ვრცელდება თაღლითური პოსტები, თითქოს ივანიშვილმა ფულის გამომუშავების პლატფორმა შექმნა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ფულის გამომუშავების პლატფორმა
49
VIEWS

6-10 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდებმა – Constance და Purcari Investment გამოაქვეყნეს რუსულენოვანი ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ფულის გამომუშავების პლატფორმა შექმნა. პირველი ვიდეო ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” ჟურნალისტის ტექსტით იწყება, რომელიც ამბობს, რომ ბანკომატებთან რიგი დგას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა პროექტი, რომლითაც მოქალაქეებს ფულის გამომუშავება ინტერნეტში, საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ. მისივე სიტყვებით, თვეში 5 000 ლარის გამომუშავება მსხვილი კომპანიების აქციებში ინვესტირების მეშვეობით არის შესაძლებელი. წამყვანის შემდეგ ვისმენთ ივანიშვილის განცხადებას, რომელსაც რუსული თარგმანი აქვს დართული – ტექსტის მიხედვით, პლატფორმა მოქალაქეებისა და ბანკების მხარდასაჭერად შეიქმნა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ყველა მსურველს ვერ დაარეგისტრირებენ. ვიდეოს ბოლოს წამყვანი უთითებს ბმულზე, რომელზე რეგისტრაციის შემდეგაც, მიის თქმით, მოქალაქეებს ბანკიდან 1 საათში დაუკავშირდებიან.  

Purcari Investment-ის ვიდეოში კი ვისმენთ ივანიშვილის გამოსვლას, რომლის მიხედვითაც ის ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, “მოიპოვოს დიდი ფული” და “ეს არის სიღარიბის ეპოქის დასასრული”. ვიდეოში საინვესტიციო პლატფორმაზეა საუბარი, რომელიც მოქალაქეებს 400 ლარის ინვესტირების სანაცვლოდ კვირაში 1 400 ლარის გამომუშავებას ჰპირდება. 

ორივე ვიდეოს დართული აქვს ბმული (1;2), რომელსაც “ლიბერთი ბანკის” ლოგოს მქონე სარეგისტრაციო პლატფორმაზე გადავყავართ. 

ფულის გამომუშავების პლატფორმა

სოციალურ ქსელში ვრცელდება თაღლითური პოსტები, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ფულის გამომუშავების პლატფორმა შექმნა. ვიდეოები გაყალბებულია და ხმა ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. პოსტებში გამოყენებულია ივანიშვილის ძველი გამოსვლები, რომლებშიც ის საინვესტიციო პლატფორმაზე არ საუბრობდა. ბმულები თაღლითურია, “ლიბერთი ბანკს” არ ეკუთვნის და ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად.  

ორივე პოსტში გამოყენებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დამუშავებული, ამაზე მასში არსებული  ხარვეზებიც მიანიშნებს. მონაკვეთებში პირის მოძრაობა წარმოთქმულ სიტყვებს არ ემთხვევა, ასევე, რუსული თარგმანის გარდა ისმის ქართული სიტყვებიც, რომლებშიც გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებია დაშვებული. ერთ-ერთ ვიდეოში ხმა რობოტულად, შესვენებების გარეშე ისმის, რაც AI-ის გამოყენების კიდევ ერთი მანიშნებელია. 

პირველ პოსტში გამოყენებულია ვიდეო, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრლების შემდეგ “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ასახავს. ორიგინალ ვიდეოში, რომელიც შემდგომ ხელოვნური ინტელეტით დაამუშავეს, ივანიშვილს საინვესტიციო პლატფორმის შესახებ არაფერი უთქვამს.  

ფულის გამომუშავების პლატფორმა
სქრინშოტი: იმედი

გარდა ამისა, ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია ან ბმული, რომელიც ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მიერ მსგავსი პლატფორმის შექმნას. ვიდეო “იმედის” ჟურნალისტის ტექსტით იწყება, თუმცა მისი კადრებიც ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული და აღნიშნული სიუჟეტი “ქრონიკის” ეთერში არ გასულა. 

მეორე ვიდეოფაბრიკაციაში გამოყენებული კადრები კი ივანიშვილის 2018 წლის ინტერვიუს ასახავს.  ჟურნალისტებთან ინტერვიუში ივანიშვილს ფულის გამომუშავების საინვესტიციო პლატფორმაზე არ უსაუბრია.

ფულის გამომუშავების პლატფორმა
სქრინშოტი: იმედი/Youtube

ორივე გაყალბებული ვიდეოს საბოლოო მიზანი იდენტურია: მომხმარებლების თაღლითურ ბმულებზე გადაყვანა. აღნიშნულ ბმულებს “ლიბერთი ბანკის” ლოგო აქვს დართული, თუმცა ბანკს არცერთი მათგანი არ ეკუთვნის და ამაზე მათი დომენებიც მიანიშნებს: salute.click და rsalting.biz (“ლიბერთი ბანკის დომენი რეალურად არის libertybank.ge). თაღლითურ ვებ-საიტებზე მოქალაქეებს სთხოვენ, უპასუხონ კითხვებს: რამდენი წლის არიან, რამდენია მათი შემოსავალი და აქვთ თუ არა ვალი/კრედიტი. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ვებ-საიტზე ფეისბუქ-მომხმარებლებს სთხოვენ, მათი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი შეიყვანონ. რეალურად, თაღლითური ბმულები მათი პირადი მონაცემების შეგროვებას ისახავს მიზნად. 

ფულის გამომუშავების პლატფორმა
ფულის გამომუშავების პლატფორმა
თაღლითური ვებ-საიტი

თაღლითურ ბმულებზე დამატებითი ინფორმაცია Who is Lookup-ის დახმარებით მოვიძიეთ. პირველი მათგანი 2025 წლის 2 სექტემბერს არის რეგისტრირებული, ხოლო მეორე 16 ოქტომბერს (1;2

ფულის გამომუშავების პლატფორმა
სქრინშოტები: Who is Lookup

ფეისბუქ-გვერდი Constance 2025 წლის 7 აპრილს შეიქმნა და გვერდის შესახებ ინფორმაციის ველში სავაჭრო ცენტრი აქვს მითითებული. მითითებული ინფორმაციის თანახმად, გვერდი აშშ-დან, ვიეტნამიდან და იაპონიიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული დასპონსორებული ვიდეოფაბრიკაცია და თაღლითური ბმული მხოლოდ რეკამების ბიბლიოთეკაში ჩანს. 

ფულის გამომუშავების პლატფორმა

მეორე ფეისბუქ-გვერდი თავს კომპანია Purcari Wineries Public Company Limited-ის  ფეისბუქ-გვერდად წარმოაჩენს. რეალურად, კომპანიას ვებ-საიტზე სხვა ფეისბუქ-გვერდი აქვს მითითებული. თაღლითური ვიდეოს გამავრცელებელი ფეისბუქ-გვერდი კომპანიის ფოტოებს იპარავს და აღწერაში მიუთითებს: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Purcari Investment Moldova-ს ერთ-ერთ ოფიციალურ სარეკლამო გვერდზე”. გვერდი 2025 წლის 28 ივლისს შეიქმნა, თავდაპირველად “Donokd” ერქვა და მითითებულია, რომ ის სახლის დეკორს ეხება. მოცემული ინფორმაციის თანახმად, მას ტაივანიდან მართავენ.  

ფულის გამომუშავების პლატფორმა

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, აღნიშნულ გვერდზეც თაღლითური ვიდეო მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი. 13 ნოემბრის მონაცემებით, გვერდს 8 პოსტი აქვს დარეკლამებული, მათ ნაწილს დართული აქვს თაღლითური ბმული, რომელსაც მოლდოვაში თანხის გამომუშავების შეთავაზებაზე გადავყავართ. შესაბამისად, გვერდი თაღლითურ პოსტებს მხოლოდ ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი ინფორმაიცის მისაღებად არ ავრცელებს.   

ფულის გამომუშავების პლატფორმა
ფულის გამომუშავების პლატფორმა
გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკა და ერთ-ერთ დასპონსორებულ პოსტს დართული თაღლითური ბმული

ორივე შემთხვევას “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გადამოწმებულ მსგავს თაღლითურ პოსტებთან შემდეგი ნიშნები აერთიანებს: 

  • ყალბი გვერდების შექმნა.
  • მთავრობის წარმომადგენლების ვიდეოების ხელოვნური ინტელექტით დამუშავება, რათა დამაჯერებელი გამოჩნდეს მომხმარებლებისთვის.
  • არარსებული სახელმწიფო პროგრამებისა და ფინანსური სარგებლის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
  • მომხმარებლების თაღლითურ ვებ-საიტზე გადამისამართება, რომელიც შექმნილია პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზნით. 

მოამზადეს ცისია კირვალიძემ და თამარ ლომიძემ 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist