18 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2) ვიდეოკოლაჟი, რომელშიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანისა და ვეტერან მალხაზ თოფურიას კადრებია შეერთებული. როგორც ვიდეოში ჩანს, თეა წულუკიანს უკმაყოფილო სახე აქვს მაშინ, როდესაც სტუმარი ამბობს: “ყველაზე მთავარს ვიტყვი, სიტყვა გმირი, ანწუხელიძის ქვეყანაში… აი, ახლა დღეს რომ ამოვდიოდი აქ, მესიამოვნა, “ანწუხელიძე უკვდავია”, მიწერილია”. ერთ-ერთ ვიდეოზე დატანილია ტექსტი: “თვალებით ანიშნებს გაჩუმდიო”.

სოციალურ ქსელში საგამოძიებო კომისიის სხდომიდან თეა წულუკიანის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. თეა წულუკიანს მალხაზ თოფურიას სიტყვებზე მსგავსი რეაქცია არ ჰქონია. წულუკიანის ვიდეო AI ტექნოლოგიით არის შექმნილი და მისი ფოტოდან არის გენერირებული.
18 ივნისს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ ისაუბრა. ერთ-ერთ ნაწილში [2:33:35] თოფურიამ თქვა:
“ყველაზე მთავარს ვიტყვი, სიტყვა “გმირი” ანწუხელიძის ქვეყანაში… ახლა დღეს რომ ამოვდიოდი აქ, რაღაცნაირად მესიამოვნა, “ანწუხელიძე უკვდავია”, მიწერილია. ანწუხელიძის ქვეყანაში როგორ, რანაირად… და გმირია ანწუხელიძე. ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო? რატომ ეძახიან, პირდაპირ ვიტყვი – ანწუხელიძეს აყენებენ ამით [შეურაცხყოფას], სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება, მამის დამჭრელ, მუდმივად კაიფში მყოფ, თვალებდაკრასკულ კაცს გმირი ეძახო და ანწუხელიძესაც გმირს ეძახი… ანუ, გათანაბრება ხდება…”
აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, მაშინ, როდესაც თოფურია საუბრობდა, კადრში წულუკიანი არ ჩანდა. წულუკიანი კადრში რამდენიმე წუთში [2:35:19-ზე] ჩნდება და სხდომაზე მოწვეულს დამატებით კითხვას უსვამს. აღსანიშნავია ისიც, რომ წულუკიანს ვიდეოში სხვა ტანსაცმელი აცვია, ხოლო 18 ივნისის სხდომისას, როდესაც მალხაზ თოფურია გამოჰკითხეს, განსხვავებულად გამოიყურებოდა.

წულუკიანის ვიდეო, რომელიც კოლაჟშია გამოყენებული, AI ტექნოლოგიითაა შექმნილი და მისი ფოტოდან არის გენერირებული. წულუკიანის აღნიშნული ფოტო მედიასაშუალებებს, მათ შორის, იმედსა და ინტერპრესნიუსს სხვადასხვა დროს აქვთ გამოქვეყნებული და წყაროდ საქართველოს პარლამენტი აქვთ მითითებული. ფოტოსა და ვიდეოზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაბრიკაციაში წულუკიანის მხოლოდ სახეა ამოძრავებული, იმგვარად, რომ მას გაბრაზებული და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდეს.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა აპრილში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის” უწოდა, საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა ლოზუნგით “ანწუხელიძე უკვდავია” აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე გამართეს. სავარაუდოდ, ვიდეოფაბრიკაციის შექმნის საფუძველი გახდა ფაქტი, რომ საპროტესტო ლოზუნგი სტუმარმა საგამოძიებო კომისიაზე გაიმეორა.
“მითების დეტექტორს” მსგავსი ტექნოლოგიით გაყალბებული, პოლიტიკოსების დისკრედიტაციისკენ მიმართული ფოტო და ვიდეო წარსულშიც აქვს გადამოწმებული.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.