26 სექტემბერს ფეისბუქზე გავრცელდა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის განცხადება, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველო ომს დაიწყებდა. საყვარელიძემ ეს განცხადება გამოცემა რეზონანსთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც მედიის ონლაინ-პორტალზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.
მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა, ქვეყანა ომში ჩაერთვებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მედიასა და ოფიციალურ წყაროებში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იძებნება.
“მითების დეტექტორმა” ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე სცადა მოეძია წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მართლაც განაცხადა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის შემთხვევაში საქართველო ომში ჩაერთვებოდა, თუმცა მსგავი მტკიცება არც მედიებსა და არც სახელისუფლებო უწყებების ოფიციალურ საიტებსა თუ სოციალურ ქსელებში არ იძებნება.
2023 წელს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. რეალურად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება ახალი პერსპექტივები ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თუმცა მას არ უთქვამს, რომ ამისათვის ქვეყანამ ომი უნდა დაიწყოს ან ის, რომ ომის დაწყება ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის შემთხვევაში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ რამაზ საყვარელიძის მიერ გავრცელებული მტკიცების მსგავსი განცხადება ეკუთვნის უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილ მრჩეველ ოლექსეი არესტოვიჩს. მან 2022 წლის აპრილში განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ მისი აზრით არც საქართველოს და არც მოლდოვას იმ მომენტისთვის არ ყავდა ხელისუფლება, რომელიც მზად იქნებოდა ომში ჩასართავად. თუმცა, მისივე აზრით მიხეილ სააკაშვილი არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლო მსგავს რისკებზე წასვლა და სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.
უნდა აღინიშნოს, რომ არესტოვიჩმა 2023 წლის 17 იანვარს დატოვა თანამდებობა, მას შემდეგ რაც წინა დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ კომპლექსს არა რუსული რაკეტა, არამედ მისი ნარჩენები მოხვდა, მას შემდეგ რაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. გადადგომის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაიწყო კრიმინალური გამოძიება, რის გამოც არესტოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. იგი რეგულარულად წერს ვიდეო მიმართვებს, სადაც მუდმივად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.