17 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ამერიკელი მსახიობისა და კომედიანტის, ემი შუმერის ფოტოები, რომლებიც კლინიკაშია გადაღებული. პოსტის მიხედვით, ,,მრავლობითი კოვიდ ვაქცინაციის” შედეგად, მას შიდსი განუვითარდა, წონაში მატების შემდეგ კი იძულებული გახდა მისი დიაგნოზი გაეგო. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის დაქვეითებას ,,ციტოკინის შეცვლილი რეაქციები” იწვევს და რაც უფრო მეტ ინექციას იღებს ადამიანი, მეტად ქვეითდება მისი იმუნური სისტემა.
მტკიცება, თითქოს, ემი შუმერს ვაქცინაციის შემდეგ შიდსი განუვითარდა, დეზინფორმაციულია. ამერიკელმა კომედიანტმა გასულ წლებში თავად ისაუბრა საკუთარ ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში, მას არა შიდსი, არამედ ენდომეტრიოზი აქვს. წონაში მატება კი მედიკამენტების მიღებითაა გამოწვეული.
42 წლის ამერიკელმა კომედიანტმა და ემის მფლობელმა მსახიობმა, ემი შუმერმა, გავრცელებული ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე დადო. შუმერი 2021 წლიდან საუბრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების აღწერაში კი წერს, რომ მას ენდომეტრიოზი აქვს. შუმერმა ვიდეოში ასევე აღნიშნა, რომ ენდომეტრიოზი ტკივილებს იწვევს და ეს დიაგნოზი 10-დან ერთ ქალს აქვს.
ემი შუმერმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ბოლო სიახლე ინსტაგრამზე 16 თებერვალს გააზიარა. შუმერი პოსტში გამოეხმაურა ყველას, ვინც მის გარეგნობაზე, წონაში მატებასა და შეშუპებულ სახეზე საუბრობდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა ენდომეტრიოზით არის გამოწვეული.
ენდომეტრიოზი ქალებში გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი მის გარეთ წარმოიქმნება. ენდომეტრიოზს ძლიერი ტკივილების გამოწვევა შეუძლია. პათოლოგია, შესაძლოა, პირველი მენსტრუალური ციკლიდანვე გამოვლინდეს და მენოპაუზამდე გრძელდება. ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზი და პრევენციის გზები უცნობია, თუმცა სიმპტომების მკურნალობა მედიკამენტებითა და ზოგ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევით, შესაძლებელია. რეპროდუქციის ასაკში ენდომეტრიოზის დიაგნოზს ქალების 10%-ს უდგენენ.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.