18 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძნული გამონათქვამები” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს (1;2;3;4;5) ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე გაშლილ კარავს ძაღლი აშარდავს.
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. ორიგინალ ფოტოში ძაღლი ასახული არ არის.
ორიგინალი ფოტო, რომელიც შემდგომ დაარედაქტირეს, “რადიო თავისუფლებას” ეკუთვნის და მას ლოგოც აქვს დართული. 18 ნოემბერს, 01:26-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მედია მიუთითებდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დამატებით რამდენიმე კარავი გაშალეს და მოქალაქეები ადგილზე ღამის გათევას და 18 ნოემბრის 20:00-მდე ყოფნას აპირებდნენ.

ფეისბუქ-მომხმარებლებმა რადიო თავისუფლების ფოტოს დარედაქტირებული ვერსია გაავრცელეს. მწვანე კარავთან დამატებულია ძაღლი, რომელიც მას აშარდავს. ორიგინალ ვერსიას მოჭრილი აქვს ლოგოც.
ღია წყაროებით ასევე იძებნება სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული (1;2;3) იგივე ძაღლის ფოტოები, რომლებშიც ის ხესთან არის გადაღებული. სწორედ ეს ფოტოა გამოყენებული აქციიდან გავრცელებული ფოტოს რედაქტირებისას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები ჰქონდათ გაშლილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მოქალაქეებმა ადგილზე 17 და 18 ნოემბერს ღამე გაათენეს. 19 ნოემბერს, დილის საათებში, ჭავჭავაძეზე საპოლიციო ძალები მივიდნენ და პროტესტის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის “ხელოვნური გადაკეტვის” შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ადგილის დატოვებაზე უარი განაცხადეს, პოლიციამ კარვები დაშალა და მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე იძულებით გადაიყვანა. ადგილზე დააკავეს 16 პირი.
“მითების დეტექტორმა” 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი ყალბი და მანიპულაციური პოსტი გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- სოციალურ ქსელში აქციაზე გიორგი ვაშაძის მიმართვის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება
- POSTV ცესკოს შენობასთან ქალების აქციის შესახებ ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს
- “უკრაინელი სნაიპერები”, რომლებიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ
- მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს საქართველოს ჰიმნის დროს შვედი პარლამენტარი ყურებზე ხელს იფარებს
- ახალგაზრდა შვედი პარლამენტარის ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული
წყაროების შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელი სიდონია ბელა ბელლ პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან ასევე დაკავშირებულია რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშიც, რომელთა სახელები პერიოდულად იცვლება: ქართველი კავკასიელი, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშებზე ხშირად ვრცელდება ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები. მათ მიერ გავრცელებული პოსტები, “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია ფეისბუქ-მომხმარებელი Dato Faika Nacvlishvili-ც. ის ხშირად ავრცელებს ყალბ ინფორმაციასა და შეცდომაში შემყვან ცნობებს, რომლებსაც “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.