3 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც “თბილისი მოლის” მიმდებარედ საპროტესტო აქციის დროსაა გადაღებული. მასზე ვხედავთ, რომ პოლიციელები გამვლელ მანქანას ურტყამენ და პარალელურად, ბავშვის/ქალის ყვირილი ისმის. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: “მანქანაში პატარა ბავშვები იჯდნენ და პოლიცია მანქანას არბევდა.” პოსტის ავტორი აღწერაშიც მიუთითებს, რომ ვიდეოზე ნაჩვენებ მანქანაში ბავშვები ისხდნენ, ასევე ვიდეოზე ვხედავთ ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელს “topgeorgians”.
“თბილისი მოლის” მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციიდან ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება. სოციალურ ქსელში ვიდეოს ონლაინმედია “ტაბულა” აქვეყნებს და მასში არ ისმის ბავშვის ან ქალის ყვირილის ხმა. ვიდეოს ტიკ-ტოკის აპლიკაციით აქვს ხმა შეცვლილი და ქალის ყვირილის აუდიო აქვს გადადებული. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2 თებერვლის აქციაზე შსს-ს თანამშრომლები დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
2 თებერვალს “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და პროტესტისას დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრანტები მიმდებარედ გზის გადაკეტვას აპირებდნენ. აქციის დაანონსებიდან მალევე, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა და სისხლის სამართლის დანაშაული გახდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პიკეტირებაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ასეთ ობიექტს წარმოადგენს ის გზაც, რომლის გადაკეტვა 2 თებერვალს იგეგმებოდა. ამ მუხლით აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.
2 თებერვალს ონლაინმედია “ტაბულამ” სოციალურ ქსელში იდენტური ვიდეო გამოაქვეყნა (არქივი). მედიის ცნობით, “შსს-ს თანამშრომლები აქციაზე მოქალაქის მანქანას ურტყამდნენ.” გამოცემის ვიდეომასალაში არ ისმის ბავშვის/ქალის ყვირილი. ისმის მხოლოდ შსს-ის თანამშრომლებისა და მოშორებით, დემონსტრანტების საყვირების ხმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელსაც ვხედავთ. ანგარიშმა “topgeorgians” ვიდეო 3 თებერვალს გამოაქვეყნა. ტიკ-ტოკის აპლიკაციას აქვს ფუნქცია, რომლითაც მომხმარებლები ვიდეოებს ხმას უცვლიან და სასურველ აუდიოს ადებენ. აღნიშნულ ვიდეოსაც ხმა შეცვლილი აქვს და მის ნაცვლად გამოყენებულია აუდიო, სახელად Woman Screaming #2 (ქალის ყვირილი #2). აუდიოზე გადასვლით ვიგებთ, რომ ის 53 ათასზე მეტი ტიკ-ტოკ ვიდეოსთვისაა გამოყენებული.
2 თებერვლის აქციიდან მედიაში არაერთი კადრი გავრცელდა, სადაც შსს-ს თანამშრომლები დემონსტრანტებს სცემდნენ და მათზე ძალადობდნენ. აქციაზე დაკავებული რამდენიმე დემონსტრანტი იზოლატორიდან კლინიკაშიც გადაიყვანეს. მოქალაქეები მედიასთან კომენტარების გაკეთებისას პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და ცემის ფაქტებზე საუბრობდნენ. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ 2-3 თებერვალს აქციაზე დაკავებული 25 დემონსტრანტიდან 22 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, 11 მათგანს კი ხილული დაზიანება აქვს.
28 ნოემბერს საპროტესტო აქციების დაწყების შემდგომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც ხმა ასევე შეცვლილი ჰქონდა. აღნიშნული შემთხვევისგან განსხვავებით წარსულში მსგავსი ხერხი პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენეს და ამბობდნენ, რომ დემონსტრანტები სიმღერის გაუგებარ ტექსტს მღეროდნენ. მსგავსი მანიპულაციური შინაარსის პოსტებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.