24 დეკემბერს ფეისბუქ-გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად”, სადაც მოწვეულმა სტუმარმა, პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანებამ დააზარალა სოფლის მეურნეობა, რაც ძროხების რაოდენობის შემცირებაში გამოიხატა.
სოსო მანჯავიძე [12:40]: “რომ გვიყეფენ ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, გამალებული დეპოპულაცია მიმდინარეობს იქ, სხვათა შორის და რაც ჰქონდათ ინდუსტრია, ყველაფერი გაუნადგურდათ. იგივე ბულგარეთში ევროკავშირში შესვლამდე, მაგალითად, ჰყავდათ 1 700 000 ძროხა არსებობდა იქ და დღეს არის 211 000. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირს ეგეთი პოლიტიკა აქვს, იქ არსებობს ე.წ. კარულინგური ბირთვი, რომელშიც შედის გერმანია, საფრანგეთი და ჩრდილოეთ იტალია, ეს არის ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები, აქ შედის ასევე ჰოლანდიაც, ბენილუქსის ქვეყნები. დანარჩენი ვერ ვითარდება, იმიტომ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის პერიფერიების განვითარება, მით უმეტეს, ისეთის, როგორიც ჩვენ ვართ”.
მტკიცება, თითქოს ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანებამ ინდუსტრიის დაზარალება და ძროხების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, დეზინფორმაციულია. რეალურად, შემცირება გაწევრიანებამდე, 1990-დან დაიწყო, ხოლო ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ძროხების რაოდენობა გაწევრიანების წელს არსებულ რაოდენობაზე მეტია.
მტკიცება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის სოფლის მეურნეობა დააზარალა, რადგან ორგანიზაცია ბულგარეთის მსგავს ქვეყნებს განვითარების საშუალებას არ აძლევს, დეზინფორმაციულია. რეალურად, ძროხების რაოდენობის მკვეთრი შემცირება ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 1990-იანი წლებიდან იწყება, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ 2022 წელს ქვეყანაში 361 476 ძროხა იყო, რაც 2007 წლის (ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდი) მაჩვენებელს, 355 200-ს აღემატება.
პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა ბულგარეთში | |
![]() |
![]() |
ამავდროულად, სოფლის მეურნეობის სექტორში შემოსავალი 2007 წლიდან 2023 წლამდე შუალედში 6483.3 მილიონი ლევიდან 10554.4 ლევამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა ენერგო რესურსების, სამომხმარებლო საქონლის, ნედლი მასალების, მანქანა-დანადგარების ექსპორტი.
2014-2020 წლებში ევროკავშირმა ბულგარეთს 2,9 მილიარდი ევრო გამოუყო, რომელიც სოფლის განვითარების პროგრამას მოხმარდა. 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა 84.9 მილიონი ევროს დახმარება ბულგარელი ფერმერებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაზარალდნენ, რათა მათი განვითარება არ შეფერხებულიყო.

ბულგარეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კრიზისი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის თანადროულად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დაზიანდა. 2007 წლიდან, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა, გაიზარდა ექსპორტი და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 5 815 დოლარი იყო, 2023 წელს – 15 764 დოლარი.

ბულგარეთი პერიოდულად იღებს მრავალმილიონიან დახმარებებს ევროკავშირიდან, რომლის მიზანი სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის მიღწევაა სხვა წევრ ქვეყნებთან მიმართებაში.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ბულგარეთის ეკონომიკის საექსპორტო პროდუქციის ორი მესამედი მანქანა-დანადგარებია, ხოლო დარჩენილი სამომხმარებლო საქონელი, ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესაბამისად, ძროხების რაოდენობის შემცირების ქვეყნის განვითარების შეფერხების ინდიკატორად გამოყენება მანიპულაციურია.
“მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები, თითქოს ევროკავშირის წევრობის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა დაზარალდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- მანიპულაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ქვეყნებს მძიმე საფასური გადაახდევინა
- “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე
- ანადგურებს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნების ეკონომიკას?
- დეზინფორმაცია, როგორ ებრძოდა ევროკავშირი ბალტიისპირელ ძროხებს 800 ევროდ
- საბერძნეთის და პოლონეთის მაგალითზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მრეწველობას ანგრევს
ზურაბ აბაშიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.