9 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Advice Department / Консультационный Отдел გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას რუსულ ენაზე მიმართავს. პრეზიდენტი თიბისი ბანკის ახალ საინვესტიციო ინიციარივაზე საუბრობს, რომელიც დაბალი საწყისი ინვესტიციის შემთხვევაში, სგარანტირებულ მოგებას ითვალისწინებს. ამისათვის სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს შესაბამის ბმულზე გადასვლას და დარეგისტრირებას თხოვს, რის შემდეგაც მათ მენეჯერი დაუკავშირდებათ.
საქართველოს პრეზიდენტის სახელით გავრცელებული ვიდეოს ხმა დიპფეიქ ტექნოლოგიით დამუშავებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავთენტურ ვიდეოში, რომლის აუდიო ვერსია პროგრამულად არის დამუშავებული, სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს მიმართავს სიტყვით.
Invid-ის ინსტრუმენტით ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ავთენტური ვერსია 2022 წლის 23 მაისს გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებისადმი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვას ასახავს. ვიდეო გაეროს შესაბამისი კომისიის youtube არხზეა ატვირთული. სიტყვით მიმართვისას სალომე ზურაბიშვილი რეგიონულ და მსოფლიო გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე და საქართველოს როლზე რეგიონულ კონტექსტში, ასევე სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე ხმა არის გადადებული და სალომე ზურაბიშვილის პირის მოძრაობა ისეა შეცვლილი, რომ გადადებული აუდიო ჩანაწერის ტექსტს შეესაბამებოდეს, სწორედ ეს მიანიშნებს, რომ ვიდეო დიფფეიკ ტექნოლოგიის გამოყენებით არის დამუშავებული.
ფეისბუქ გვერდი Advice Department / Консультационный Отдел 2024 წლის 16 აპრილს არის შექმნილი და მთავარ გვერდზე მხოლოდ 2 პოსტი იძებნება, კერძოდ, პროფილის ძველი და ახალი ფოტოები. სალომე ზურაბიშვილის სახელით გაყალბებული ვიდეო გვერდის საინფორმაციო ველში ხილვადი არ არის.
იდენტური ტექნოლოგიით გაყალბებული თაღლითური პოსტი თიბისი ბანკის შესახებ რუსეთის მომღერლის სოსო პავლიაშვილის ვიდეოს გამოყენებით გავრცელდა:
იდენტური თაღლითური პოსტების შესახებ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სხვა მასალები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.