20 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გაავრცელა პოსტი, რომელშიც პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა. ასევე, ჯიშკარიანის მტკიცებით, 19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა, ლუის სილვამ და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, ჯანმრთელობის პრობლემების მომიზეზებით. პოსტის მიხედვით, ზელენსკის “უკვე ყველა ერიდება, როგორც ცოფიან ძაღლს”.
მტკიცებები იმის შესახებ, რომ ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმეს, დეზინფორმაციულია. ლუის სილვასა და უკრაინის ლიდერის შეხვედრა 20 სექტემბერს შედგა, ხოლო ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა არ გაუქმებულა და თეთრ სახლში კვირის ბოლოს არის ჩანიშნული. ამასთანავე, ზელენსკიმ უკვე გამართა შეხვედრები არაერთი ქვეყნის და ორგანიზაციის ლიდერთან. რაც შეეხება დუდას, მასთან შეხვედრა ამ ეტაპზე მართლაც გაუქმებულია, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა, მოგვიანებით შედგეს.
ანდჟეი დუდასა და ზელენსკის შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში 19 სექტემბერს იყო ჩანიშნული, მართლაც გაუქმდა, რის მიზეზადაც პოლონეთის პრეზიდენტმა სამუშაო გრაფიკში შეტანილი ცვლილებები დაასახელა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა შეხვედრა მომდევნო დღეების განმავლობაში მაინც შედგეს.
ჯიშკარიანის მტკიცების მიუხედავად, ბრაზილიისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაუქმებულა და ის 20 სექტემბერს შედგა. ლუის სილვამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში მიმდინარე ომზე და მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრა. მათ ასევე გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილი. ასევე, სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილია გმობს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მზადაა, ესაუბროს ომში ჩართულ ორივე მხარეს. აღსანიშნავია, რომ 21 მაისს დიდი შვიდეულის სამიტზე ბრაზილიისა და უკრაინის ლიდერებს შორის ჩანიშნული შეხვედრა არ შედგა, ბრაზილიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო შედეგით, რადგან ზელენსკისთან მნიშვნელოვან თემებზე საუბარი სურდა.

საერთაშორისო მედიების ინფორმაციით (1,2,3), ზელენსკი და მისი მეუღლე ნიუ-იორკიდან გაემგზავრებიან ვაშინგტონში, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრ სახლში უმასპინძლებენ. კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა და არც შეხვედრის გაუქმების შესახებ გაკეთებულა განცხადება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სამიტის ფარგლებში ჩავიდა. 19 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსული აგრესიის საფრთხეებს უკრაინისა და მთელი მსოფლიოსათვის. 19-20 სექტემბერს ზელენსკიმ არაერთი შეხვედრა გამართა მსოფლიო ლიდერებთან, რომელთა შორის იყვნენ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ; გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი; გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; კენიისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები; ევროკომისიის პრეზიდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; ჩილეს პრეზიდენტი; ალბანეთის პრემიერ მინისტრი.




წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში “Eduard Jishkariani” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად აზიარებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1, 2, 3.).
არქივის ლინკი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.