “სიმპსონებში”?
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს
- იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?
- რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
- იწინასწარმეტყველა თუ არა “სიმპსონებმა” კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობა?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.