2 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა (1,2) და POSTV-მ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ემიგრანტებს “სამარცხვინოებს” უწოდებს. ჭოხონელიძის ციტატა ასევე გაავრცელა სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემა “რეზონანსმა” (1;2).
ვიდეო, რომელშიც თამრიკო ჭოხონელიძე ემიგრანტებზე საუბრობს სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის სამარცხვინოებს ზოგადად ქართველ ემიგრანტებს უწოდებს. რეალურად, გადაცემაში ჭოხონელიძემ ჯერ დადებითად შეაფასა ის ემიგრანტები, რომლებიც საპროტესტო პროცესებს უერთდებიან და შემდეგ გააკრიტიკა ისინი, ვინც აქციების მონაწილეებს ამტყუნებენ.
თამრიკო ჭოხონელიძე ფორმულას დილის გადაცემის “შენი დილა” სტუმარი 2 დეკემბერს იყო. გადაცემაში მან საპროტესტო აქციების მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთა. უშუალოდ ემიგრანტებზე საუბრისას მომღერალმა პირველ რიგში დადებითად შეაფასა ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საპროტესტო პროცესებში იყვნენ ჩართული და აღნიშნა, რომ მათით ძალიან ამაყობდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჭოხონელიძემ გააკრიტიკა ის ემიგრანტები, რომლებსაც, მისი სიტყვებით, ის პრობლემები არ აწუხებთ, რაც საქართველოშია, თუმცა აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ “პროპაგანდირებენ”.
თამრიკო ჭოხონელიძე: ძალიან ამაყი ვარ ემიგრანტებით. იმიტომ რომ მე ვიცი, ძალიან ბევრი ემიგრანტი, რომელიც უბრალოდ თავს ადგამს იმას, რომ დღეს შეიკრიბონ. მე ვიცი ამერიკიდან, ლოს ანჯელესიდან, ჩემი ძალიან ახლობელი, ჩვენ ჩართვაშიც გვყავდა ისინი […] მართლა ღირსეული ქართველები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ დაშორებით ცხოვრობენ საქართველოდან, საქართველოთი ცხოვრობენ. მათი შვილები გადასარევად ლაპარაკობენ ქართულად და ა.შ. დღეს აქციებზე მიდიან ამ ყველაფერს რაღაცნაირად თავს აბამენ და აპროტესტებენ იქიდან. თუმცა ისეთი ადამიანებიც არიან ემიგრაციაში, და მე მათ მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ, არ ვიცი, თითქოს ნორმალურად მოაზროვნე ხალხი მეგონეთ, რას პროპაგანდირებთ? ვის ეკამათებით? მანდ მომჯდარხართ კარგად, თბილად. თქვენი შვილები მანდ სწავლობენ უპრობლემოდ. თქვენ ჯანდაცვა გაქვთ უპრობლემოდ მოგვარებული. ის პრობლემები არ გაქვთ, რაც დღეს საქართველოში ხალხს უდგათ – შიათ, თქვენ არ გშიათ. არ გრცხვენიათ? რას აკეთებთ? […] პოლემიკა აღარ ჰქვია ამას, სწორედ რომ პროპაგანდირებენ. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უგუნურად ეკამათებით იმ ადამიანებს, ვინც დასისხლიანებული მოდის სახლში. ჩამობრძანდი თუ ესე ძალიან გინდა საქართველოს კეთილდღეობა და აქედან მითხარი და აქედან მებრძოლე და აქედან მელაპარაკე, რასაც ისვრით ამ სიტყვებს. არ გრცხვენიათ? რას აკეთებთ? […] აი, სამარცხვინოები ხართ თქვენ. შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა. არც კი გრცხვენიათ, რასაც აკეთებთ? გაჩუმდით მაინც და დაიმალეთ ვირთხებივით. თქვენ არ გაქვთ უფლება. თქვენ არ გაქვთ უფლება, სიტყვა წარმოთქვათ საერთოდ ქართველებთან, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან, [..] ეს ბავშვები რას აკეთებენ, თავს სწირავენ. ჩვენ ხომ სიცოცხლე გვაქვს გაწირული.
სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო და ციტატა ჭოხონელიძის მთლიან მონოლოგის მცირე ნაწილია და ისიც კი არ ჩანს, კონკრეტულად რის გამო აკრიტიკებს მომღერალი ემიგრანტებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ზოგადად უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უწოდებს “სამარცხვინოებს”.
აღსანიშნავია, რომ ჭოხონელიძის მონოლოგის მონაკვეთის კონტექსტის გარეშე გავრცელების შემდეგ მომღერალმა 2 დეკემბრის საღამოს დამატებითი კომენტარი გააკეთა, მაყურებელს კომენტარის მთლიანად მოსმენა სთხოვა და სახელისუფლებო მედია ცილისწამებაში დაადანაშაულა.
თამრიკო ჭოხონელიძე: ჩემო ძვირფასებო, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, კიდევ ერთხელ იკადრეს უკადრებელი ამ სახელისუფლებო არხებმა – POSTV-მ, იმედმა და დამიჭრეს დღევანდელი ჩემი სიტყვიერი გამოსვლა ჩემს რუბრიკაში, სადაც უბრალოდ ძალიან დიდი და არაადამიანური ცილისწამებაა ყველაფერი ის რაც გამოაქვეყნეს. იმიტომ რომ მე მოგმართავდით თქვენ და თქვენ ძალიან იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. მე მგონი მე ყოველ მეორე მესამე გადაცემაში მე თქვენზე ვსაუბრობ. მე მადლიერებას გიძღვნით ყოველთვის იმიტომ რომ თქვენ ძალიან ღირესეულები ხართ. მე თქვენით ძალიან ვამაყობ, იცოდეთ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.