26 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,მაია თვალთვაძე” და სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში ჯანმოსა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და გაეროს ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლება ექნებათ. თვალთვაძის მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული უფლება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ მიენიჭათ.
მტკიცება, რომ გაეროს სპეციალიზებულ სააგენტო ჯანმოს ავსტრალიის მოქალაქეების იძულებით აცრის უფლება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისების გარდა, ავსტრალიაში სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამა არ არსებობს. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში კი საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ მსგავსი ჩანაწერი არ შესულა. იძულებითი ვაქცინაციის შესახებ ცნობას ავსტრალიელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებიც უარყოფენ.
-
სავალდებულოა თუ არა ვაქცინაცია ავსტრალიაში?
ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის 2019-2024 წლების ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ისინი ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაციებს გასცემენ და მოსახლეობას დოზებს უფასოდ აწვდიან. ვაქცინაცია როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისათვის სავალდებულო არ არის.
ავსტრალიაში განსხვავებული პოლიტიკა მოქმედებდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ქვეყანაში მცხოვრებთა უმეტესობისთვის აღნიშნული ვაქცინით აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ის სავალდებულო იყო კონკრეტულ სფეროში დასაქმებულთათვის. მაგალითად, სრულად ვაქცინირება სავალდებულო იყო სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის, ავსტრალიაში ეს რეგულაცია უკვე გაუქმებულია. გარდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა, სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის რეკომენდებულია B ჰეპატიტისა და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთებაც.
-
ინფორმაციის პირველწყარო კონსპირაციის თეორიების გამავრცელებელი მედიაა
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ავსტრალიის მოქალაქეების იძულებითი ვაქცინაციის უფლების შესახებ ცნობა The People’s Voice-მა გაავრცელა. აღნიშნული მედია დეზინფორმაციული შინაარსის ცნობებისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა მათ მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები.
The People’s Voice-ის სტატიის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ადამიანების იძულებით აცრის უფლებას ორი კანონი ანიჭებს, კერძოდ, ავსტრალიის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი და 2020 წელს თავდაცვის შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები.
სტატიის ილუსტრაციად იგივე ფოტოა გამოყენებული, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
-
ავსტრალიის სისხლის სამართლის კოდექსში ჯანმოს უფლებამოსილების გაფართოებაზე ჩანაწერი არ შესულა
ავსტრალიის სისხლის სამართლის კოდექსში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი უფლებამოსილების შესახებ არაფერი წერია. 71-ე მუხლი კი გაეროსა და მასთან დაკავშირებულ პირებს ეხება. მუხლის მიზნად ორგანიზაციისა და მისი პერსონალის დაცვაა განსაზღვრული. მუხლში გაწერილია ორგანიზაციისა და წევრების წინააღმდეგ ჩადენილი ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებიც დასჯადი იქნება, ესენია: მკვლელობა, ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის მიყენება, გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მუქარა და ა.შ.
The People’s Voice წერს, რომ თავდაცვის შესახებ კანონში 2020 წელს შესული ცვლილებები საერთაშორისო ძალებსა და პოლიციას, მათ შორის გაეროს, ,,გადაუდებელი სიტუაციების” ჩახშობის სრულ იმუნიტეტს ანიჭებს. შესწორების მიხედვით, ,,დაცული პირი” არ ექვემდებარება სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას იმის მიმართ, რასაც მოვალეობის შესრულებისას კეთილსინდისიერად აკეთებს. ,,დაცულ პირად” კი მოხსენიებულია ავსტრალიის თავდაცვის ძალების წევრები, თავდაცვის დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, უცხო ქვეყნის სამხედროები ან უცხო ქვეყნის პოლიციის წევრები. შესწორების მიხედვით, აღნიშნული უფლება გაეროზე და მის სააგენტო ჯანმოზე არ ვრცელდება.
ავსტრალიაში საერთაშორისო ორგანიზაციების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ,,მითების დეტექტორი” ავსტრალიურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, Associated Press Australia-სა და RMIT FactLab-ს დაუკავშირდა. ორივე მათგანი უარყოფს გავრცელებულ ცნობას და განმარტავს, რომ ავსტრალიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლებით არ სარგებლობენ. აღნიშნული ცნობა AAP-მაც გადაამოწმა და დაწერა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, რედაქციასთან ავსტრალიელი სამართლის ექსპერტი ადასტურებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა გაეროსა და ჯანმოსთვის მსგავსი უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს.
ავსტრალიაში მოქმედი იმუნიზაციის სისტემის შესახებ წარსულშიც, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიისას, ხშირად ვრცელდებოდა მცდარი ცნობები. ,,მითების დეტექტორმა” არაერთი მათგანი გადაამოწმა:
- “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავსტრალიაში აუცრელთათვის გადაუდებელი ოპერაციების შესახებ მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს
- მალავენ თუ არა ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის მსხვერპლს? -“ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეომანიპულაციას ავრცელებს
- ცრიან თუ არა ავსტრალიაში ბავშვებს მშობლების ნებართვის გარეშე?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.