4-5 თებერვალს ფეისბუქ-გვერდებმა “Adult and Child Vaccination” და “News Day” გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც შეეხება მხელველობის აღდგენის სამთავრობო პროგრამასა და საინვესტიციო პლატფორმის შესახებ მთავრობის ინიციატივას.
მხედველობის აღდგენის შესახებ ფეისბუქ-გვერდს გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელშიც რუსეთში მომუშავე ექიმი ლეონიდე ბოკერია საუბრობს. ის ფეისბუქ-მომხმარებლებს მოუწოდებს, დააჭირონ პოსტს დართულ ბმულს და აღიდგინონ მხედველობა 17 დღეში. ბმულზე გვხვდება ვიდეო, რომელშიც ბოკერიასა და ჟურნალისტის საუბარს ვისმენთ. მონათხრობის მიხედვით, ექიმმა მიაკვლია მხედველობის აღდგენის მეთოდს, რომელსაც მხარს საქართველოს მთავრობა უჭერს და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მასში ჩაერთოს. ვიდეოში ასევე ვისმენთ ინტერვიუებს, რომლებშიც პროგრამაში უკვე ჩართული პირები საკუთარ შედეგებზე საუბრობენ.
“News Day-ს” მიერ გამოქვეყნებულ რუსულენოვან საინფორმაციო ბარათზე “ქართული ოცნების ლოგოა დართული და დატანილია წარწერა, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მისაღებად მოქალაქეებმა მოკლე ფორმა უნდა შეავსონ. პოსტს დართული აქვს ბმული, რომელსაც ვებ-საიტზე გადავყავართ, სადაც საინვესტიციო პლატფორმის შესახებ ვკითხულობთ.
ფეისბუქ-გვერდებზე აღნიშნული პოსტები დასპონსორებულია.

ფეისბუქზე მხედველობის აღდგენისა და საინვესტიციო პლატფორმის შესახებ თაღლითური პოსტები ვრცელდება. ვიდეოებსა და ვებ-საიტებზე გამოქვეყნებული ვიზუალური მასალები ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც მხედველობის აღდგენის პროგრამაზე ლეონიდე ბოკერიასა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას დაადასტურებს, გარდა ამისა, არ დასტურდება მტკიცება საინვესტიციო პლატფორმის შესახებაც. ვებ-საიტები რამდენიმე დღის შექმნილია და მიზნად მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს.
AI-ით დამუშავებული/გენერირებული ვიზუალი
ვიზუალური მასალა, რომელიც მტკიცების გასამყარებლად არის გამოყენებული, ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული ან შექმნილი. მაგალითად, ლეონიდე ბოკერიას ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ის მხედველობის აღდგენის პროგრამაზე საუბრობს, გაყალბებულია. ხმა სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, ხოლო ვიდეოში მისი პირისა და სხეულის მოძრაობა იმგვარად არის შეცვლილი, რომ წარმოთქმულ სიტყვებს დაემთხვეს.

კადრები, რომელშიც შემდგომ პირისა და სხეულის მოძრაობა ტექსტის შესაბამისად შეცვალეს, აღებულია მისი 2016 წლის ინტერვიუდან, რომელშიც ის ცხოვრების ჯანსაღ წესსა და გულის დაავადებებზე საუბრობს და მხედველობის აღდგენის მეთოდს არ ახსენებს.

ლეონიდე ბოკერიას ვებ-საიტზე განთავსებული ვიდეო ასევე გაყალბებულია და ორიგინალი ვერსია აღებულია მისი ძველი ინტერვიუდან სოფიკო შევარდნაძესთან. ვიდეოში ასევე გაყალბებულია სოფიკო შევარდნაძის ხმა. რეალურად, ინტერვიუში გულის დაავადებებზე საუბრობდნენ და ბოკერიას მხედველობის აღდგენაზე საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის შესახებ არ უსაუბრია.

ვებ-საიტზე განთავსებულ ვიდეოში ასევე ვისმენთ იმ პირთა მოსაზრებას, რომლებიც უკვე “ჩაერთნენ” მხედველობის აღდგენის პროგრამაში. აღნიშნული კადრებიც გაყალბებულია – მაგალითად, გამოყენებულია ჟურნალისტისა და მედია “აპრილის” თანადამფუძნებლის, ხატია ღოღობერიძის, ასევე, პროევროპული აქციების დროს დაკავებული გიორგი მინდაძის დედის, ნანი წულაიას ვიდეოები. ორიგინალ კადრებში ისინი მხედველობის აღდგენაზე არ საუბრობენ. ხატია ღოღობერიძე კატო მიქელაძის პრემიის მიღებაზე საუბრობს, ხოლო ნანი წულაია – საკუთარი შვილის დაკავებაზე.


გარდა ამისა, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ლეონიდე ბოკერიასთან თანაშრომლობით საქართველოს მთავრობა მხედველობის აღდგენის პროგრამას იწყებს.
რაც შეეხება მეორე ფეისბუქ-პოსტს – გვერდს გამოქვეყნებული აქვს საინფორმაციო ბარათი, რომელზეც ქართული ოცნების ლოგო და უცნობი ოჯახის ფოტოა დატანილი. რეალურად, საინფორმაციო ბარათი პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის და მათ არ გაუვრცელებიათ. ოჯახის ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

აღნიშნულ პოსტს დართული აქვს ბმული, რომელსაც ვებ-საიტზე გადავყავართ, სადაც ვკითხულობთ სტატიას საინვესტიციო პლატფორმის შესახებ. სტატიაში გამოყენებული ვიზუალური მასალაც AI-ის მიერ შექმნილია.

ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი აღნიშნული საინვესტიციო პლატფორმის არსებობას დაადასტურებს, ასევე არ იძებნება. ვებ-საიტზე გვხვდება ინფორმაცია Potok Invest-ის შესახებ, რომელიც რუსული პლატფორმაა. არ დასტურდება, რომ ვებ-საიტი, რომელზეც ფეისბუქ-პოსტს გადავყავართ, აღნიშნულ პლატფორმას ეკუთვნის ან ის საქართველოში იწყებს რაიმე პროექტს.
ფეისბუქ-გვერდები
პოსტები გავრცელდა ფეისბუქ-გვერდებზე, სახელწოდებით: News Day და Adult and Child Vaccination. აღსანიშნავია, რომ ეს ფეისბუქ-გვერდები საინვესტიციო პლატფორმას, კლინიკას ან ოფთალმოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ დაწესებულებას არ ეკუთვნის. მაგალითად, News Day-ს მითითებული აქვს, რომ ის სილამაზისა და კოსმეტიკის შესახებ არის და ის 2023 წლის თებერვალში შეიქმნა. მისი თავდაპირველი სახელი იყო “NatureLiv”, რომელიც 2026 წლის იანვარში გადაკეთდა და “News Day” გახდა. 2026 წლის 6 თებერვლის მონაცემებით, გვერდს 16 გამომწერი ჰყავს.

ფეისბუქ-გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში თებერვლის თვეში 6 დასპონსორებული პოსტი იძებნება, მათ შორის ერთ-ერთია “ქართული ოცნების” “ინიციატივის” შესახებ. თუმცა, სხვა დასპონსორებულ პოსტებში ვხვდებით მონღოლეთისა და აზერბაიჯანის შესახებ მსგავს მტკიცებებსაც.

მეორე ფეისბუქ-გვერდი, სახელწოდებით “Adult and Child Vaccination” ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ვაქცინაციის შესახებ არის, თუმცა მას არც ვებ-საიტი აქვს დართული და არც რაიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული. გვერდი 2026 წლის 27 იანვარს შეიქმნა და, 6 თებერვლის მონაცემებით, მას 46 გამომწერი ჰყავს.

ფეისბუქ-გვერდს 2026 წლის თებერვალში 26 დასპონსორებული ვიდეო აქვს გამოქვეყნებული და ისინი მხოლოდ რეკლამების ბიბლოთეკაში იძებნება. აღსანიშნავია, რომ ვიდეოები მხოლოდ ქართულად არ არის და ასევე გვხვდება რუმინული პოსტები.

ვებ-საიტები
ფეისბუქ-პოსტებს გადავყავართ ვებ-საიტებზე, სადაც მოქალაქეებს საკუთარი სახელისა და ტელეფონის ნომრის შეყვანას სთხოვენ. ისინი თაღლითობის ნიშნებს შეიცავს და სავარაუდოა, რომ მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვებას ისახავს მიზნად.

ვებ-საიტების შესახებ დეტალები Domain Tools-ის მეშვეობით მოვიძიეთ. ერთი მათგანი 21 დღის წინ არის შექმნილი, მეორე კი 50 დღის წინ (1;2)

“მითების დეტექტორი” ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებს სისტემატურად ამოწმებს. მსგავსი სტილით გაყალბებული ვიდეოებზე მასალები წარსულშიც გვაქვს მომზადებული – ისინი ხშირად სამკურნალო საშუალებებსა და ფულის გამომუშავების საინვესტიციო პლატფორმებს შეეხება. პოსტებში ხშირად არის გამოყენებული AI-ის საშუალებით დამუშავებული ან შექმნილი ცნობილი ადამიანების ვიდეოები. მათ სახელსა და კადრებს სანდოობის შექმნის მიზნით იყენებენ. პოსტებს ხშირად გადავყავართ ვებ-საიტებზე, სადაც ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი მონაცემების შეყვანას ითხოვენ. ვებ-საიტები ხშირად რამდენიმე დღის შექმნილია და თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ვრცლად წაიკითხეთ ჩვენს მასალებში.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















