12 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა “მსოფლიო ამბები” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს. მომხმარებელი პოსტს თან ურთავს კაცის დაკავებისას გადაღებულ ფოტოს, რომელზეც მას ხელბორკილები უკეთია.
დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები კაცი ისრაელის მოქალაქეა და რუსეთში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს. სინამდვილეში, ის სირიაში დააკავეს და ადგილობრივია. ოფიციალური ინფორმაციით, კაცი სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან კავშირისა და ამავე მიზეზით თავდასხმებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კაცის ფოტო რამდენიმე არაბულენოვან საიტსა თუ სოციალური ქსელის გვერდებზე იძებნება. აღსანიშნავია, რომ “მსოფლიო ამბები” ფოტოს რეალური ზომით არ ავრცელებს. ფოტოზე მოჭრილია არაბული წარწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სირიაში, კერძოდ ლატაკიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატშია გადაღებული. სრული მასშტაბის ფოტოზე არაბულად წერია: “საზოგადოებრივი უსაფრთოების დირექტორატი / ლატაკიის უსაფრთხოების დირექტორატი, სამხრეთ რეგიონი.”

იდენტური ფოტო გაავრცელეს სირიაში დაფუძნებულმა მედიასაშუალებებმაც. სირიის პრესცენტრმა, ადგილობრივმა ტელევიზიამ Syria TV და ლატაკიის რეგიონულმა პლატფორმა Latakia News დაწერეს, რომ კაცი ბაშარ ალ-ასადის მომხრე სამხედრო ორგანიზაციის “სანაპირო ფარის ბრიგადა” (Coastal Shield Brigade) წევრი იყო. აღნიშნულს კი ადასტურებს ლატაკიის გუბერნატორის პრესსამსახური. როგორც მედიები იუწყებიან, პოლიცია კაცს რამდენიმე დღე უთვალთვალებდა და საბოლოოდ, ქალაქში მოტოციკლეტით სიარულისას დააკავეს. მას ედავებიან “სანაპირო ფარის ბრიგადის” წევრობასა და ქალაქში უსაფრთოებისა და სამხედრო საგუშაგოებზე თავდასხმებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.
ამასთანავე, ინგლისურ და რუსულ ენაზე არ იძებნება ინფორმაცია, რომ რუსეთში ტერაქტის დაგეგმვის გამო ისრაელის მოქალაქე დააკავეს.
გასული წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მმართველობა დასრულდა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა აჰმედ ალ-შარაა. ასადის ოჯახი სირიას 1970-იანი წლებიდან მართავდა. რეჟიმის ცვლილებაში რამდენიმე სამხედრო დაჯგუფებაც მონაწილეობდა და მათ მიერ დედაქალაქ დამასკოს დაკავებით ასადის ოჯახის მმართველობა დასრულდა. სირიის დატოვების შემდეგ ბაშარ ალ-ასადმა თავშესაფარი რუსეთში მიიღო. ბოლო პერიოდში ასადისა და ალ-შარაას მომხრეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 6 მარტს დაწყებული შეტაკებები. “სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის” 9 მარტის შეფასებით, დაპირისპირებისას გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს უახლოვდებოდა. “მითების დეტექტორმა” სირიაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაცია გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში “მსოფლიო ამბები” ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციასა და ვიზუალურ მანიპულაციებს. გარდა ამისა, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომ ის სირიაში ბოლო დაპირისპირებისას ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით გამოირჩეოდა. ის შეტაკებებში მონაწილე ძალებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ტერორისტებს უწოდებდა და მოვლენებს სირიაში ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართულ დევნად წარმოაჩენდა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.