15 მაისს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ნინი ხუნდაძემ და რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია ფორმულას. კადრებში, ახალგაზრდა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან სამართალდამცავებს და იხევენ უკან, ასევე ვიდეოში ვისმენთ ფრაზას “მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გავაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა”.
ფეისბუქ-ანგარიშები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. მამაკაცის ინტერვიუ მოჭრილია და არ ჩანს კადრები, სადაც ის ამბობს, რომ მათ (აქციის მონაწილეებს) არ სურთ იყვნენ რუსეთის ნაწილი და ამატებს, რომ მათ სურთ მხოლოდ ევროპა.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ამოჭრილია ტელეკომპანია ‘ფორმულას” პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე დაიწყო. აღნიშნული ინტერვიუს ჩაწერა მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტერიტორიაზე შსს-ს ძალებმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, დანარჩენებს კი უკან დახევა აიძულეს. ახალგაზრდა მამაკაცი კადრებში ჩნდება ჩანაწერის 30:23 წუთზე და მას ჟურნალისტი უსვამს კითხვას მიმდინარე პროცესების შესახებ. პასუხად იგი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ადგილი არ აქვს ფიზიკურ ძალადობას, კამათს და ისინი ცოცხალი ჯაჭვით იხევენ უკან. ამის შემდეგ უკვე ისმის ის მონაკვეთი, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, სრული ტექსტი კი ასე ჟღერს: “როგორც გვეუბნებიან ისე ვაკეთებთ, მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გავაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის ნაწილები ვიყოთ. არ გვინდა, რო…. ჩვენ მხოლოდ ევროპა გვინდა”. ამის შემდეგ მამაკაცი ამბობს, რომ მათ (აქციის მონაწილეებს) არანაირი პრეტენზია არ აქვთ სამართალდამცავებთან, თუმცა ისინი იცავენ იმ ხალხს, ვის წინააღმდეგაც საპროტესტო აქციები იმართება.
“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით ბოლო 1 თვის მანძილზე არაერთი დეზინფორმაცია, მათ შორის ფოტო/ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- ვინ გააყალბა საპროტესტო პოსტერი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება?
- ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ
- ერეკლე II-სა და რუსეთის ღალატთან დაკავშირებით აქციის მონაწილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
- თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება
- ფეისბუქზე საპროტესტო აქციებზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება
წყაროების შესახებ:
ფეისბუკ ანგარიში Хунда Дзе, სავარაუდოდ, “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერის, ნინი ხუნდაძის მრავალი პროფილიდან (1, 2, 3, 4, 5) ერთ-ერთია. ნინი ხუნდაძე რამდენიმე ანგარიშიდან ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში ბევრჯერ გადაუმოწმებია.
“ტერენტი გლდანელის” ფეისბუქ ანგარიში ამერიკის ელჩის, დასავლეთის და უკრაინის, ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებშია ჩართული, ის ხელისუფლების ოპონენტებზე ყალბ ამბებს და ვიდეო ფაბრიკაციას ადრეც ავრცელებდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.