9-11 აგვისტოს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, უკრაინაში, ოდესაში გამართულ აქციაზეა გადაღებული. ვიდეოში უკრაინის დროშებით მოძრავი ხალხის ჯგუფი ჩანს და რამდენჯერმე ისმის შეძახილი – “პუტინ, გვიშველე!”. ერთ-ერთ პოსტს დართული აქვს აღწერა – “ ოდესა რუსული ქალაქია”.

ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ოდესაში პუტინს დახმარებას სთხოვენ. კადრები 2014 წელს კონსტიტუციის ეროვნულ დღეზე გამართულ “ვიშივანკების მეგამარშს” ასახავს, რომლის დროსაც უკრაინის მხარდამჭერი შეძახილები და უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა. თანდართული აუდიო ამ ვიდეოს არ ეკუთვნის, ის 2024 წელს ორსკში, რუსეთში გამართული აქციიდანაა. ვიდეოს სიყალბეს მსვლელობის ორგანიზატორიც ადასტურებს.
გავრცელებულ ვიდეოში ისმის შეძახილი “პუტინ, გვიშველე!”, რაც უკრაინის დროშებთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინელები რუსეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ.
ვიდეო თანდართული რუსულენოვანი შეძახილებით თავდაპირველად TikTok-ის ანგარიშმა sasha1111z-მ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა. შემდგომში ვიდეო ინსტაგრამსა და იუთუბზეც (1,2) გავრცელდა. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ Tiktok-ზე ვიდეოს 4.2 მილიონი ნახვა აქვს. კომენტარებში რუსულენოვანი ანგარიშები წერენ, რომ “უკრაინელები გამოფხიზლდნენ”.

რეალურად, ვიდეო ახალი არაა და ის 2014 წელს ქალაქ ოდესაში გამართულ მსვლელობას ასახავს. მსვლელობა სახელად “ვიშივანკების მეგამარში” 2014 წლის მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ის გადაიდო და 28 ივნისს, უკრაინის კონსტიტუციის დღეს მოეწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარშში 1 500 ადამიანამდე მონაწილეობდა. მონაწილეები ტრადიციულ უკრაინულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები და ხელში უკრაინის დროშები ეკავათ.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო უცნობია, თუმცა მარშის ამსახველი სხვა კადრებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის სწორედ ამ მსვლელობას ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ რამდენიმე პირს, რომლებიც მსვლელობას ბანერით ხელში მოუძღვებიან. ისინი ადგილობრივი და სხვა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩნდებიან (1,2).



გარდა ამისა, გეოლოკაციის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, ზუსტად რა ადგილას იმყოფებოდნენ მსვლელობის მონაწილეები. გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ქუჩის ორივე მხარეს ავტომანქანებია დაყენებული და მსვლელობის მონაწილეები ქვაფენილზე გადაადგილდებიან. ასევე ვხედავთ საგზაო ნიშნებს, შედარებით წინ მდებარე ნიშანზე (წითელი ფერით) ვხედავთ სიტყვის პირველ ორ ასოს “ЗО”, ხოლო შედარებით უკან მდებარე ნიშანი (მწვანე ფერით) ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვას აღნიშნავს.

ვიდეო ოდესაში, დერიბასივსკასა და ევროპეისკაიას ქუჩების კვეთაზეა გადაღებული და იმ მომენტს ასახავს, როდესაც მსვლელობის მონაწილეები დერიბავსკას ქუჩის საფეხმავლო ნაწილიდან იმ ნაწილზე გადადიან, რომელზეც ავტომანქანების მოძრაობა დასაშვებია. Google Maps-ის ქუჩის ხედის ფუნქციის გამოყენებით შეგვიძლია ვნახოთ, როგორი იყო ეს ლოკაცია 2011 წელს. როგორც ვხედავთ, ძირითადი მახასიათებლები: ქვაფენილი და ლამპიონები, ასევე საგზაო ნიშნები უცვლელია.

მსვლელობის მანძილზე მონაწილეები უკრაინის მხარდამჭერ და ანტი-რუსული შინაარსის შეძახილებს სკანდირებდნენ, როგორებიცაა: “ერთი, გაერთიანებული, თავისუფალი უკრაინა!”, “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” და “ვინც არ ხტება – მოსკოველია!” (1, 2), ასევე, შესრულდა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნიც.
რაც შეეხება თანდართულ აუდიოს, რომელშიც პუტინს დახმარებას სთხოვენ, ის რეალურად გამოცემა Deutsche Welle-ს 2024 წლის ვიდეოდანაა აღებული. ვიდეო 8 აპრილს ორსკში, რუსეთში გამართულ აქციას ასახავს.
“მითების დეტექტორი” “ვიშივანკების მეგამარშის” ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნატალია მიხაილენკოსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთის მხარდამჭერი შეძახილები მსვლელობაზე არ გაჟღერებულა და აუდიო, რომელშიც შეძახილი “პუტინ, გვიშველე!” ისმის, გავრცელებულ ვიდეოს არ ეკუთვნის.
TikTok-ის ანგარიში sasha1111z ძირითადად რუსეთის მხარდამჭერი და ანტი-უკრაინული შინაარსის ვიდეოებს ავრცელებს. მის მიერ იმავე მეთოდით გაყალბებული უკრაინული აქციის კადრები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვიდეოს ამ შემთხვევაშიც ხმა ჰქონდა შეცვლილი. ვრცლად იხილეთ მასალაში:
წყაროს შესახებ:
ვიდეოს ერთ-ერთი გამავრცელებელი ფეისბუქ ანგარიში Анелия Николаева ანტი-უკრაინული შინაარსის პოსტებს, მათ შორის, ყალბ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















