2024 წლის 14 თებერვალს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა განაცხადა, რომ უკრაინელები ომში დაღუპული ჯარისკაცების ნაწილის გვამებს წვავენ, იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ მათი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის გადახდა. მჟავანაძის მტკიცებით, ეს პროცესი ადგილზევე მიმდინარეობს და ამისათვის სპეციალური მობილური კრემაციის მანქანები გამოიყენება, რომლებიც უკვე აღმოაჩინეს კიდეც ბრძოლის ველზე.
არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს თითქოს უკრაინელები დაღუპული მებრძოლების გვამებს წვავენ. ომის დაწყების შემდეგ, მსგავსი ბრალდება ძირითადად რუსული მხარის მიერ არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ყველა მათგანი მცდარი და დაუდასტურებელი აღმოჩნდა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისათვის გადასაცემ კომპენსაციად განისაზღვრა 15 მილიონი ჰრივნა. ნიკოლოზ მჟავანაძე გადაცემაში ამბობს, თითქოს სწორედ ამ ხარჯების თავიდან ასარიდებლად თავდაცვის ძალები კრემაციას უტარებენ გარდაცვლილ მებრძოლთა გვამებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ ომის ფრონტზე უკრაინის მიერ გამოყენებადი მობილური კრემაციის დანადგარები აღმოაჩინეს, თუმცა რეალურად ამის დამადასტურებელი არანაირი ფოტო/ვიდეო მასალა არ არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელების მიერ გარდაცვილილი ჯარისკაცების გვამების დაწვის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა რუსულ მედიაში. მათი ნაწილი ემყარებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკ ოლეგ ივანნიკოვის განცხადებას, რომლის მიხედვით უკრაინამ გერმანიისგან 20 ასეთი მობილური კრემაციის დანადგარი მიიღო. ივანნიკოვი ამტკიცებდა, რომ ამით უკრაინა ცდილობდა დანაკარგების დიდი რაოდენობის დამალვას და ფრონტზე ეპიდემიების გავრცელებასთან ბრძოლას. საგულისხმოა, რომ ვიცე-პოლკოვნიკს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სოციალურ ქსელებში პრო-რუსული ანგარიშები ასევე ავრცეელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ქალაქ ზაპორიჟიაში არსებულ კრემატორიუმში მთელი დღის მანძილზე წვავენ გარდაცვილი ჯარისკაცების გვამებს, რის გამოც მოსახლეობას სუნთქვაც კი უჭირს, თუმცა სინამდვილეში, როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Vox Ukraine წერს, აღნიშნულ ქალაქში კრემატორიუმი საერთოდ არ არსებობს.
2023 წლის აგვისტოში სოციალური ქსელების რუსულენოვანი მომხმარებლების ანგარიშებზე და რუსულ მედიებში ვრცელდებოდა დოკუმენტის ფოტო, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიული დაცვის 123-ე ბრიგადის მეთაური უბრძანებს მის ქვეშევრდომებს შექმნან მობილური კრემატორიუმები. ეს ფოტო ფაქტების გადამმოწმებელმა უკრაინულმა ორგანიზაცია Vox Ukraine-მა და საერთაშორისო მედია Reuters-მა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტი ყალბია, რაზეც მასში დაშვებული არაერთი ფაქტობრივი შეცდომა და ის ფაქტი მოწმობს, რომ ეს ბრიგადა ნიკოლაევის ოლქს ეკუთვნის, დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ ის ხერსონის ოლქის მიერ იყო გაცემული.

აღსანიშნავია, რომ თავად უკრაინულ მხარესაც არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი, გარდაცვლილი ჯარისკაცების კრემაციაში. უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო ძალებისა და გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი აქტიურად იყენებს მობილურ კრემატორიუმებს დიდი დანაკარგების დამალვისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. თუმცა, კონკრეტული მტკიცებულებები არც მათ წარმოუდგენიათ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.