დეზინფორმაცია, თითქოს ქიმტრეილების გაფრქვევისთვის ამერიკელი სამხედროები დააკავეს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ქიმტრეილები
89
VIEWS

30 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა რუსულად გახმოვანებული The People’s Voice-ის ვიდეო, რომლის თანახმად ქიმტრეილების ოპერატიული ჯგუფის მუშაობის შედეგად 2 სამხედრო პირი ფლორიდაში ქიმიტრეილების გაფრქვევისთვის დააკავეს და მათ ატმოსფეროს უკანონო მანიპულაციისთვის და გარემოსა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს. გადაცემის წამყვანის შონ ადლ-ტაბატაის თქმით, კანადელმა პოლიტიკოსმა დანიელ სმიტმა დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები ჩრდილოეთ ამერიკაში “ქიმტრეილებს აფრქვევენ”. ადლ-ტაბატაი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებში სამსახურის დროს ვეტერანმა კრისტენ მეგანმა ქიმტრეილები იკვლია და შემდეგ მათთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. გადაცემაში მოყვანილია მეგანთან ინტერვიუს ნაწყვეტი და ის გარემოს დაცვის სპეციალისტად არის წარმოჩენილი.

25-28 აპრილს იგივე ინფორმაცია ფეისბუქზე რუსულ ენაზეც გავრცელდა და 2 მაისს გამოქვეყნდა რუსულენოვან საიტზე Rainboway.info.

ქიმტრეილები

ქიმტრეილები

გავრცელებული ვიდეო ქიმტრეილების შესახებ კონსპირაციის თეორიას და ყალბ ინფორმაციას შეიცავს: 1) მტკიცებები ქიმტრეილების შესახებ კონსპირაციის თეორია და მათი არსებობა არ დასტურდება; 2) “ქიმტრეილების ოპერატიული ჯგუფის” შექმნის ან მათი საქმიანობის შედეგად სამხედროების დაკავების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ არსებობს; 3) კანადელ პოლიტიკოსს აშშ კანადაში ქიმტრეილების გაფრქვევაში არ დაუდანაშაულებია; 4) კრისტენ მეგანი თვითმარქვია ექსპერტია და წლებია სხვადასხვა საკითხზე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს.

  • მტკიცებები ქიმტრეილების შესახებ კონსპირაციის თეორია და მათი არსებობა რეალობას არ შეესაბამება

მტკიცებები, რომ მთავრობები ან სამხედრო ძალები თვითმფრინავების საშუალებით ცაში სხვადასხვა ქიმიკატებს აფრქვევენ და ქიმტრეილებს ქმნიან, კონსპირაციის თეორიის ნაწილია და რეალობას არ შეესაბამება. ქიმტრეილების შეთქმულების თეორია 1990-იანი წლიდან ვრცელდება და სხვადასხვა მტკიცებას მოიცავს, თითქოს ქიმტრეილებს სხვადასხვა დანიშნულებით, მოსახლეობის შემცირების, ადამიანთა გონების კონტროლის, დაავადებების გამოწვევის, ვირუსების გავრცელების, ვაქცინების გავრცელებისთვის იყენებენ. CNN-თან კომენტარში კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტმა მკვლევარმა სიჯია სიაომ, რომელმაც ქიმტრეილების კონსპირაციის თეორიაზე კვლევა ჩაატარა, აღნიშნა, რომ არ არსებობს კონსპირაციის თეორიის ერთი კონკრეტული ვერსია და მის მიმდევრები პირადი შეხედულებების მიხედვით ირჩევენ, თეორიის რომელი ვერსი მიიჩნიონ სწორად.

ის რასაც კონსპირაციის თეორიის მიმდივერები “ქიმტრეილს” უწოდებენ, რეალურად კონტრეილია (condensation trail – კონდენსაციის კვალი). ფრენის დროს თვითმფრინავის გამონაბოლქვი ჰაერის კონდენსაციას იწვევს, რის შედეგად ხაზის ფორმის ღრუბელი იქმნება. სწორედ ამ ღრუბელს ეწოდება კონტრეილი, ის არსებითად წყლის კრისტალებისგან შედგება და ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. რამდენ ხანს იქნება კონტრეილი ჰაერში ხილვადი დამოკიდებულია ტემპერატურასა და ტენიანობაზე. კონტრეილები ცნობილი ფიზიკური პროცესების შედეგია და სახიფთო ქიმიტაკების გამოფრქვევასთან კავშირი არ აქვს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ქიმტრეილების კონსპირაციის თეორია წლებია ვრცელდება, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 14-გვერდიანი საინფორმაციო დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე.წ. “ქიმტრილებთან” დაკავშირებული კონსპირაციის თეორია და აშშ-ის საჰაერო ძალების საწინააღმდეგო ბრალდებები სახიფათო ქიმიკატების გავრცელების შესახებ 1996 წლიდან არის პოპულარული და ხშირად ამ ბრალდებების გამავრცელებლები საავიაციო უნივერსიტეტის კვლევას ციტირებენ, რომელიც ამინდის ცვლილებების ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული, თუმცა მას დიდწილად თეორიული ხასიათი ჰქონდა და ის აშშ-ის საჰაერო ძალების ამჟამინდელ საქმიანობასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებული არ არის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების ფოკუსი ამინდზე დაკვირვება და მისი პროგნოზირებაა, რათა შესაბამისი ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად იყოს გამოყენებული და ორგანოს ამინდის ხელოვნურად ცვლილების მიმართულებით პროგრამები არ აქვს. დოკუმენტი ასევე დეტალურად ხსნის კონტრეილების წარმოქმნის მექანიზმს და განმარტავს, რომ ქიმტრეილებთან დაკავშირებული მტკიცებები, თითქოს ისინი ცაში არაბუნებრივად დიდი ხანი რჩება, განსაკუთრებული ბადისებრი ფორმა აქვთ, რაც გაფრქვევის სისტემურობაზე მიუთითებს ან მათი გამოჩენის ადგილზე დაავადებები ვრცელდება – არ დასტურდება.

არსებობს სამეცნიერო კვლევებიც, რომლებიც ქიმტრეილების არსებობას აბათილებს და განმარტავს, რატომ არის ჰაერში თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი კონდენსაციის შედეგი და კონტრეილი. 2016 წელს CBC News-თან კომენტარში იმ დროს ჰარვარდის პროფსორმა დევიდ კისმა ისიც აღნიშნა, რომ ქიმტრეილები ნამდვილი რომ იყოს, მთავრობას საკმარისი რესურსი არ ექნებოდა მსგავსი მასშტაბური კონსპირაციის დასაფარად. კისის თქმით, მთავრობებს შეუძლიათ მცირე ზომის პროგრამების მცირე დროით საიდუმლოდ შენახვა. ამის საპირისპიროდ ქიმტრეილების კონსპირაციის ძირითადი მტკიცებები საჭირობს ძალიან დიდ ძალისხმევას და მის განსახორციელებლად ბევრი ადამიანის ჩართულობა იქნეობოდა საჭირო. ასეთი ოპერაციის დაფარვა რეალური მტკიცებულებების გამოაშკარავების გარეშე ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა.

ქიმტრეილების კონსპირაციის თეორიასა და მასთან დაკავშირებულ ყალბ მტკიცებებზე “მითების დეტექტორმა” არაერთხელ მოამზადა მასალა. 

  • ინფორმაცია “ქიმტრეილების ოპერატიული ჯგუფის” შესახებ ღია და სანდო წყაროებში არ იძენბნება

Тhe People’s Voice-ის გადაცემაში აღნიშნულია, რომ “ქიმტრეილების ოპერატიული ჯგუფის” მუშაობის შედეგად სიმართლე გამოაშკარავდა და ფლორიდაში ორი სამხედროა დაკავებული “ქიმტრეილების გაფრქვევისთვის”. თუმცა მსგავსი ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიაში არ იძებნენა. ქიმტრეილების ოპერატიული ჯგუფის (Chemtrail Task force) მოძებნის დროს ძირითადი შედეგები სოციალური მედიის პოსტებია. მსგავსი ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა American Media Group-ის საიტზე, რომელსაც სხვადასხვა ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროს გაუვრცელებია. ოპერატიული ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე. მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც ფლორიდის გუბერნატორს, ან გენერალურ პროკურორს და არც გარემოსდაცვის დეპარტამენტს.

  • კანადელ პოლიტიკოსს აშშ ქიმტრეილების გარქვევაში არ დაუდანაშაულებია

კანადელმა პოლიტიკოსმა, ალბერტის პროვინციის პრემიერმა დენიელ სმიტმა ქიმტრეილებზე 2024 წელს ქალაქ ედმონტონში გაერთიანებული კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე შეკითხვაზე პასუხის დროს ისაუბრა. სმიტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა საჰაერო სივრცის კონტროლზე პასუხისმგებელ პირს, რომელის თანახმადაც არავის აქვს უფლება ჰაერში “რაღაცები გააფრქვიოს”. დამსწრეთა უკმაყოფილო რეაქციის შემდეგ კი დაამატა, რომ კიდევ ერთმა ადამიანმა უთხრა, რომ თუ ვინმეს შეუძლია ქიმტრეილების გაფრქვევა, ეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტია, თუმცა თავად არ უთქვამს, რომ ამის სჯეროდა. სმიტმა ასევე თქვა, რომ თუ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართლაც აფრქვევდა ქიმტრეილებს, თავად ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ადგილობრივი მთავრობის ლიდერი იყო. თუმცა პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ მისი გამოძიებებს ქიმტრეილების არსებობის მტკიცებულებები არ გამოუვლენია.

მოგვიანებით პოლიტიკოსის წარმომადგენელმა სამანატა იოჰანსენმა დამატებითი გამარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სმიტის კომენტარი არ ნიშნავს, რომ მას ქიმტრეილების და აშშ-ის პასუხისმგებლობის სჯერა.

იოჰანსენი: “პრემიერმა უბრალოდ გააზიარა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით  სხვადასხვა ადამიანისგანი გაიგო. მას არ უთქვამს, რომ სჯერა, თითქოს აშშ-ის ხელისუფლება ალბერტაში ქიმტრეილებს იყენებდა. […] პრემიერმა ამ საკითზე ალბერტელების შეშფოთება მოისმინა, საპასუხოდ პროვინციის მთავრობამ საკითხი გამოიკვლია და ალბერტაში ქიმტრეილების არსებობის მტკიცებულება არ გამოვლენილა”.

  • კრისტენ მეგანი თვითმარქვია ექსპერტია და წლებია სხვადასხვა საკითხე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს

კრისტენ მეგანი, რომელის მოკლე ინტერვიუ Тhe People’s voice-ის გადაცემაში ჩნდება და რომელზეც მითითებულია, რომ ის “გარემოსდაცვის მეცნიერია”, რეალურად მეცნიერი არ არის და წლებია სხვადასხვა საკითზე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს.

კრისტენ მეგანი (კრისტენ მეგან კელი) თავს სხვადასხვა ექსერტად წარმოაჩენს და ქიმტრეილების შეთქმულების თეორიის გარდა კორონავირუსის ვაქცინებზე და ნიღბებზე ავრცელებდა ყალბ მტკიცებებსა და კონსპირაციის თეორიებს. ის ასევე უარყოფდა 11 სექტებრის ტერაქტს და აცხადებდა, რომ 9/11 ალ-ქაიდას ტერორისტული თავდასხმა არ იყო და ის თავად აშშ-ის მთავრობამ განახორციელა. ქიმტრეილებზე საუბრისას კრისტენ მეგანი კელი ასევე თავს წარმოაჩენდა “სამრეწველო ჰიგიენისტიად”, თუმცა როგორც გამოცემა The Daily Beast-ი წერს, კელი სერტიფიცირებული სამრეწველო ჰიგიენისტი არ არის, თავად კელი კი აცხადებს რომ სერტიფიკატის არქონა მისი “პირადი არჩევანია”. სამრეწველო ჰიგიენისტების მოვალეობაში სამუშაო ობიექტებზე აშშ-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის (ОSHA) მიერ შემუშავებული გაიდლაინების გატარებაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ Тhe Daily Beast-ს ამერიკის სამრეწველო ჰიგიენის ასოციაციის მმართველმა დირექტორმა, სიუ მარკიზიმ უთხრა, “უფროსი სამრეწველო ჰიგიენისტი” არარსებული წოდებაა. კრისტენ მეგანი ასევე აცხადებდა, რომ ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის პლატფორმა Infowar-ზე კონტრიბუტორია. ეს პლატფორმა და ჯონსიც აშშ-ში სხვადასხვა შეთქმულების თეორიის გავრცელებას აქტიურად უწყობს ხელს.

წყაროს შესახებ:

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წლისთვის, წელიწად ნახევრის განმავლობაში საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist